ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

Კითხვის დრო: 2 წუთი

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც მართლმსაჯულებს პროცესში არაპროფეესიონალ მოსამართლეთა ჩართულობას გულისხმობს  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია. სულ ახლახანს ეს ინსტიტუტი ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღებით საქართველოშიც იქნა დამკვიდრებული.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება იმ მნიშვნელოვანი რეფორმის ნაწილია რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობილი სისხლის სამართლის სისტემის შექმნას.

ამ ინსტიტუტს საქართველოში ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს. ხშირად მის საწინააღმდეგო არგუმენტად მოყვანილია ის ფაქტი, რომ მსოფლიოში შეინიშნება ნაფიც მსაჯულთაინსტიტუტის შემცირების ტენდენცია. თუმცაღა ასეთი მსოფლიო პრაქტიკის მიუხედავად საქართველომ ეს მექანიზმი ახლახან აამოქმედა იმ მოტივით რათა ხელი შეუწყოს ჯანსაღი და ეფექტიანი სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემის დამკვიდრებას და საზოგადოების მეტ ჩართულობასა და ნდობის აღდგენას სასამართლო სისტემისადმი.

რა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოჰყვება ამ ახალი ინსტიტუტის დანერგვას ამას ამ მექანიზმის ამოქმედება და დრო გვიჩვენებს თუმცა მანამდე საპროცესო კოდექსის ცვლილებებზე ჰაინრიხ ბიოლის ფონდში მოწვეულმა იურისტებმა იმსჯელეს.

2010 წლის 3 ნოემბერს გამართული დისკუსია ბიოლის ოფისში სწორედ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვას შეეხებოდა. დისკუსიის ძირითად მომხსენებლებს წარმოადგენდნენ გიგლა აგულაშვილი – ექსპერტი საქართველოს იურისტთა ასოციაციიდან, ოთარ კახიძე – იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, კახა წიქარიშვილი – სასამართლო ადმინისტრირების და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე და ავტორი წიგნისა: “ნაფიც მსაჯულთა სასამართლო (დასავლური სისტემების მიმოხილვა)”, ვახტანგ ხმალაძე – ექსპერტი, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი, და გიორგი შავლიაშვილი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. დისკუსიის მოდერატორს ამჯერადაც სამართლის პროფესორი და უზენასეი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მინდია უგრეხელიძე წარმოადგენდა.

მომხსენებელმა გიგლა აგულაშვილმა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დემოკრატიის გზაზე და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა ნაფიცი მსაჯულები არიან ადამიანები რომელთაც შეუძლიათ “გააკონტროლონ ხელისუფლება და უარი თქვან უსამართლო კანონის აღსრულებაზე”.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ ყურადღება გაამახვილა ახალი კანონის იმ ასპექტზე რომელიც საზოგადოების მონაწილეობასა და ჩართულობას გულისხმობს მართლსაჯულების პროცესში: “იმას, თუ რა არის სამართლიანი ან უსამართლო, განსაზღვრავს თავად საზოგადოება. საზოგადოება აფასებს, რამდენად სამართლიანია კანონი, რამდენად სამართლიანი იყო სასამართლო ამ კანონის შეფარდებისას ან გამოყენებისას”.

კითხვაზე თუ რატომ გახდა საქართველოში აუცილებელი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება დისკუსიაზე მოწვეულმა მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს რამოდენიმე ასპექტს: პირველი, რომ ეს ინსტიტუტი ხელს უწყობს შეჯიბრებითობის პროცესის დამკვიდრებას, მეორე – რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება არის საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მესამე საკითხია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საზოგადოების მხრიდან პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, ხოლო მეოთხე მნიშვნელოვან არგუმენტს წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ და კანონის უზენაესობის მიმართ რწმენის ამაღლება საზოგადოებაში.