2010 წლის 20 დეკემბერს, ბაქოში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ოფისმა მოაწყო მრგვალი მაგიდა თემაზე "ურბანული ინფრასტრუქტურის გავლენა ბაქოელთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე". მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა განიხილეს აზერბაიჯანული საზოგადოებისათვის აქტუალური საკითხები: ქალაქის ინფრასტრუქტურის დღევანდელი მდგომარეობა, ბაქოს ეკოლოგიური პრობლემები, ბაქოელთა ყოველდღიური ცხოვრების პრობლემატური ასპექტები, ქალაქის მცხოვრებთა ჩართულობა სოციალური და ინფრაქტრუქტურული პრობლემების გადაჭრაში.
აღსანიშნავია, რომ ბიოლის ფონდის მიერ ბაქოში მსგავსი დისკუსიების ორგანიზება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ექსპერტები, მეცნიერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე სამთავრობო სტრუქტურების მუშაკები (20 დეკემბრის დისკუსიაში მონაწილეობდნენ გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურების სამინისტროს, ასევე ბაქოს ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები), უკვე ტრადიციად იქცა. აღნიშნული მრგვალი მაგიდა რიგით მეოთხე გახლდათ 2009-2010 წლებში ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიათა შორის.
დისკუსიისათვის როგორც წესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხები შეირჩევა. 2010 წლის 20 დეკემბერსაც, გერმანულ-აზერბაიჯანული კულტურული საზოგადოების ცენტრმა (KapelHouse) რამდენიმე ათეულ მეცნიერს, ექსპერტს, საზოგადო მოღვაწესა და დაინტერესებულ მოქალაქეს უმასპინძლა, რათა განეხილათ ბაქოელთა ყოველდღიური ცხოვრების პრობლემატური ასპექტები, რომელიც ზეგავლენას აზერბაიჯანის ყოველ მესამე მოქალაქეზე ახდენს.
ბაქო სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდ ურბანულ აგლომერაციას წარმოადგენს. ბოლო ასორმოცდაათი წლის განმავლობაში ქალაქი მართლაც ინტენსიურად ვითარდებოდა. იგი დღეისათვის ნავთობის წარმოების ერთ-ერთ გლობალურ ცენტრს წარმოადგენს. დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი, რომელიც Aაზრბაიჯანის მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენს, ბაქოში ცხოვრობს. ბაქო ცნობილია არა მხოლოდ პოსტ-საბჭოთა პერიოდის განვითარების დინამიკით, ასევე მაშტაბური გარემოსდაცვითი და სოციალური პრობლემებით, რომელიც მის ინტენსიურ განვითარებას თან სდევს
მომხსენებელმა ალი აბასოვმა აღნიშნა, რომ ბაქო, ისევე როგორც პოსტ-საბჭოთა დედაქალაქების უმრავლესობა, მძიმე გარემოსდაცვითი და სოციალურ-ფსიქოლოგიური პირობებით, სატრანსპორტო პრობლემებით, კომფორტული საცხოვრებელი პირობების სირთულით, ნაგვის გატანისა და გადამუშავების პრობლემებით გამოირჩევა. მაღალია ხმაურით დაბინძურების დონე. სწრასი და უკონტროლო მშენებლობა ინფრასტრუქტურაზე დამღუპველად მოქმედებს. ქალაქში დიდი ტემპებით მცირდება მწვანე ადგილები. პროფესორი აბასოვი თვლის რომ თანამედროვე აზერბაიჯანისათვის უმწვავესია სოფლებისა და მცირე ქალაქების დაცლის პრობლემა, რომელიც ძირითადად ბაქოს ზრდის ხარჯზე ხდება. აღნიშნული პრობლემები უნდა მოგვარდეს.
მომხსენებელმა რაჰმან ბადალოვმა სწორად გადმოსცა დისკუსიის მოწყობის ძირითადი მიზანი, რომელიც მისი აზრით ბაქოს დღევანდელი მდგომარებით შეშფოთებაა. პროფესორ ბადალოვის აზრით, თუკი გაგრძელდება ქალაქის განვითარების ისეთი პრობლემების განხილვა, როგორიცაა სოციალური, კულტურული, ფსიქოლოგიური, არქიტექტურული, ქალაქდაგეგმარებასა და არქიტექტურაში არსებული პრობლემები, მიზანი მიღწეული იქნება. ბადალოვის აზრით, ბაქოს სპეციფიურობა აზერბაიჯანის ისტორიული განვითარების სირთულეებით არის გამოწვეული. უკანასკნელი 100-150 წლის განმავლობაში ქვეყანამ რამდენიმე მაშტაბური ცვლილება და ისტორიული კატაკლიზმი გადაიტანა. პროფესორმა ბადალოვმა ყურადღება გაამახვილა ურბანული მიგრაციის პრობლემაასა და ურბანული გარემოს სოციალურ და კულტურულ ფორმაციაზე. მისი აზრით ბაქოში ახალი ურბანული დასახლება (თემი) ჩამოყალიბდა, რომლის მომავალი ფორმისა და ხასიათის აღქმა რთულია. პროფესორ ბადალოვის გამოსვლის მნიშვნელოვანი ასპექტი შეეხო ქალაქის მეხსიერების საკითხს. მისი აზრით ბაქო თანდათან მრავალნაციონალური და კოსმოპოლიტური ქალაქადან ოლიგარქების ქალაქად გადაიქცა. ახალმა არქიტექტურამ წალეკა ძველი შენობები და უბნები.
არქიტექტორმა ემილ ახუნდოვმა ემოციურად ისაუბრა ქალაქისა და გარემოს პრობლემებზე. მისი აზრით ბაქოში ბუნება და სიმწვანე ქრება. ამის მიზეზი კი არა მხოლოდ ქალაქის უკონტროლო განვითარება, არამედ მოქალაქეთა დაბალი გარემოსდაცვითი შეგნებაა. მისი აზრით ქალაქში მცხოვრებთა უმრავლესობას წარმოდგენა არა აქვს რას ნიშნავს გარემოსდაცვითი რეგულაციები და როგორ გაატარონ ისინი ცხოვრებაში. პროფესორმა ახუნდოვმა ქალაქის არამდგრადი და ქაოტური განვითარების რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა. იგი დარწმუნებულია რომ აუცილებელია ქალაქის მოსახლეობის ურბანული განათლება და მოქალაქეთა ინფორმატიულობისა და თვითშეგნების გაზრდა.
პროფესორმა ჩინგიზ ისმაილოვმა ისაუბრა ქალაქში სივრცის ნაკლებობის შესახებ. ისმაილოვმა, რომელიც არქიტექტურის, მშენებლობისა და ქალაქდაგეგმარების სფეროში ექსპერია, ხაზი გაუსვა ბაქოს მდგომარეობის სპეციფიურობას. მის შეშფოთებას ურბანული გარემოს ის პრობლემები იწვევს, რომელიც დამახასიათებელია ბაქოს დღევანდელი განვითარებისათვის და ქალაქში მშენებლობისათვის აუცილებელ თავისუფალ ადგილებთან დაკავშირებული პრობლემებისათვის.
დისკუსიას მოდერირებას უწევდა რადიო თავისუფლების პოპულარული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჩინგიზ სულტანსოი.