რეგიონში დაგეგმილი მსხვილი ინდუსტრიული პროექტები და გარემოსდაცვითი პრობლემატიკა

Კითხვის დრო: 3 წუთი
ფოთის პორტი

მსხვილი ინდუსტრიული პროექტები, რაც ფოთსა და რეგიონში ხორციელდება ან დაგეგმილია, შესაძლოა, დიდი ეკოლოგიური პრობლემების მიზეზიც გახდეს. საზოგადოების ყურადღება ეკონომიკური სირთულეების მოგვარებისკენაა ფოკუსირებული. ამგვარ გარემოში რთულია გარემოსდაცვითი საკითხების ადვოკატირება, მაგრამ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით 26 ნოემბერს ორგანიზებულ დისკუსიაზე აზრთა საინტერესო გაცვლა-გამოცვლა მაინც შედგა.

მთავარ მომხსენებლად ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი და ექსპერტი გარემოსდაცვით საკითხებში ირაკლი მაჭარაშვილი, ასევე ”ფოთის თემის განვითარების ცენტრის” მენეჯერი გიორგი მოისწრაფიშვილი იყვნენ მოწვეულები. შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაცია ”მწვანე  ალტერნატივის” აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე, ფოთის თვითმმართველობის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ასევე დაინტერესებული ახალგაზრდები სხვადასხვა კლუბიდან და გაერთიანებიდან.

შეხვედრაზე თავიდანვე ითქვა, რომ დიკუსიის ორგანიზებისას ძალიან გართულდა მეორე მხარის - მსხვილი ინდუსტრიული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების მოწვევა. ”რაკია საქართველო - თავისუფალი ინდუსტრიული ზონის” წარმომადგენლები დისკუსიით არ დაინტერესდნენ (თუმცა შეხვედრას ესწრებოდა ია ლიპარტელიანი ფოთის საზღვაო ნავსადგურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან). უცნაური იყო, რომ კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლების მოწვევაც ვერ მოხერხდა, რადგან დაცული ტერიტორიების სამმართველოში, სადაც მათთვის შეხვედრაზე დასწრების უფლება უნდა მიეცათ, ვერ დაინახეს კავშირი დისკუსიის თემასა და ეროვნულ პარკს შორის. ამიტომ, როგორც ირაკლი მაჭარაშვილმა დისკუსიის დასაწყისში განაცხადა, ერთგვარად ”ცალ კარში თამაში” გამოვიდა.

შეხვედრის მოდერატორმა ირაკლი აბსანძემ თავიდან საზოგადოების ყურადღება იმ საფრთხეზე გაამახვილა, რაც გარემოსდაცვით თემატიკაზე მომუშავე ჯგუფებს ექმნებათ. მისი თქმით, შესაძლოა, საზოგადოების თვალში ამ ჯგუფების მარგინალიზება მოხდეს. მოსახლეობა, რომელიც სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად გამოსავალს მსხვილ ინდუსტრიულ პროექტებში ხედავს, კარგად ინფორმირებულობის გარეშე, ვერ გაუგებს ჯგუფებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, ბაყაყებისა და ჭაობების დასაცავად ინდუსტრიული პროექტების წინააღმდეგ მუშაობენ.

სამოქალაქო საზოგადოების არააქტიურობაზე და გარემოსდაცვითი პრობლემატიკის მიმართ დაბალ მგრძნობელობაზე ირაკლი მაჭარაშვილმაც ისაუბრა. მან შეხვედრის მონაწილეებს კიდევ ერთხელ შეახსენა კოლხეთის ეროვნულ პარკში დაცული ბიომრავალფეროვნების უნიკალურობა. აღნიშნა, რომ გამყინვარების დროინდელ რეფუგიუმს, რაც აქ შემოგვრჩა, დედამიწაზე ანალოგი არა აქვს.

