მედია როგორც კონტროლის მექანიზმი კახეთში

კახეთის რეგიონის მედია ლანდშაფტი ბოლო დროს კიდევ უფრო კარგად გამოიკვეთა საბიუჯეტო დაფინანსებისა და სარედაქციო გავლენის მიხედვით, რაც პირობითად სამ ნაწილად შეიძლება დავყოთ:
1. თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია საშუალებები, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან; გამონაკლისია მხოლოდ მცირე სარეკლამო შემოსავლები ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რაც მედია კომპანიების საერთო ფინანსირებაში მიზერულ ნაწილს წარმოადგენს;
2. გაზეთები და ტელევიზიები ბიუჯეტის დაფინანსებითა და სრული სახელისუფლო გავლენით;
3. მედია საშუალებები, რომლებიც წლების განმავლობაში რეგულარულ საბიუჯეტო დოტაციას იღებენ, თუმცა დონორების წყაროების მისაღებად ცდილობენ სარედაქციო პოლიტიკა დამოუკიდებელი და გამჭირვალე გახადონ.

ამ სამეულში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს პირველი მათგანის, სრულად თავისუფალი მედიის მდგომარეობა, რომელიც მწირი სარეკლამო ბაზრის პირობებში ძალზე რთულად ახერხებს განვითარებას. უარს ამბობს რა საბიუჯეტო რესურსებზე და, ფაქტობრივად, მხოლოდ დონორების დაფინანსების იმედად არსებობს.

ერთ-ერთი ასეთი მედია საშუალება არის, მაგალითად, რადიო "ჰერეთი", რომელსაც 2010 წელს ბიუჯეტიდან არც ერთი ლარი არ მიუღია. რადიო "ჰერეთში" განმარტავენ, რომ სარეკლამოდ "ჰერეთის~ ეთერი მხოლოდ 2009 წელს დაეთმო ლაგოდეხის საკრებულოს, რომელმაც რადიო სადგურს მომსახურებისათვის სარეკლამო რგოლი დაუკვეთა.

საბიუჯეტო დოტაციის გარეშე გამოიცემა გაზეთი "კახეთის ხმაც", რომელიც არც სახელმწიფო და არც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, გამონაკლისია მხოლოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტი, რომლის თანამონაწილეობით  გაზეთის ყოველთვიური ჩანართი "სიღნაღის ხმა" გამოიცემა. პროექტი გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდის GTZ-ის ფინანსური მხრდაჭერით დაიწყო და დღემდე გრძელდება.

მედია ექსპერტ ზვიად ქორიძის აზრით, მედიის განვითარებისათვის საჭიროა ღია და გამჭირვალე სივრცე. ეს ეხება მფლობელობასაც და დაფინანსების წყაროებსაც.

ამავე დროს შეეხო "ტელეკომპანია გურჯაანს", რომლის სარედაქციო პოლიტიკა ბოლო დროს მნიშვნელოვნად შეიცვალა და იმის მიუხედავად, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდება, თავისუფალი მედიის პრინციპებით მაუწყებლობას აქტიურად ცდილობს.

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მოსაზრებით, კახეთის მედიის მთავარი პრობლემა მწირი სარეკლამო ბაზარი, სადისტრიბუციო ქსელის არ არსებობა და ჟურნალისტური რესურსების სიმცირეა.

"ჩვენ მოწმე ვართ, რომ ჟურნალისტები საჯარო სამსახურებში აქტიურად გადადიან სამუშაოდ, კვალიფიციური ჟურნალისტური რესურსი კი თითქმის არ არსებობს, იმის მიუხედავად, რომ სამ პროექტს ვახორციელებთ და ხელფასებიც ნორმალურია, ჟურნალისტური რესურსის სიმწირეს განვიცდით,"- აღნიშნა მან საკუთარ მოხსენებაში.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საჯარო შეხვედრაზე კახეთის რეგიონის ჟურნალისტებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. კონსერვატიული პარტიის თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი მოსიაშვილის განცხადებით, კახეთის მედია ძალიან აქტიურია. თუმცა უკმაყოფილობა გამოხატა თელავის საკაბელო არხ "გორდას" მიერ მაესტროს ტრანსლაციის შეწყვეტის გამო. მანვე უარყოფითად შეაფასა ტელეკომპანია "თანამგზავრში" გადაცემა დიალოგის ეთერის შეკვეცა, რაც კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გამო მოხდა და მოსახლეობის დიდ ნაწილს საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემის ხილვის შესაძლებლობა აღარ აქვს.

მედიის თავისუფლების საკითხებზე მსჯელობისას აღინიშნა, რომ ერთ-ერთი პრობლემა საჯარო ინფორმაციის მიღებაცაა. ინფორმაციის მოპოვებასთან ერთად კახეთში დღემდე პრობლემურია პრეს სამსახურების წარმომადგენელთა არაპროფესიონალიზმი და ინფორმაციის დაბლოკვა, რაც მხოლოდ ცენტრალური მედიების წარმომადგენელთა ინფორმირებით და ადგილობრივი ჟურნალისტების იგნორირებით გამოიხატება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი გოზალიშვილის განცხადებით, ჟურნალისტებთან აქტიურად თანამშრომლობენ და არც ინფორმაციის გაცემის მხრივ არსებობს პრობლემა. შეხვედრაზევე ითქვა, რომ მედიასთანყველაზე მეტად გახსნილი გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებია.

ჟურნალისტ ხათუნა გოგაშვილის ინფორმაციით, პრეს სამსახურის წარმომადგენელთა და ხელისუფალთა მხრიდან უნდა მოხდეს პრობლემის აღიარება და ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემა.

"ხშირია შემთხვევა, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ღონისძიების დროს მხოლოდ ცენტრალური მედია საშუალებების ინფორმირება ხდება, ხოლო ადგილობრივ ჟურნალისტებს იგნორირებას უკეთებენ”, - განაცხადა მან.

ჟურნალისტი მადონა ბატიაშვილი კი პრეს სამსახურების წარმომადგენელთა დაბალ კვალიფიკაციას შეეხო და აღნიშნა, რომ საჭიროა მათი მომზადება.

"ჩვენ ჟურნალისტები მუდმივად ვიმაღლებთ კვალიფიკაციას, გვიტარდება ტრეინინგები, ვსწავლობთ, მაგრამ სამწუხაროდ, მეორე მხარე, ვინც ვალდებულია გასცეს ინფორმაცია, არ არის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, რაც იწვევს პრობლემებს", - განმარტა მან.

შეხვედრას სამოქალაქო ინიციატივების ცენტრმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით უმასპინძლა ამჯერადაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საჯარო შეხვედრა მოამზადა თემაზე: მედია, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტი კახეთში, რომლის მოდერატორი ტელეკომპანია გურჯაანის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ალექსიშვილი, ხოლო მომხსენებლები ჟურნალისტები: ხათუნა გოგაშვილი და გელა მთივლიშვილი იყვნენ.