14 აპრილს ქ. ფოთში ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე "მედიის როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში". დისკუსიისას დიდი დრო დაეთმო მედიაში არსებული პრობლემების განხილვას.
მომხსენებლებად მოწვეულნი იყვნენ ჟურნალისტი ნინო თუნთია, იურისტი გიორგი მოისწრაფიშვილი, მედიაექსპერტი და ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების,სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
კანონმდებლობის ხარვეზები, დაბალი პროფესიული სტანდარტი, თვითცენზურა, რომელსაც შრომითი ხელშეკრულების არქონა აძლიერებს, მედიაგანათლების დაბალი ხარისხი, მედიამფლობელების გაუმჭირვალობა და სარედაქციო დამოუკიდებლობის არარსებობა, მარეგულირებელი კომისიის პოლიტიზირება - შეხვედრის მონაწილეთა აზრით, ყველა ეს პრობლემა ხელს უშლის როგორც ქართული მედიისა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.
შეხვედრისას გამოიკვეთა აზრი, რომ მედია ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია, რათა საზოგადოებამ შეძლოს, სწორი გადაწყვეტილებების მიღება. სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ვალდებულება, დაიცვან, გააანალიზონ და წარმოადგინონ საზოგადოების ფართო ფენების ინტერესები. მაგრამ უმნიშვნელოვანესი ვალდებულება აკისრიათ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, საქართველოს მოქალაქეებს - შეასრულონ აქტიური როლი და უზრუნველყონ, რომ ქვეყანაში შეიქმნას სტაბილური და განვითარებული დემოკრატია. ხალხის აქტიური მონაწილეობის გარეშე, თითოეული მოქალაქის მონაწილეობის გარეშე, ჭეშმარიტი დემოკრატია ვერ იმუშავებს.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საზოგადოების ვალია, მოითხოვონ პროფესიონალიზმი მედიისაგან. მუდმივად იზრუნონ მედიის წარმომადგენლებმა პროფესიონალური ზრდისათვის. თუკი საზოგადოება ვერ იღებს მედიისაგან სასურველ ხარისხს, თუკი საზოგადოებას მიაჩნია, რომ მოვლენების გასარკვევად აზრი ხაზებს შორის უნდა იკითხონ, საზოგადოების წევრებმა ასეთ მედია საშუალებებს ზურგი უნდა აქციონ ან მოსთხოვონ მათ გამოსწორდნენ.
ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულმა საჯარო დისკუსიამ 2 საათს გასტანა. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად უნდა იმართებოდეს, რაც ხელს უწყობს როგორც დიალოგის კულტურის ჩამოყალიბებას, ასევე ადამიანებს აფიქრებს იმ პრობლემებზე, რაც აქტულურია და რის შესახებაც არავინ საუბრობს.