საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ - 2011 წელი

გოგი გვახარია, გიორგი მშვენიერაძე, თეა წულუკინი

2 მაისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის დარბაზში გამართულ დისკუსიას იმდენი მსმენელი არ ჰყოლია, როგორც სხვა დისკუსიების დროს. დისკუსიის მოდერატორს და მომხსენებლებს თავიანთი არგუმენტები ჰქონდათ იმის ასახსნელად, რატომ არ იჩენს საზოგადოება დაინტერესებას ადამიანის უფლებების თემის მიმართ. „როგორც ჩანს, ადამიანის უფლებების მიმართ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებაც ასეთია. შესაბამისად, ადამიანის უფლებებიც ისევეა დაცული, როგორიც არის მის მიმართ დამოკიდებულება. ან შეიძლება საზოგადოებაში სკეპტიციზმი იმდენად დიდია, რომ უკვე აღარავის სჯერა, რომ აქ ადამიანის უფლებები დაცული იქნება“ - ამ სიტყვებით გახსნა დისკუსია გოგი გვახარიამ. 

„როგორ უნდა გახდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებები პოპულარული თემა, უნდა იყოს თუ არა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს უმთავრესი ქვაკუთხედი ადამიანის უფლებები, რაზე უნდა აეგოს სახელმწიფო“, თანხმდება თუ არა საზოგადოება იმაზე, რომ ადამიანის უფლებები არის ამოსავალი თემა ყველა საკითხის გადასაჭრელად - ეს კი დისკუსიის ერთ-ერთი მომხსენებლის, ზვიად ქორიძის სიტყვებია. რატომ არ არის ადამიანის უფლებების თემა პოპულარული საზოგადოებაში და საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება - ამ ორი მიმართულებით გაიშალა დისკუსია.

ზვიად ქორიძე ფიქრობს, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც ადამიანის უფლებების თემის აქტუალიზებაში თავისი როლი უნდა ითამაშოს, სახალხო დამცველი უნდა იყოს და მან ამას „პროაქტიული, მკაცრი და ხშირ შემთხვევაში რადიკალური“ შეფასებებით უნდა მიაღწიოს. „ომბუდსმენი, რომელიც ზედმეტად რაფინირებული იქნება თავის შეფასებებში, ადამიანის უფლებების თემას ყოველთვის გადააქცევს ბიუროკრატიულ ინსტიტუციად. ადამიანის უფლებები ჩემი აზრით არ არის ბიუროკრატიული სისტემა, ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული სივრცეა, სადაც სწორედ ასეთი ძლიერი პათოსის მქონე ომბუდსმენი გვჭირდება“ - აცხადებს ზვიად ქორიძე. მისივე თქმით ამჟამინდელი და წინა ომბუდსმენების მიერ მომზადებული წლიური ანგარიშები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დოკუმენტები ისტორიის საგანია, „დღევანდელობისთვის საჭიროა მეტი პროაქტიულობა“.

ზვიად ქორიძის პათოსს იზიარებს თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებების დარგში თეა წულუკიანიც: „რაც შეეხება პათოსს, აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ზვიადს, იმდენად ჩაგრულ საზოგადოებასთან გვაქვს ყოველდღიური შეხება, და იმ კანონს, რომელსაც ბატონი ზვიადი აკრიტიკებს, დღესაც იმდენად ცუდი შედეგები მოაქვს, კარგი იქნებოდა, რომ ომბუდსმენი სადაც მოქალაქეებს გაგვიჭირდება, იქ გაჩნდეს და დაგვიცვას. ეს ალბათ რესურსების პრობლემაა. შეიძლება სხვანაირი ტემპერამენტი აქვს ვიდრე მის წინამორბედს, მაგრამ ეს არ აკნინებს მისი საქმიანობის სერიოზულობას.“ თუმცა თეა წულუკიანის თქმით, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ის არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია და მას სახელმწიფოებრივი სტატუსი აქვს.

თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს და მის თანამშრომლებს, როგორც საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ, მადლობაც გადაუხადა საქმიანობისთვის და თქვა, რომ მათ მიერ მომზადებული დასკვნა ძალიან სერიოზული დოკუმენტია, „ის მთლიანად ჯდება იმ განვითარებად ლოგიკაში, რომლის ილუსტრაციასაც ახდენს სახალხო დამცველის ანგარიშებზე დაკვირვება წლების განმავლობაში.“ მასში მოცემულია შიშველი ფაქტები, ციფრები და რეკომენდაციები და კარგი ინსტრუმენტია როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის, ისე მოქალაქეებისათვის, მიუხედავად მათი პროფესიისა.

 სახალხო დამცველის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე საუბრობდა იმ თემებზე და კონკრეტულ საკითხებზე, რომლებსაც ომბუდსმენის ანგარიში მოიცავს, ზვიად ქორიძემ აქცენტი იმ ფაქტებზე გააკეთა, რომელიც მისი აზრით უნდა ასახულიყო ანგარიშში, მაგრამ სამწუხაროდ, არ აისახა. მას იმედი ჰქონდა, რომ ომბუდსმენი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე „ირინა ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ“, უფრო ვრცლად ისაუბრებდა. ასევე მიაჩნდა, რომ ვრცელი იქნებოდა „ომბუდსმენის დაგვიანებული გამოსვლა ფოტორეპორტიორების საქმეზე, იმიტომ რომ ივლისში, როდესაც ეს პრობლემა დადგა ქართული საზოგადოების წინაშე, სამწუხაროდ ომბუდსმენმა დააგვიანა.“ მას ასევე ჰქონდა იმედი, რომ 2011 წლის ანგარიშში მოხვდებოდა ჟურნალისტ თედო ჯორბენაძის საქმეც. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ძალიან საინტერესო დასკვნა მოამზადა 53-ე სკოლის მოსწავლის თაობაზე, ანგარიშში არც ეს საკითხი ასახულა.

„ისეთი ტიპის განცხადებებმა, რომელსაც თქვენ აკეთებთ, შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ რეკომენდაციები საერთოდ აღარ შესრულდეს და სისტემური პრობლემების აღმოფხვრისკენ მიმართული ჩვენი ხედვა გვერდზე გადაიდოს, როგორც იყო ადრე გადადებული,“ -  პასუხობს ჟურნალისტს სახალხო დამცველის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე. გიორგი მშვენიერაძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშზე. ის შეეცადა შეძლებისდაგვარად მიმოეხილა ანგარიშის ყველა თავი, იქნებოდა ეს სამართლიანი სასამართლოს, მაუწყებელთა ლიცენზირების, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში სახალხო დამცველის ოფისის მიერ სასჯელაღასრულების დაწესებულებებსა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში განხორციელებული მონიტორინგი, თუ შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული უფლებები.

თუმცა, ვიდრე კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრებდა, მან თავისი გამოსვლის დასაწყისშივე აღნიშნა ის ტენდენცია, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშებთან დაკავშირებით შეინიშნება: „საპარლამენტო განხილვის დროს სახალხო დამცველის ანგარიშები ტრადიციულად იქცევა ხოლმე არა აღმასრულებელი, საკანონმდებლო ან სასამართლო ხელისუფლების კრიტიკის საგნად, არამედ დეპუტატთა ნაწილი, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ამ ანგარიშთან ერთად იწყებს ომბუდსმენის აპარატის კრიტიკას იმის შესახებ, თუ რატომ არ მოხვდა რომელიმე საკითხი ანგარიშში... მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ანგარიშთან ერთად კრიტიკა იმ ორგანოების მიმართაც იყოს მიმართული, რომელთა ქცევამაც ადამიანის უფლებების დარღვევა გამოიწვია და მეტი ყურადღება იყოს მიმართული საზოგადოების მხრიდან ამ უფლებების დარღვევის აღმოფხვრისკენ.“