კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა

Კითხვის დრო: 4 წუთი

თანამშრომლობა საპატრიარქოსთან, ძეგლთა დაცვის სისტემის გაუმართაობა, ატენის სიონისა და დავით გარეჯის პრობლემები, კინოთეატრი "აპოლო'' და მისი შემდგომი ბედი, ქართული ძეგლების რესტავრაცია თურქეთში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები კონფლიქტურ რეგიონებში, შატილის კოშკები, თბილისის ძეგლების მერიისთვის გადაცემა, დარგის პოლიტიზება, ხალხური არქიტექტურის პრობლემები, საზოგადოების არაინფორმირებულობა - ეს იყო თემები, რომლებმაც დარბაზში დამსწრე საზოგადოების ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია. მაგრამ მანამდე, დისკუსიის დასაწყისში, მოდერატორმა გოგი გვახარიამ მომხსენებლებს მთავარი შეკითხვით - არის თუ არა საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა, და თუ არის, როგორია იგი, მიმართა და დისკუსიის მომხსენებლებმაც თავიანთი გამოსვლა ამ საკითხზე მსჯელობით დაიწყეს. 

კითხვის პირველ ნაწილს მომხსენებლებს შორის კამათი არ გამოუწვევია, მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა. "შემიძლია გითხრათ, რომ კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკა სახელმწიფოში არსებობს. კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკა გახლავთ ის, რაც მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმებს'', ბრძანა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა და იქვე განმარტა, რას გულისხმობს ეს მექანიზმები: ძეგლების აღრიცხვა-პასპორტიზაცია, რისკების განსაზღვრა, ამის შემდეგ დაუყოვნებლივი რეაგირება და პრევენციული კონსერვაცია.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თქმით, მეორე პარალელური მიმართულებაა ძეგლების მეცნიერულად ინტერპრეტირებული აღრიცხვა. მისივე განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არ იყოს ფოკუსირებული მხოლოდ ერთ სფეროზე და ყველა არსებულ სფეროს მოიცავდეს. 

არქიტექტორ კოკა ამირეჯიბის თქმით, "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, დღეს საქართველოში ამ დარგში არაერთგვაროვანი სურათია. ჩვენში კულტურული მემკვიდრეობა, სამწუხაროდ, ისევეა დაცული, როგორც სხვა ყველაფერი. იმიტომ რომ ქართველები ვართ... ზიგზაგებით დავდივართ ამ გზაზე. დღევანდელი ფაზა, ამ საქმეში უფრო ქვევით სვლაა, ვიდრე ზევით'', თქვა მან და შეეცადა განემარტა ამის გამომწვევი მიზეზები. 

კოკა ამირეჯიბმა კულტურის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებულ, თბილისისა და ბათუმის ისტორიული კულტურული საყრდენი გეგმების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. ძეგლების აღრიცხვა, პასპორტიზაცია, ინვენტარიზაცია, იდენტიფიკაცია, გეოინფორმაციული სისტემების გამოყენება - კოკა ამირეჯიბის თქმით, ეს ყველაფერი უმაღლეს დონეზეა  გაკეთებული. 

ამის შემდეგ არქიტექტორმა იმ დაღმასვლის მიზეზებზე ისაუბრა, რომელიც თავისი მოხსენების დასაწყისში ახსენა და თქვა, რომ 2008 წლის ივნისში პარლამენტის მიერ კულტურული მემკვიდრეობის კანონში ცვლილებების შეტანამ ამ საქმეს სერიოზული ზიანი მიაყენა. როგორც კოკა ამირეჯიბმა განმარტა, ამ ცვლილებებმა ხელ-ფეხი გაუხსნა ინვესტორებს და არაკეთილსინდისიერ მენაშენებს, რომ მათ არაკორექტული ინტერვენციები შეეტანათ ძეგლებში, რაც სერიოზული ხარვეზი იყო.

კოკა ამირეჯიბმა  ის კონკრეტული მაგალითებიც დაასახელა, რომლებმაც საზოგადოების ყველაზე დიდი პროტესტი და უკმაყოფილება გამოიწვია, მათ შორის მირზა შაფის ქუჩა, რიყე, ჯავახიშვილის დაღმართი და იმელის შენობა. 

