ტურიზმი და ტურისტული ბიზნესი აჭარაში 2011

Კითხვის დრო: 2 წუთი

არის თუ არა ტურიზმი  რეგიონის  შემოსავლის ერთადერთი   წყარო? ეს კითხვა რამდენჯერმე დაისვა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაზე ბათუმში, რომელიც პრეს-კაფეში 2011 წლის 18 ივლისს გაიმართა.

დისკუსიის მთავარმა მომხსენებელმა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა დიასამიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით დიდ იმედებს ამყარებს და მიიჩნევს, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის განვითარება დაეხმარება.

„ჩვენ ვზრუნავთ,  რომ ტურისტი აჭარაში არა მხოლოდ ზაფხულში, ზღვის სეზონზე გვყადეს, არამედ მთელი წლის განმავლობაში, ახლა ვფიქრობთ იმაზე, რომ შემოდგომასა და ზამთარში რაც შეიძლება მეტი კონფერენცია და ფორუმი ჩატარდეს და აქ ჩამოსულმა სტუმარმა ფული დახარჯოს“, – აღნიშნა ვაჟა დიასამიძემ.

ეკონომიკის ექსპერტ პაატა აროშიძის თქმით,  რომელიც საჯარო დისკუსიის მეორე მომხსენებელი გახლადათ,  სურვილი, რომ აჭარაში ტურისტული ბიზნესი განვითარდეს, საკმარისი არ არის.  პაატა აროშიძის ინფორმაციით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ერთი ტურისტი საქართველოში დღეში 200 დოლარზე მეტს  ხარჯავს. აროშიძის თქმით, ამ მონაცემის საფუძველზე ერთი რამ ხდება ცხადი, რომ საქართველოში  დასვენების ღირებულება არა მხოლოდ თურქულ, არამედ ევროპულ ფასებსაც მნიშვნელოვნად აღემატება.

ტურიზმის ექსპერტ ზვიად ელიზიანის თქმით, ტურისტმა შეიძლება დღეში 60 ლარიც  და 5 000 ლარიც დახარჯოს: „ჩვენთვის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ციფრია, რომელიც ტურისტების რაოდენობას აღნიშნავს, არამედ რამდენს ხარჯავს ეს ტურისტი. ანუ სურვილია, რომ 300 ან 1 000 დოლარის მხარჯველი ტურისტი რაც შეიძლება მეტი  ჩამოვიდეს“.

სასტუმროების მენეჯერებმა, რომლებიც დისკუსიას ესწრებოდნენ, აღნიშნეს, რომ სასტუმროებში მომსახურეობის ფასები ძვირია, თუმცა მაღალი ფასი მაღალი თვითღირებულების შედეგია. „ჩვენ თვითღირებულებას ვერ ვასწრებთ, მაგრამ სასტუმრო  მაინც ძვირია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სეგმენტს აკმაყოფილებს ეს ფასი, მაინც  უცხოელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ფასი მაღალია. მაგრამ, ვცდილობთ, რომ ევროპა დავაინტერესოთ, ვინაიდან ირანელი ტურისტები მაინც უფრო სპეციფიკურები არიან“, – აღნიშნა სასტუმრო ჯორჯიან–პალასის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ლელა წულუკიძემ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, საზაფხულო სეზონის  პერიოდში რეგიონაში უკვე 600 000 ტურისტია აღრიცხული, საერთო ჯამში კი წელს აჭარაში დაახლოებით მილიონამდე დამსვენებელს ელიან.