საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წლის 5 ივლისს "რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის წესის შესახებ" კანონის მიღებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. რა დადებითი ან უარყოფითი შედეგი შეეძლო გამოეღო ამ კანონის მიღებას, იყო თუ არა ის რაიმე საფრთხის მატარებელი, რა საფრთხეს ხედავს საპატრიარქო კანონის მიღებაში, რა ფორმით უნდა შეეთანხმებინა სახელმწიფოს საპატრიარქოსთან ეს საკითხი, რატომ მიიღეს კანონი დაჩქარებული წესით, რამ გამოიწვია საზოგადოების მძაფრი რეაქცია, საკმარისი იქნება თუ არა ამ ცვლილების შემდეგ რეგისტრაციისათვის რელიგიურ გაერთიანებებს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში რაიმე სახით ჰქონდეთ გავლილი რეგისტრაცია, რატომ მოხდა ისე, რომ არჩევანი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების შესახებ, დათქმებთან არის დაკავშირებული, რა დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრირდებიან რელიგიური გაერთიანებები, როგორ ითვლება ქვეყანაში ამა თუ იმ რელიგიის მიმდევართა რაოდენობა - ის კითხვები იყო, რომელიც დარბაზში მყოფმა საზოგადოებამ დისკუსიის მომხსენებლებს დაუსვა.
როგორც დისკუსიის მომხსენებლებმა აღნიშნეს, ივლისის იმ ცხელ დღეებში ამის შესახებ საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელშიც კანონის მიღებამ განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია, რეალურად არაფერი იცოდა. როგორც ზაქარია ქუცნაშვილი აღნიშნავდა, ხალხის უკმაყოფილება იმით იყო გამოწვეული, რომ გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების შესახებ საქართველოს "დედა-ეკლესიასთან" და საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად, კონსულტაციის გარეშე იქნა მიღებული. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ვნებათაღელვაც მხოლოდ წმიდა სინოდის 11 ივლისის მოკრძალებულმა და ზომიერმა გადაწყვეტილებამ შეაჩერა.
ბექა მინდიაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მთავარი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი პოზიტიური იყო სწორედ იმის გამოც, რომ ის ფაქტობრივად სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებლად გადადგმული პირველი სეკულარული კონსტიტუციური ნაბიჯი იყო, რადგან უმცირესობების საკითხი არ იყო შეთანხმებული უმრავლესობის რელიგიასთან, რომელიც როგორც მან აღნიშნა, უმცირესობების მიმართ შეუწყნარებელი პოზიციით გამოირჩევა.
ბექა მინდიაშვილმა თავისი გამოსვლა საკითხის ისტორიის მიმოხილვით დაიწყო. მისი თქმით, 2002 წლამდე საქართველოში არც ერთ რელიგიურ გაერთიანებას არ ჰქონია რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა. 2005 წლამდე საქართველოს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე ერთადერთი აღიარებული რელიგიური გაერთიანება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო იყო. როგორც ბექა მინდიაშვილი აღნიშნავდა, ამ დროისთვის კანონმდებლობაში შენარჩუნებული იყო მთელი რიგი დისკრიმინაციული ნორმები, მათ შორის, რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით.
2005 წლიდან რელიგიურ გაერთიანებებს დარეგისტრირება შეეძლოთ როგორც კერძო სამართლის იურიდიულ პირებს. თავიდან მითითებული იყო ფონდი ან კავშირი, თუმცა შემდგომში ეს შესაძლებლობა გამარტივდა და მათ მიეცათ საშუალება დარეგისტირებულიყვნენ როგორც კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირები. მაგრამ რელიგიური გაერთიანებებისთვის, მათ შორის კათოლიკური ეკლესიისთვის, სომეხთა წმინდა სამოციქულო ეკლესიისთვის, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიისთვის, ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიისთვის, მუსლიმური და იუდაური თემებისათვის რეგისტრაციის ამგვარი რეჟიმი მიუღებელი იყო, რადგან მათ არ სურდათ არასამთავრობო ორგანიზაციის სახით გაევლოთ რეგისტრაცია. ისინი გამოთქვამდნენ სურვილს, რეგისტრაცია გაევლოთ როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.
ბექა მინდიაშვილმა სახალხო დამცველის ინსტიტუტთან არსებულ რელიგიათა საბჭოზეც ისაუბრა, რომელშიც დღეისთვის 21 რელიგიური გაერთიანება შედის, და თქვა, რომ საბჭოში, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში, მუდმივად მიმდინარეობდა მსჯელობა ამ საკითხებთან დაკავშირებით. დღეს ყველა რელიგიურ გაერთიანებას აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, ისევე როგორც შეუძლიათ ისარგებლონ კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით. მათ ასევე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ფილიალის სახით, ან იარსებონ როგორც არარეგისტრირებულმა კავშირებმა.
იმ აზრს, რომ კანონი ნაჩქარევად იქნა მიღებული და საზოგადოებას არ მიეცა საშუალება გაცნობოდა არსებულ კანონპროექტს იზიარებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, თუმცა მიაჩნია, რომ ამ ტაბუდადებული თემის გაჟღერება თავისთავად უკვე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ რეალურად კანონი რელიგიური გაერთიანებებისთვის შინაარსობრივად არაფერს ცვლის. "კანონმა რელიგიურ გაერთიანებებს მისცა შესაძლებლობა, რომ დაირქვან "საჯარო სამართლის იურიდიული პირი", მაგრამ ამის მიღმა არაფერია. საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონი არ გავრცელდება რელიგიურ გაერთიანებებზე, ანუ გამოდის, რომ სტატუსი რეალურად ვერ ექნებათ. მათზე გავრცელდება კანონის ის მუხლები, რომლებიც ქართული კანონმდებლობით არასამეწარმეო იურიდიული პირებისთვის არის განსაზღვრული", განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
დისკუსიაზე იმ ორ მაკვალიფიცირებელ ნიშანზეც იყო საუბარი, რომელიც რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციისთვის იქნება საჭირო: ამ უფლებით შეეძლებათ ისარგებლონ რელიგიებმა, რომლებსაც ისტორიული კავშირი აქვთ საქართველოსთან, ამასთან რომლებიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით არის მიჩნეული რელიგიად. თამარ ჩუგოშვილმაც და ზაქარია ქუცნაშვილმაც აღნიშნეს, რომ ორივე ეს ჩანაწერი ბუნდოვანია და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემას მოითხოვს.
დისკუსიაზე დამსწრე საზოგადოება განსაკუთრებულ მადლიერებას გამოთქვამდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიმართ, რადგან ამ დისკუსიაზე პირველად მიეცათ საშუალება ამ საკითხების შესახებ თავად რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების მოსაზრებები მოესმინათ. ილია ოსეფაშვილმა, საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ქორეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ მიღებული კანონი ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია და თანასწორობის პრინციპის დამკვიდრებას ემსახურება, რადგან იმ უფლებით, რომლითაც სარგებლობს ქვეყანაში ერთი რომელიმე რელიგიური გაერთიანება, სარგებლობის უფლება მიეცა სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც და ეს მისასალმებელია. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს ხანებში შეიკრიბება ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის სინოდი და გადაწყვეტს რეგისტრაციის საკითხს.
"სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო" პირველი რელიგიური გაერთიანებაა, რომელმაც უკვე ისარგებლა კანონის მიერ შეთავზებული შესაძლებლობით და დარეგისტრირდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. როგორც ადამ შანთაძემ აღნიშნა, "განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებაზე კანონის მიხედვით არ ვრცელდება საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ, რაც გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას რელიგიური გაერთიანებების საქმიანობაში".
ადამ შანთაძის განცხადებით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეფასებით, აღნიშნული კანონის მიღებით საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ემხრობა აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას და რელიგიათა შორის ტოლერანტობის პრინციპს.
აღნიშნული დებატები ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი სოციალური ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებებისათვის" ფარგლებში.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წლის 5 ივლისს “რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის წესის შესახებ” კანონის მიღებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. რა დადებითი ან უარყოფითი შედეგი შეეძლო გამოეღო ამ კანონის მიღებას? იყო თუ არა ის რაიმე საფრთხის მატარებელი? რა საფრთხეს ხედავს საპატრიარქო კანონის მიღებაში? ეს კითხვები იყო იმ მრავალ კითხვათა შორის, რომელიც დარბაზში მყოფმა საზოგადოებამ დისკუსიის მომხსენებლებს დაუსვა.