საბჭოთა მემკვიდრეობის გააზრების გზები

Კითხვის დრო: 3 წუთი
Stalin's portrait at the flee market

საბჭოთა მემკვიდრეობის გააზრებისა და სტალინიზმის თემისადმი მიძღვნილ დისკუსიას ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში ბევრი ხალხი დაესწრო - ახალგაზრდებიც და ასაკოვნებიც. დისკუსიის მომხსენებლებმაც ერთხმად აღნიშნეს, რომ საზოგადოება საქართველოში მომწიფდა ამ თემაზე სასაუბროდ. ბევრი შეკითხვა დაისვა: სტალინიზმის ფენომენთან, სტალინის ძეგლის მოხსნასთან, გორის სტალინის მუზეუმთან, საბჭოთა სიმბოლიკასთან, ლუსტრაციასთან, დასავლეთის გამოცდილებასთან დაკავშირებით. დაისვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებითაც, რამდენად ეტყობა დღევანდელ საზოგადოებას საბჭოთა წყობის და სტალინიზმის კვალი. 

თქვა თუ არა უარი საქართველოს საზოგადოებამ მითებზე და მზად არის თუ არა საკუთარი ქვეყნის წარსულზე ისტორიული დოკუმენტების შესწავლის და გააზრების საფუძველზე ისაუბროს - ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. დისკუსიის ბოლოს ისიც ითქვა, რომ გამართული დისკუსიიდან გამომდინარე საზოგადოებას ალბათ კიდევ ოცი წელი დასჭირდება წარსულის რეალურად შესაფასებლად. 

დისკუსია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორმა ირის კემპემ გახსნა. მან ამ თემაზე დებატების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ წარსულის გააზრების გარეშე მომავალი დემოკრატია არ არსებობს. ირის კემპეს თმით, თუ საქართველო დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკის გზაზე დგას, რადგან დაემშვიდობა ავტორიტარულ წარსულს,  ამ თემაზე დისკუსიების გამართვა ზალიან მნიშვნელოვანია. 

პირველმა მომხსენებელმა, ესტონეთის ელჩმა საქართველოში, თომას ლუკმა ესტონეთის გამოცდილებაზე ისაუბრა და საზოგადოებას უამბო, როგორ გაიაზრეს ესტონეთში სტალინიზმის პრობლემა. ელჩის თქმით, სტალინის სახელი აღმოსავლეთ ევროპაში სისხლიან ტერორთან არის დაკავშირებული. მან საქართველოს ბოლო წლების მიღწევებზეც ისაუბრა. საგანგებოდ აღნიშნა საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის გახსნის მნიშვნელობა და თქვა, რომ ასეთი არქივის ქონა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანა მზად არის თავის წარსულზე სასაუბროდ. 

მომდევნო მომხსენებელმა, ისტორიული სიმართლის დამდგენი სახელმწიფო კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა თორნიკე შარაშენიძემ საზოგადოებას კომისიის საქმიანობა გააცნო. მან თქვა, რომ თემა, რომელზეც კომისიის წევრები, მიწვეული ისტორიკოსები მუშაობდნენ, ძალიან კონკრეტული იყო და მიზნად ისახავდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ისტორიკოსებისათვის უკვე ნაცნობი ფაქტების თავმოყრას და გაანალიზებას, დაწყებული გეორგიევსკის ტრაქტატიდან, 1990 წლამდე პერიოდით, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობამდელი პერიოდით დამთავრებული. 

ისტორიკოსმა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წევრმა ლაშა ბაქრაძემ ლაბორატორიის მიზანსა და საქმიანობაზე ისაუბრა. მანვე სიხარული გამოთქვა ბიოლის ფონდში ამ თემით დაინტერესებული ადამიანების სიმრავლის გამო და თქვა, რომ სულ რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჯერ კიდევ არ შეიმჩნეოდა საზოგადოების მხრიდან ამ თემის მიმართ დაინტერესება. მან ისაუბრა კალენდარზე, რომელიც გამოსცა ლაბორატორიამ და იმ მარშრუტზეც, რომელიც შეიმუშავა ამავე ლაბორატორიამ და სადაც საბჭოთა წარსულთან და ტერორთან დაკავშირებული ოცდახუთი შენობაა შეტანილი. მანვე გერმანიის გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება, როგორ ეკიდებიან თავიანთ წარსულს და როგორ მიაგებენ პატივს რეპრესიების მსხვერპლებს.

გიორგი კლდიაშვილმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა და საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის წევრმა სტალინიზმის ფენომენსა და სოვეტოლოგიის, როგორც მეცნიერების გააზრებაზე ისაუბრა დასავლურ სამყაროში და საქართველოში, სადაც ეს შესაძლებელი მხოლოდ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ გახდა, თუმცა წლების განმავლობაში კიდევ ბევრი სხვა ხელისშემშლელი პირობა აღმოჩნდა ამ თემის ჯეროვნად გააზრებისთვის. გიორგი კლდიაშვილის თქმით, საქართველოში არქივის გახსნის შემდეგ უკვე ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ დოკუმენტებზე დაყრდნობით ობიექტურად შეფასდეს საქართველოს და მთლიანად, საბჭოთა კავშირის ისტორია.

დებატების სრული მიმოხილვა (pdf, 17 გვერდი, 195 კბ)