გიორგი მოისწრაფიშვილის კითხვაზე, ეკონომიკურად რა უფრო მომგებიანია ქვეყნისთვის - პორტების, აეროპორტების მშენებლობა და ხალხის იქ დასაქმება, თუ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ექსპერტმა საინტერესო პასუხი გასცა.

”21-ე საუკუნის ადამიანები, განვითარების შედეგად, მიხვდნენ, რომ ინდუსტრიული პროექტების განხორციელება და რაღაც კომპრომისებზე წასვლა აუცილებელია, მაგრამ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, შორეულ პერსპექტივაში, შესაძლოა, უფრო მომგებიანი იყოს. ამიტომაც გაჩნდა ტერმინი ”მდგრადი განვითარება”. ირაკლი მაჭარაშვილმა კონკრეტული მაგალითით განმარტა, რა საფრთხეს შეიცავს ბიომრავალფეროვნების განადგურება. თუ ადამიანები, მომავალში, მხოლოდ რამდენიმე ჯიშის მცენარითა და შინაური ცხოველებით გამოიკვებებიან და ენდემური სახეობები განადგურდება, კაცობრიობა დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდება - რამდენიმე კონკრეტული ვირუსის გამოჩენამ, შესაძლოა, პლანეტის მთელი ბიოლოგიური მასა გაანადგუროს.

რეგიონის პრობლემებზე საუბრისას ირაკლი მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ რთულია ჰიპოთეთურად არსებულ პროექტებზე საუბარი. პრეზიდენტის მიერ ანონსირებული ფოთის აეროპორტის პროექტი არ არსებობს. ამდენად, ძნელია ვისაუბროთ, შეიცავს თუ არა ეს იდეა გარემოსდაცვით საფრთხეს. ან, სულაც, განხორციელდება თუ არა იგი რეალურად.

ნინო გუჯარაიძემ განმარტა, რაოდენ რთულია მიმდინარე და განხორციელების ეტაპზე მყოფი პროექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. რომ, ხშირად, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიების რეალური მფლობელების გარკვევა შეუძლებელია. ამიტომ, ”მწვანე ალტერნატივა” გარემოსდაცვითი პრობლემების ადვოკატირებისას, ხშირად, იმ მსხვილ ბანკებს მიმართავს, რომლებიც პროექტებს აკრედიტებენ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და საქართველოში აქტიური სხვა მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები გარემოსდაცვითი პერსპექტივების შესწავლასა და ანალიზს საკუთარი შიდასარეგულაციო წესებით არეგულირებენ. გაწერილია, ასევე, პროექტების განხილვის ეტაპზე საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. ამ მექანიზმის გამოყენება აუცილებელი ხდება ხოლმე საქართველოში, რადგან ჩვენი კანონმდებლობა ამ მხრივ ძალიან დასახვეწია.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ბიომრავალფეროვნების განადგურების მაგალითი ფოთში პალიასტომის ტბაზეც გვაქვს. აქ, შავ ზღვასთან შემაერთებელი ხელოვნური არხის გაყვანის შემდეგ ტბის წყალი გამლაშდა და, ჟურნალისტ ლაშა ზარგინავას თქმით, თევზის 38 ენდემური ჯიშიდან ოთხიღაა დარჩენილი.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმნენ, რომ აუცილებელია საზოგადოების ყურადღების გარემოსდაცვით თემატიკაზე გამახვილება, განსაკუთრბით ისეთ ინდუსტრიალიზაციის ეტაპზე მყოფ რეგიონში, როგორიც ფოთია. ითქვა, რომ,  ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით,  არასამთავრობო სექტორი, ადგილობრივი ხელისუფლება და მედია მოკავშირეებად შეიძლება მოვიაზროთ. ამ გზით გაიზრდება საზოგადოების მგრძნობელობა ეკოლოგიურ თემატიკასთან დაკავშირებით და ამ თემაზე სამომავლოდ გამართული დებატები, შესაძლოა, უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდეს.