ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ოფისში 2011 წლის 16 ნოემბერს გამართული საჯარო დისკუსია თემაზე: "მართლმსაჯულების განხორციელება და ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში".
ძირითადი მომხსენებლები:
გიორგი ტუღუში - საქართველოს სახალხო დამცველი;
უჩა ნანუაშვილი - ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი;
თამუნა გვარამაძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პროექტის კოორდინატორი;
მანანა კობახიძე - საზოგადოებრივი დამცველის აღმასრულებელი დირექტორი.
მოდერაცია: ნინო ბექიშვილი
ადამიანის უფლებები სხვაგანაც ირღვევა, მაგრამ იქ არსებობს მეტნაკლებად დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც აღადგენს დარღვეულ უფლებებს. ჩვენ კი ჩაკეტილ წრეში ვტრიალებთ, აღნიშნა ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიისას ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა. დისკუსიის თემაც ეს იყო, როგორ არის დაცული საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში ადამიანის უფლებები, რა პრობლემები ჩნდება ამ სფეროში და რით არის ისინი განპირობებული, არაპროფესიონალიზმით თუ გაუმართავი კანონმდებლობით.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში დისკუსია ადამიანის უფლებებისა და სასამართლო სისტემის კვეთაზე 2008 წელსაც გაიმართა. მაშინ მომხსენებელთა შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეც იმყოფებოდა, რომელიც პასუხს სცემდა ოპონენტთა შენიშვნებს და ბიოლის ფონდში შეკრებილ საზოგადოებას სასამართლო სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე ესაუბრებოდა. ამჯერად სასამართლოდან დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად არავინ მოსულა და მომხსენებლებს ისღა დარჩენოდათ, მათ მიერ დანახული პრობლემები და სასამართლოს მისამართით გამოთქმული შენიშვნები თუ რეკომენდაციები დარბაზში შეკრებილი საზოგადოებისათვის გაეცნოთ.
მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების შეფასება და ამ პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვა სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სახალხო დამცველის ანგარიშშიც ამ თემას სპეციალური თავი აქვს მიძღვნილი. საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონში ადრე იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების შესწავლისას სახალხო დამცველი მივიდოდა დასკვნამდე, რომ ადგილი ჰქონდა სასამართლოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას, მას ჰქონდა უფლება, მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა კონკრეტული გადაწყვეტილების გადასინჯვა. სასამართლოს თავის მხრივ შეეძლო გაეთვალისწინებინა ეს რეკომენდაცია, ან არ გაეთვალისწინებინა, თუმცა როგორც გიორგი ტუღუში აღნიშნავს, იყო შემთხვევა, როდესაც სასამართლომ მართლაც გადახედა ერთ-ერთ საქმეს ომბუდსმენის რეკომენდაციის საფუძველზე. საპროცესო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ საქმეები აღარ ისინჯება, შესაბამისად ხსენებულმა მუხლმაც აზრი დაკარგა.
"მიუხედავად განხორციელებული რეფორმებისა და არა ერთი წარმატებული პროექტისა, რამდენიმე ძირეული პრობლემა, რომელიც ადრე არსებობდა, დღესაც რჩება სასამართლო სისტემაში", აღნიშნავს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში თავის გამოსვლაში. მისივე თქმით, სისხლის სამართლის არაერთ საქმეში, რომელიც 2011 წელს მათ მიერ იქნა შესწავლილი, ადგილი ჰქონდა მოსამართლეების მიერ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას. სახალხო დამცველმა თავის გამოსვლაში დაუსაბუთებელ შუალედურ თუ საბოლოო გადაწყვეტილებებზე, სასამართლოს მიერ მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე, შუამდგომლობებზე დაუსაბუთებელ უარზე და სასამართლოს მიერ მოსამართლეების თბილისიდან სხვა რაიონებში გადაყვანაზეც ისაუბრა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკვე რამდენიმე წელია მუშაობს მართლმსაჯულების თემებზე ისინი ახორციელებენ პროექტს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის შესახებ. თამუნა გვარამაძემ სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებისა და მის მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესზე ისაუბრა. პარლამენტის წევრებისა და პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრების საბჭოში ყოფნა, რომლებსაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით არ ეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა, პოლიტიკურ ელფერს სძენს საბჭოს მუშაობას, და აჩენს საფრთხეს, რომ ის არ იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ზეწოლისა და კონიუნქტურისაგან, აღნიშნავს თამუნა გვარამაძე. მისივე თქმით, მათ მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით შემუშავდა რეკომენდაცია და ის უკვე წარედგინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც ამ ეტაპზე თანახმაა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებს შეეზღუდოთ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების უფლება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა სხვა საკითხებზეც ისაუბრა. მისი აზრით, პროცედურები, რომლებითაც დღეს მოსამართლეები ინიშნებიან, ბუნდოვანია და ბევრ კითხვას ბადებს. მანვე ყურადღება გაამახვილა დისციპლინური სამართალწარმოებისა და ე.წ. მივლინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელზეც სახალხო დამცველმაც ისაუბრა.
დისკუსიის კიდევ ერთმა მომხსენებელმა, პრაქტიკოსმა ადვოკატმა კონკრეტულ საქმეებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა. ,,ძალიან ბევრ გახმაურებულ საქმეზე მომიწია ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოსვლა და დავინახე, როგორ შეიძლება მოკვდეს სასამართლო და მართლმსაჯულება, როდესაც არის ხელისუფლების ინტერესი საქმისადმი, როდესაც აშკარა დომინანტია პროკურატურა და როდესაც მათ სურთ კონკრეტული საქმის ბოლომდე გატანა'', აღნიშნავს მანანა კობახიძე. მან თავის გამოსვლაში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე, მხარეთა თანასწორობის თემაზე და საჯაროობის საკითხებზე ისაუბრა.
უჩა ნანუაშვილმა თავის გამოსვლაში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამერბერგის ანგარიშზე და სასამართლო სისტემაში არსებულ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც კომისრის ანგარიშშია ასახული. "იმ პრობლემების შესაცვლელად, რომელზეც ვსაუბრობთ, პოლიტიკური ნება არ არსებობს. მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები, ტრენინგები, მაგრამ პოლიტიკური ნების გარეშე ჩვენი დისკუსიები ჩაკეტილ წრეში ყოფნას დაემსგავსება. სისტემური დარღვევები ამით ვერ გადაიჭრება", ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა.
დებატების ვრცელი მიმოხილვა (pdf, 426 კბ)