რა მოიაზრება ოჯახურ ძალადობაში, რა არის ოჯახში ქალზე ძალადობის მიზეზები, ძალადობის რა ფორმები გამოიყოფა, რამდენად კარგად აქვს გაცნობიერებული საზოგადოებას ის, თუ რას ნიშნავს ძალადობა ოჯახში ან მის გარეთ. შეუძლია თუ არა მსხვერპლს თავიდან აირიდოს ძალადობა, ან არის თუ არა ის ძალადობის გამომწვევი, ვინ არის მეტწილად ძალადობის მსხვერპლი, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური ფონი ამ პრობლემასთან მიმართებაში, რატომ არ ინტერესდება მედია ამ პრობლემით, და თუ ინტერესდება, როგორ აშუქებს ამ პრობლემებს, რა სახის დახმარებას სთავაზობს მოქალაქეებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი და პროექტის ფარგლებში შექმნილი თავშესაფრები, ადვილია თუ არა ადამიანებისგან იმის აღიარება, რომ ძალადობის მსხვერპლები არიან, როგორია საქართველოს კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით, რამდენად ხელმისაწვდომია კანონი ძალადობის წინააღმდეგ ფართო საზოგადოებისთვის, რამდენად ქმედითია "შემაკავებელი ორდერი", როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა და სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი - ამ საკითხებს მიეძღვნა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში 2010 წლის 1 დეკემბერს გამართული საჯარო დისკუსია, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია და ამაზე სავსე დარბაზიც მეტყველებდა და დასმული შეკითხვებიც.
დისკუსიის დაწყებამდე ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას 2006 წელს ქალთა საკონსულტაციო ცენტრის, ,,სახლის'' მიერ ოჯახში ძალადობის შესახებ გადაღებული ფილმი შესთავაზა. შემდეგ კი 2009 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ საქართველოში ამავე თემაზე ჩატარებული კვლევის რამდენიმე შედეგიც გააცნო. როგორც ირკვევა, ქორწინებაში მყოფი ყოველი მეთერთმეტე ქალი საქართველოში ფიზიკური ძალდობის მსხვერპლია. გამოკვლეულთა 35,9% აღნიშნავს, რომ მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან გამოუცდია ძალადობის სხვადასხვა ფორმა ქცევის კონტროლის მიზნით. ქალთა 78,3% მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალდობის ფაქტები ოჯახში უნდა დარჩეს, 34,1% კი ქმრის მიერ ქალის ცემას ამართლებს და აცხადებს, რომ კარგი ცოლი ცემას არ დაიმსახურებს.
დისკუსია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი თექვსმეტდღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა. მომხსენებლებმა, თამარ საბედაშვილმა, ირინა ჯაფარიძემ, მარი მესხმა და რუსუდან ფხაკაძემ საზოგადოებას თავიანთი ორგანიზაციების მიერ წლების განმავლობაში ამ კუთხით ჩატარებული სამუშაო და ის კონკრეტული შედეგებიც გააცნეს, რაც ამ საქმიანობას მოჰყვა. დღეს საქართველოში უკვე არის კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, მუშაობს "შემაკავებელი ორდერი", არსებობს თავშესაფრები, რომლებსაც თავს აფარებენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ.
მარი მესხის თქმით, კანონის მიხედვით, ძალადობის რამდენიმე ფორმა არსებობს: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური და იძულება, თუმცა ეს ფორმები ხშირად ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. რუსუდან ფხაკაძე ამბობს, რომ ძალადობა ყველგან ერთნაირია, მას საზღვრები არ გააჩნია, თუმცა მაინც შეუძლია თქვას, რომ საქართველოში ფსიქოლოგიური ძალადობა ბევრად უფრო ხშირია და ბევრად უფრო ტაბუირებულიც არის. "დიდი დებატები იმართებოდა იმაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ, როცა ერთი კერძო პირი მეორე კერძო პირზე ძალადობრივ ქმედებას ახორციელებს. საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდა, რომ სახელმწიფოს ნამდვილად აკისრია მოვალეობა, რაც ისეთი გარემოს შექმნაში გამოიხატება, სადაც ასეთი ფაქტები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. თუ სახელმწიფო ამას ვერ აკეთებს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით და პოლიტიკით, ამაზე მას მოეთხოვება პასუხი", განმარტავს თამარ საბედაშვილი.
დისკუსიაზე იმაზეც იყო საუბარი, ძალადობის პრობლემა არის თუ არა დაკავშირებული სოციალურ ფონთან, თუ უფრო ღრმა ფესვები აქვს და საზოგადოების ცნობიერებაში და ურთიერთობისადმი მანკიერ დამოკიდებულებაში უნდა მოიძებნოს მისი გამომწვევი მიზეზები. საუბარი იყო მედიაზეც, სარეკლამო კლიპებზეც, გენდერულ უთანსაწორობასა და ბავშვების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზეც, ძალაუფლებისა და კონტროლის ვნებაზე და ჰუმანიზმის დეფიციტზეც, რომელიც არის განმსაზღვრელი იმ ძალადობისა და აგრესიის, რომელსაც ავლენს საზოგადოება.
- დებატების ვრცელი მიმოხილვა (pdf,170 კბ)