პატრიოტიზმი: ინდივიდუალური განცდიდან სახელმწიფო პოლიტიკამდე

Speakers of the debate

დისკუსიის ორგანიზატორების მცდელობის მიუხედავად, მომხსენებლებს ნაკლებად ესაუბრათ ფილმზე "ლიდერი ყოველთვის მართალია", თემა სწორედ ამ ფილმის  და პატრიოტთა ბანაკების მაგალითზე განიხილეს.  ფილმი ბანაკის ცხოვრების შესახებ გვიამბობს, აღწერილია როგორი ლოზუნგებითა და შეძახილებით  ასწავლიან  იქ პატრიოტიზმს, როგორი ურთიერთობაა ლიდერებსა და ბავშვებს შორის, როგორ სპექტაკლს დგამენ საქართველოზე, დაბოლოს, როგორ ვერ ეგუება ერთი პატარა ბიჭი ბანაკის გარემოს და შინ ბრუნდება.

რა არის პატრიოტიზმი, როგორ ესმის ეს ცნება დღეს საზოგადოებას; 
შესაძლებელია თუ არა პატრიოტიზმის  სწავლება და როგორ ისწავლება ის პატრიოტთა ბანაკებში;
რეჟისორის წინასწარგანწყობა თუ დანახული რეალობა;
ყალბი პათეტიკა და უგემოვნება;
პატრიოტიზმის პროპაგანდა ბანაკებში და მთელ ქვეყანაში;
პატრიოტთა ბანაკები - ქვეყნის მართვის შესაძლო მოდელი;
პრობლემები განათლების სისტემაში, ეთნიკური ნაციონალიზმი  და სახელმწიფოს აგრესიული პოლიტიკა იდენტობის დასანერგად - ეს იყო ის ძირითადი თემები, რომლებზეც საუბრობდნენ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში შეკრებილი ადამიანები.

როგორც დისკუსიის პირველმა მომხსენებელმა, მწერალმა ლაშა ბუღაძემ აღნიშნა, პატრიოტთა ბანაკი ვერ იქნებოდა განსხვავებული  ქართული რეალობისგან. მისი თქმით, სალომე ჯაშის ფილმი კარგად ასახავს იმ გარემოს, სადაც  საზოგადოებას ვერ გაურკვევია, როგორ ქვეყანაში უნდა ცხოვრება. ასეთი ტიპის ბანაკები სხვა ქვეყნებშიც არსებობს, მაგრამ ისინი დაცლილია ფსევდოპატრიოტული და იდეოლოგიზებული კონტექსტისა და შინაარსისგან.

ლაშა ბუღაძემ იმ  ორ სოციალურ ინსტიტუტზეც ისაუბრა, რომელიც  იდეოლოგიური რეალობების დამკვიდრებას ცდილობს. ესენია სახელისუფლებო ჯგუფი, რომლის პროექტსაც ეს ბანაკები წარმოადგენს და საქართველოს ეკლესია. ყოველივე ეს იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოში საზოგადოება დაბნეულია და ვერ ჩამოყალიბებულა, როგორ ქვეყანაში უნდა ცხოვრება. საბოლოოდ, ორივე ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი არ აღიარებს,  საბჭოური გამოცდილებით საზრდოობს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბაშვილის თქმით, ფილმი ყურადღებას პრობლემებზე ამახვილებს და ეს კარგია. თუმცა, აღნიშნა, რომ არსებობს სხვა ფილმებიც, სადაც პატრიოტთა ბანაკები  უკეთესი კუთხით არის ნაჩვენები.

მან დაწვრილებით ისაუბრა ბანაკის სტრუქტურაზე და თქვა, რომ ამ ბანაკებში მთავარი იდეა ახალგაზრდებამდე ძირითადად სწორად მიაქვთ. მთავარი იდეა კი ჩვენს ერთიანობაში მდგომარეობს.

