ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსიის თემა, რომელიც პრესკაფეში, 15 აპრილს გაიმართა “აჭარის უმაღლესი საბჭოს ფუნქცია” იყო.
აჭარის უმაღლესი საბჭო ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც კონტროლს უწევს ავტონომიის მთავრობასა და ამტკიცებს რესპუბლიკის ბიუჯეტს. თუმცა, დღეს საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. საჯარო დისკუსიაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა შენიშვნები მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან ცხარე დებატების ფონზე მოისმინეს.
უმაღლესი საბჭოს კრიტიკას 10 წუთი დაუთმო არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა გენო გელაძემ. ამ ორგანიზაციამ 2008 წელს სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, რომლის საფუძველზე წინა 2004-2008 წლების მოწვევის უმაღლესი საბჭოს მუშაობა შეაჯამა. Aამ კვლევით დადასტურდა მხოლოდ ის, როგორც გენო გელაძე ამბობს, რომ უმაღლეს საბჭოსს უფლებები არა აქვს. “უმაღლესი საბჭო, როგორც ამომრჩეველი ადასტურებს, მუშაობს არაეფექტურად და ამავე დროს გადაწყვეტილების მიმღებიც ვერ არის. მან უნდა მიიღოს კანონი, მაგრამ რა სფეროში ,ესეც ვერ კონკრეტდება. თავად უმაღლესს საბჭოს არ უმსჯელია მისი უფლებებისა და ფუნქციების გაზრდის თაობაზე, ეს უკვე მიანიშნებს, რომ ეს ორგანო მხოლოდამხოლოდ მთავრობის დანამატს წარმოადგენს”, –აღნიშნა გენო გელაძემ.
დისკუსიის მონაწილეებმა თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმაძღვანელმა ასლან ჭანიძემ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ აღნიშნეს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებასაც ერიდება. “ჩვენ ვედავებით უმაღლეს საბჭოს იმ საკითხებზე, რომელსაც იგი კანონმდებლობით ვერ გადაწყვეტს, ერთადერთი, რაც უმაღლეს საბჭოს შეუძლია გააკეთოს, უნდა გამოხატოს პოლიტიკური პოზიცია", - განაცხადა დისკუსიაზე პარმენ ჯალაღონიამ.
თუმცა, როგორც ჟურნალისტმა ირმა ზოიძემ აღნიშნა, ამომრჩეველს უმაღლესი საბჭოს მიმართ უფრო მეტი მოთხოვნა აქვს - “საშემოსავლო, რასაც იხდის მოსახლეობა, არის თქვენი შემოსავალი, გარდა იმისა, რომ თქვენ ხართ არჩეულები, ამასთან თქვენს ხელფასებსაც მოსახლეობა გიხდით, აქედან გამომდირეც თქვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გეკისრებათ" - ასე მიმართა დისკუსიის მონაწილე უმაღლესი საბჭოს წევრებს ირმა ზოიძემ.
ეს და სხვა შენიშვნები დისკუსიაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრმა მოისმინა. მათ შორის მომხსენებლებმა: ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ფრაქციის წევრმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგელემ ნიაზ ზოსიძემ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრმა, იურიდიული და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, თემურ ბოლქვაძემ. ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობის წევრმა აღნიშნა, რომ იგი ეთანხმება ყველა შენიშვნას, რომელიც დისკუსიაზე უმაღლესი საბჭოს მუშაობის შესახებ გამოითქვა. "სამწუხაროდ, უმაღლესი საბჭოს ფუნქცია არის დაკნინებული და მთავრობის ყველა კაპრიზი სრულდება, ამასთან, ხმამაღლა მინდა განვაცხადო, რომ ამ ხნის მანძილზე კანონი, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის იქნებოდა თუნდაც შეღავათი, არ მიგვიღია."
არც დისკუსიის მონაწილეებისა და არც თავის კოლეგის შენიშვნებს არ დაეთანხმა თემურ ბოლქვაძე, უმაღლესი საბჭოს იურიდიული და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის მოადგელე. მან აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭო კანონშემოქმედებით მუშაობასაც ეწევა და არც პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირებას ერიდება. "თქვენ მოგეხსენებათ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა და უფლებამოსილება განსზღვრულია საქართველოს კონსტიტუციური კანონით აჭარის ავტონომიის სტატუსის შესახებ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით. განვლილ პერიოდში აჭარის უმაღლეს საბჭოს მიღებული აქვს 110 სამართლებრივი აქტი, მათ შორის 42 საკანონმდებლო, 68 კანონქვემდებარე აქტი, საქართველოს პარლამენტში ინიციატივის სახით გაგზავნილია 7კანონპროექტი, მათგან ექვსი მიღებულია, ხოლო ერთი არის განხილვის პროცესში."
უფრო მეტიც, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული კომისიის თავმჯდომარემ ვაჟა ბოლქვაძემ აღნიშნა, უმაღლესი საბჭოს წევრები ყოველდღიურ შეხვედრებს მართავენ ამომრჩევლებთან და მათ წლის ანგარიშში აღნიშნეს ის, რომ, მაგალითად, 2010 წელს უმაღლეს საბჭოში დაახლოებით 1000-მდე ადამიანს შეხვდნენ. ბოლო მთავრობას უკან დაუბრუნეს კანონპროექტი, რომელიც სასათბურე მეურნეობის მოწყობას ეხებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის ყველა წინადადებას ჩვენ არ ვიზიარებთ”,- განაცხადა ვაჟა ბოლქვაძემ.
საჯარო დისკუსიაზე გახდა ცნობილი, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობა, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციულ ცენტრში მდებარეობას, მისამართს იცვლის. უმაღლესი საბჭო დაბა ჩაქვში დაიდებს ბინას.