"სიკვდილის ექსპორტი", საქართველოს ციხეებში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა და რეკომენდაციები, რომლებიც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა იმ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც სახალხო დამცველის 2010 წლის საანგარიშო მოხსენებაში აისახა. 523 გვერდიანი ანგარიში 26 თავისაგან შედგება და ყველა იმ გადაუჭრელ პრობლემას ეხმიანება, რომელიც ჯერ კიდევ დგას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა თუ მთელი საზოგადოების დონეზე და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.
როგორი შეფასებები მოჰყვა სახალხო დამცველის ანგარიშს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან, როდის განიხილავს საკანონმდებლო ორგანო სახალხო დამცველის მიერ 31 მარტს წარდგენილ ანგარიშს, საზოგადოებაში არსებულ რა ტენდენციებზე მიანიშნებს სახალხო დამცველის ანგარიში, როგორ გაშუქდა ანგარიში მედიის მიერ - ასეთია მცირე ჩამონათვალი იმ შეკითხვებისა, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიის მომხსენებლებს დაუსვეს. შეკითხვები ეხებოდა ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშს, შეზღუდული შესაზლებლობების პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების, აივ-ინფიცირებულთა პრობლემას და გენდერის საკითხებს.
იმ სფეროთა ჩამონათვალი, რომელსაც სახალხო დამცველი თავის ანგარიშში ეხება, საკმაოდ ვრცელია: სასჯელაღასრულებისა და სასამართლოს სისტემა, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები, შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება, შრომის უფლება და კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს შრომით ურთიერთობებს, საკუთრების უფლება დღევანდელ საქართველოში, ქალისა და ბავშვის უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პირთა უფლებები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობა და სხვ.
2010 წლის ანგარიშში, სახალხო დამცველის განმარტებით, აქტუალურობიდან გამომდინარე, ორი ახალი თავი გაჩნდა. ერთ-ერთი მათგანი ეკომიგრანტებს, ხოლო მეორე სურსათის უვნებლობის საკითხებს ეხება. ანგარიში 308 რეკომენდაცის შეიცავს. მათგან 82 წლის განმავლობაში ინდივიდუალურ რეჟიმში უკვე გადაეგზავნა სხვადასხვა უწყებას. მხოლოდ სასჯელაღასრულებისა და ბავშვთა სახლების მონიტორინგის თემას 100-ზე მეტი რეკომენდაცია უკავშირდება. რეკომენდაციების ნაწილი ზოგადი შინაარსისაა.
როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, თანხვედრა სახალხო დამცველის ანგარიშს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებს შორის დიდია და ეს მათ ობიექტურობაზე მიუთითებს. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა მოხსენების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშს დაუთმო, მედია მკვლევარმა ნინო დანელიამ მედიის როლზე და მთელი საზოგადოების ჩართულობისა და აქტიურობის აუცილებლობაზე ისაუბრა. უჩა ნანუაშვილმა საზოგადოებას პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე დაფიქრებისა და ამ თემებზე მეტი დისკუსიისკენ მოუწოდა.
,,სიკვდილის ექსპორტი'', საქართველოს ციხეებში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა და რეკომენდაციები, რომლებიც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა იმ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც სახალხო დამცველის 2010 წლის საანგარიშო მოხსენებაში აისახა. 523 გვერდიანი ანგარიში 26 თავისაგან შედგება და ყველა იმ გადაუჭრელ პრობლემას ეხმიანება, რომელიც ჯერ კიდევ დგას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა თუ მთელი საზოგადოების დონეზე და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.