გიორგი გაბაშვილის სიტყვებმა, რომ პატრიოტიზმი საფრთხილო თემაა, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის გაკვირვება გამოიწვია. მისი თქმით,  პრობლემა სწორედ ის არის, რომ პატრიოტიზმი საფრთხილო და სათუთ თემად მოიაზრება. გიგი თევზაძეს პატრიოტიზმი სახელმწიფოსთან იდენტობის საკითხად მიაჩნია. მისივე თქმით, ფილმიც ამაზე მიუთითებს.

გიორგი გაბაშვილმა რამდენიმე წლის წინ ქართულ საზოგადოებაში პასპორტებში ეროვნების ჩაწერასთან დაკავშირებული დისკუსია გაიხსენა. მაშინ დიდი კამათი იყო იმის თაობაზე,  პასპორტში ეროვნება უნდა ყოფილიყო მითითებულიყო თუ არა.  გაბაშვილის განმარტებით, ეს ბანაკები სწორედ იმას ასწავლის ახალგაზრდებს, რომ ქართული საზოგადოება მულტიკულტურული და მულტირელიგიურია და ტოლერანტული უნდა იყოს. 

გიორგი გაბაშვილმა აღნიშნა,  რომ პატრიოტთა ბანაკები არ არის იდეალური და იქ არის ყველა ის პრობლემა, რაც არსებობს საზოგადოებაში.

ფილმის ავტორმა, კინორეჟისორმა სალომე ჯაშმა ფილმის შექმნის იდეაზე და ისტორიაზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა გარკვეული წინასწარგანწყობა, შეეცადა, რომ ფილმზე ამას არ ემოქმედა. მისი თქმით, ფილმის გადაღების პროცესი გაიწელა, შარშანდელმა ომმა შეუშალა ხელი, თუმცა, განმუხურში იყო ჩასული და ბავშვებსაც გაესაუბრა. წინასწარი ინტერვიუების დროს ბავშვების 80% ამბობდა, რომ პატრიოტიზმი ომში წასვლას ნიშნავდა. ვარციხის ბანაკში კი  ბავშვებს არ ჰქონიათ გააზრებული, რას ნიშნავს პატრიოტიზმი, ისინი ამბობდნენ, რომ იქ არაფერი იყო პატრიოტული. სალომე შეეცადა ეჩვენებინა, როგორ იქცევიან ბანაკის ლიდერი თუ კოორდინატორი და რა მეთოდებით ცდილობენ ისინი ბავშვებს პატრიოტიზმი ასწავლონ.

"ბანაკი თავისი ბავშვებით, ლიდერებით, კოორდინატორით, ხელმძღვანელით და მოადგილეებით ჩემთვის ქვეყნის მართვის მოდელი აღმოჩნდა, ის ძალიან ჰგავდა ქვეყნის მოწყობის მოდელს", - თქვა სალომე ჯაშმა.

დისკუსიის მოდერატორმა, გიორგი გვახარიამ აღნიშნა, რომ ბანაკის მთავარი პრობლემა გემოვნების არქონაა, რადგან ის, რაც იქ ხდება,  დისკრედიტაციას უწევს ისეთ გრძნობებს, როგორიც არის რწმენა და პატრიოტიზმი.

დასასრულ, ლაშა ბუღაძემ პატრიოტიზმისა და ნაციონალიზმის მიმართებაზე ისაუბრა და ის, რომ საქართველოში ამ თემებზე ჯერ კიდევ საუბრობენ, იმით ახსნა, რომ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო მხოლოდ 18 წელიწადს ითვლის. საზოგადოებამ არ იცის თავისი ისტორია, თუნდაც უკანასკნელი ოცი წლის მოვლენები, და ამიტომაც რჩება პათეტიკურ ტალღაზე.  ბუღაძის თქმით, ქვეყნებში, სადაც კარგად გაიაზრეს საკუთარი ისტორია  და საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, მსგავსი პრობლემები რამდენიმე საუკუნის წინ მოილიეს, აღარც ისეთ ტერმინებს ხმარობენ, როგორიცაა ,,ნაციონალიზმი'' და ,,პატრიოტიზმი''.

ვრცელი მიმოხილვა ქართულ ენაზე (pdf, 16 გვ., 179 კბ)



[external_media:youtube.com/watch?v=jfCers8J-_Q&feature=player_embedded#]