დისკუსიის მესამე მომხსენებელი, არქიტექტორ-რესტავრატორი ნესტან თათარაშვილი მთავარ პრობლემად იმას მიიჩნევს, რომ პროექტების ავტორებს, არქიტექტორებს ნაკლები ძალაუფლება აქვთ, საპროექტო სამუშაოს შესრულების შემდეგ მათ აღარ ეძლევათ საშუალება, შემდგომ სამუშაოებშიც მიიღონ მონაწილეობა და ჩაერიონ თუნდაც დაფინანსების საკითხებში, რასაც საბოლოოდ ძეგლის რეაბილიტაციისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 

მისივე თქმით, იმაზე არავინ დავობს, რომ სახელმწიფოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა არსებობს, მაგრამ ამ პოლიტიკის განსაზღვრისას სერიოზული შეცდომები იყო დაშვებული, სისტემური ცვლილებების ნაცვლად, რასაც ეს დარგი მოითხოვდა, პატარ-პატარა სამუშაოები ჩატარდა.

ნესტან თათარაშვილის თქმით, მეცნიერება და ძეგლის რესტავრაცია სინთეზური პროცესი უნდა იყოს, რაც წლების განმავლობაში დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მანვე ერთ-ერთ პრობლემად კულტურის სამინისტროსთვის თბილისის ძეგლების მოვლა-პატრონობის უფლების ჩამორთმევა და თბილისის მერიისთვის ამ საკითხების გადაცემა დაასახელა. უმთავრეს პრობლემად კი მომხსენებელს ამ დარგის პოლიტიზება მიაჩნია და ამბობს, რომ დარგს პროფესიონალები უნდა წარმართავდნენ და არა პოლიტიკოსები. 

მოდერატორმა გოგი გვახარიამ გულისტკივილით აღნიშნა, რომ მომხსენებლებმა ნაკლებად გაამახვილეს ყურადღება იმ მთავარ პრობლემაზე, რომელიც არის საკულტო არქიტექტურის რესტავრაციასთან დაკავშირებით და რაც ფარისევლურ დამოკიდებულებაში გამოიხატება, და არც იმაზე უსაუბრიათ, თუ ვინ ქმნის პრობლემებს და წინააღმდეგობებს ამ საქმიანობაში. მისივე თქმით, ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა, ხშირად შედარებით უმნიშვნელო ობიექტებს უფრო მეტი ყურადღება ექცევა და არავინ აპროტესტებს სომხური და კათოლიკური ეკლესიების სავალალო მდგომარეობას. 

ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თქმით, კანონით, სახელმწიფო იცავს ყველა ძეგლს მისი წარმომავლობის მიუხედავად, იქნება ეს სომხური, აზერბაიჯანული თუ კათოლიკური. თუმცა რეალურად, ბიუჯეტიდან ძირითადი თანხა იმ მემკვიდრეობაზე იხარჯება, რომელიც განსაზღვრავს პირველ ყოვლისა საქართველოს იდენტურობას. მანვე თქვა, რომ ბალანსის დაცვაც ხერხდება და ამის მაგალითად დაასახელა ონის სინაგოგა და ოსმალური ძეგლები, რომლებსაც უკვე ჩაუტარდა  რესტავრაცია.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ასევე ახსენა სომხური ეკლესიების თემა, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება და თქვა, რომ მთავარი პრობლემა იურიდიული ხასიათისაა და ძეგლების მფლობელების განსაზღვრაში მდგომარეობს, ეს კი ძალიან რთულ და სენსიტიურ საკითხებთან არის დაკავშირებული და სცდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროს. "სომხურ ტაძრებს არ ჰყავს იდენტიფიცირებული მომვლელი და მრევლი, თუ ეს პრობლემა გადაილახება და სახელმწიფო ჩადებს ფულს, აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ საპირწონედ სომხეთში არსებული ქართული ძეგლების რეაბილიტაცია, იმიტომ რომ ანალოგიური პრობლემები არსებობს სომხეთშიც", როგორც საქართველოში, ისე სომხეთში ამ ძეგლების რესტავრაციისთვის თანხები ურთიერთშეთანხმებით უნდა დაიხარჯოს, განმარტავს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.

ვრცელი მიმოხილვა ქართულ ენაზე (pdf, 18 გვ., 142 კბ)