განათლების რეფორმა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, ახალი გამოწვევები და პერსპექტივები დევნილთათვის - წყალტუბო

Კითხვის დრო: 3 წუთი

წყალტუბოში 22 ოქტომბრის საჯარო დებატები განათლების სისტემის რეფორმებსა და გამოწვევებს, დევნილი საზოგადოებისათვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის  პრობლემატიკას, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და იმ პირობების შესახებ დისკუსიას დაეთმო, რომელშიც უწევთ საქმიანობა პედაგოგებს. სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული საკითხები და ყოფითი პრობლემები, რომლებიც დისკუსიიდან დისკუსიამდე არ იცვლება, ერთ მთლიან ფონად მიყვება დევნილ საზოგადოებასთან საუბრებს როგორც განსახლების, ისე განათლების რეფორმის თემაზე.

მომხსენებლებმა ნანული რამიშვილმა და გიორგი მასალკინმა დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა გააცნეს. მათ ისაუბრეს ახალ ინიციტივებზე, ახალ საგნებზე, რომლებიც დაინერგა სკოლებში, მანდატურების ინსტიტუტზე, ახალ სახელმძღვანელოებზე და პედაგოგთა სერთიფიცირების მნიშვნელობაზე. მათ აუდიტორიას საკუთარი მოსაზრებები გააცნეს იმ ფინანსურ რესურსებზეც, რაც ბოლო წლების განმავლობაში განათლების სისტემის განვითარებისთვის გამოიყო.  ფსიქოლოგმა ეკატერინე ფირცხალავამ იმ ფსიქოლოგიურ გარემოზე ისაუბრა, რომელიც ახლავს დევნილობას და სტიგმის პრობლემაზე ისაუბრა. 

წყალტუბოში გამართული დებატები კვლავ ყველაზე მწვავე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ წყალტუბოს საჯარო სკოლებში მანდატურები ჯერ არ შესულან, ამ საკითხმა დარბაზში მყოფი ადამიანების დიდი დაინტერესება გამოიწვია. წყალტუბოს ყოფილ სანატორიუმებში ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილები კვლავ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ სადისკუსიო თემის მიმართ და საკუთარ მოსაზრებებსაც აქტიურად უზიარებდნენ დისკუსიის მომხსენებლებს:

"განათლების სისტემაში რეფორმა ძალიან მომწონს. ზუსტად მიესადაგება 21-ე საუკუნეს, მაგრამ ჩვენი ცხოვრების დონე, არ ვიცი, რომელ საუკუნეს მიესადაგება... გარდა ამისა, რეფორმა როგორი კარგიც არ უნდა იყოს, პრაქტიკულად ვერ ხორციელდება. სადამრიგებლო რვეულები მოგვცეს, იმდენი დრო უნდა, მარტო ეს რომ აკეთო, სხვა აღარაფრისთვის დაგრჩება დრო" (შუახნის ქალბატონი, პედაგოგი).

"ჩვენს სკოლაში ვერც ერთი დევნილი ბავშვი ვერ იტყვის, რომ არ არის თბილ გარემოში, ინტეგრირებული ადგილობრივ მოსახლეობასთან.. ჩვენთან ასამდე დევნილი მოსწავლეა. ძალიან კარგი პროგრამა იყო წელს განათლების სისტემაში, დევნილ მოსწავლეებს წიგნები დაურიგეს, მაგრამ ვწუხვარ, რომ ყველა დევნილს არ შეხვდა სახელმძღვანელოები. არ ვიცი, რა კრიტერიუმებით უდგებიან ამ საკითხებს. ან იქნებ სკოლას გამოუყონ თანხა სახელმძღვანელოების შესაძენად, რომ ბავშვებს ბიბლიოთეკაში მაინც შეეძლოთ მეცადინეობა" (წყალტუბოს პირველი სკოლის დირექტორი).

"მივესალმები ვიდეოთვალის დამონტაჟებას, იმიტომ რომ სკოლა ძალიან დიდია და რამდენი პედაგოგიც არ უნდა იყოს, ყველა კუთხე-კუნჭულს ვერ გავწვდებით, მაგრამ გუშინ გავიგე, რომ სკოლამ ამ მომსახურებისთვის 4 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. მივესალმები მანდატურების შესამოსვლას და მასწავლებელთა სერთიფიცირებასაც" (სკოლის დირექტორი). 

"ბევრჯერ უთქვამთ ჩვენთვის, რომ უნდა გამოვცოცხლდეთ და ჩვენი სიტყვა ვთქვათ. ბევრჯერ გვითქვამს ჩვენი სიტყვა სხვადასხვა დონის შეხვედრაზე, მაგრამ პასუხს ვერ ვღებულობთ" (შუახნის მამაკაცი).

"მივესალმები რეფორმას და კონკრეტულად ათი გამოსაშვები გამოცდის შემოღებას. ჩემი შვილი ამბობს, რომ ამ გამოცდებმა სწავლისკენ მოაბრუნა ბევრი ისეთი მოსწავლე, რომელსაც ხელი ჰქონდა აღებული სკოლაზე" (შუახსნის ქალბატონი).

"განათლება და ფინანსები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. თუ არ გაქვს ფინანსები, ვერ მიიღებ ხარისხიან განათლებას. ჩვენ არ გვაქვს ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება".

სხვა მოსაზრებებიც გამოითქვა. ერთი შუახნის მამაკაცი მიესალმება სკოლებში მანდატურების შესვლას, თუმცა  ამბობს, რომ მათ მასწავლებლები კი არა, მოსწავლეები უნდა აკონტროლონ. ბატონი აღშფოთებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ სკოლებში "ქმარსგაშორებული გოგოები" და "ფეხმძიმე  ბავშვები" დადიან. როდესაც მოდერატორი შეეცადა, მისთვის აეხსნა, რომ საღამოს სკოლები აღარ არსებობს და მათ სხვა გზა არა აქვთ, მან შეიცხადა და თქვა, რომ ასეთი პასუხის მოსმენას არ აპირებს და დისკუსიის ორგანიზატორებს სთხოვა, ეს საკითხი ზემდგომ ორგანოებს მიაწვდინონ. ამ თემამ უფრო დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დარბაზში, ვიდრე განათლების რეფორმის კონკრეტულმა საკითხებმა. ამ თემაზე კომენტარი სკოლის დირექტორმაც გააკეთა და თქვა, რომ მართალია ეთანხმება გამოთქმულ საჩივარს, მაგრამ კანონის მიხედვით, თუკი ბავშვს სწავლის გაგრძელების სურვილი აქვს, მას არ აქვს მისი სკოლიდან გაშვების უფლება.