პასუხის მოლოდინში გასული ცხოვრება

Image removed.

დევნილები პასუხის მოლოდინში. ფოტო © ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი

"გილოცავთ დღევანდელ დღეს. გმადლობთ, რომ გვინახულეთ, წყალტუბოელი დევნილები არავის ახსოვს. შემიძლია მხოლოდ ჩემი ლექსი გაჩუქოთ". - დისკუსიის დასრულების შემდეგ ხანშიშესული მამაკაცი მიახლოვდება და დაკეცილ ბარათს მორიდებით მაწვდის. როინ ფანგანს შარშან გამართულ დისკუსიებზეც შევხვედრივართ. ის სანატორიუმ "აია"-ში ცხოვრობს, ობოლ შვილიშვილს ზრდის. სანატორიუმ "შახტიორ"-ში ჩვენს მოსასმენად მოვიდა. დარბაზში სხვებიც არიან, ვინც ადრეც დასწრებია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებულ დისკუსიებს. 

წყალტუბოს 22 სანატორიუმში დღეს 2355 ოჯახი ცხოვრობს, მათგან 157 ოჯახი სანატორიუმ "შახტიორ-"ში. 9 მაისია, დისკუსიის პირველი დღე. მზიანი ამინდია, თუმცა სანატორიუმ "შახტიორ-ში ცივა, გაზაფხული ჯერ არ იგრძნობა. მესამე სართულზე ავდივართ, დერეფნებში არავინ გვხვდება, უზარმაზარი დარბაზი ნელ-ნელა ივსება დევნილებით. კედლის საათი სამის ნახევარს აჩვენებს, მახსენდება, რომ დისკუსია პირველისთვის იყო დანიშნული და ვხვდები, რომ გაჩერებულია, როგორც ჩანს დიდი ხანია. დევნილთა უმეტესობა ამავე სანატორიუმში ცხოვრობს. სადისკუსიო თემაა: "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლება: სიტუაციის ანალიზი, სამართლებრივი ასპექტები, პერსპექტივები". დისკუსიის მომხსენებლები არიან საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომიიის წევრი ლია მუხაშავრია, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდის, "აფხაზეთის" წარმომადგენელი მურად აბლოთია და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი ირინა ობოლაძე. დისკუსიას დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, "სინერგიის" თავმჯდომარე ნინო კალანდარიშვილი უძღვება. 

რაში მდგომარეობს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რა კონკრეტულ ღონისძიებებს ითვალისწინებს ეს დოკუმენტები, როგორ მიმდინარეობს განსახლების პროცესი, რა შესაძლებლობები აქვს საზოგადოებას იმისათვის, რომ ზემოქმედება მოახდინოს ამ პროცესზე, სად განასახლებენ დევნილებს და ნებაყოფლობითი იქნება თუ არა ეს პროცესი, ექნებათ თუ არა შესაძლებლობა, თავად აირჩიონ საცხოვრებელი ადგილი და მისაღები იქნება თუ არა მათთვის ის პირობები, რომელსაც სახელმწიფო შესთავაზებს - დისკუსიის მთავარი თემები იყო. 

ლია მუხაშავრია დევნილებს ურჩევს, აქტიურები იყვნენ და როდესაც განსახლების საკითხი კონკრეტულად დადგება მათ წინაშე, დროულად დაინტერესდნენ ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებით, როგორიც არის სამუშაო ადგილები და განათლების ხელმისაწვდომობა იქ, სადაც მათ ჩასახლებას დააპირებენ. ლია მუხაშავრია ამბობს, რომ "ძალადობრივი აქტები ამ პროცესში დაუშვებელი და უკანონოა. საჭიროა, ხელისუფლება აიძულონ, ეს პროცესი ისე გატარდეს, როგორც დევნილებისთვის იქნება მისაღები. ამისათვის კი ძალიან მნიშვნელოვანია მათი აქტიურობა და მონაწილეობა ამ პროცესებში".  

მურად აბლოთიამ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც განსახლების პროცესს თან ახლდა და თქვა, რომ დევნილებისთვის მთავარია, გაიაზრონ, რომ მათ აქვთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რადგან მისი თქმით, სწორედ მათი ეს უფლება ირღვევა ყველაზე ხშირად.  მთავრობას უნდა გამოექვეყნებინა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და ის  სახელმწიფო სტრატეგიისთვის დაერთო. "ადამიანებმა არ იციან, რომელ ობიექტებს ეხება პრივატიზაცია. არც ის  ვიცით, სანატორიუმ "შახტიორს" შეეხება თუ არა იგი. საქართველოში ასეთი უამრავი ობიექტია, რომლის ბედიც ჯერჯერობით უცნობია". მანვე რეაბილიტაციის სტანდარტების დაუცველობაზე ისაუბრა. "უფრო აქტიურად უნდა ჩაებათ ამ პროცესში და სახელმწიფოს მიერ მიღებული დოკუმენტებით იხელმძღვანელოთ, რომ განსახლების პროცესი თქვენთვის სასურველი მიმართულებით წარიმართოს", ურჩევს იგი დარბაზში შეკრებილებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი ირინა ობოლაძე სამართლებრივი დახმარების საკითხებსა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის წერილობითი დოკუმენტაციის მომზადებაზე საუბრობს. მისი აზრით, უმთავრეს პრობლემას ინფორმაციის ნაკლებობა და მოქალაქეების პასიურობა წარმოადგენს. "თქვენი აქტიურობა საკუთარი უფლებების დასაცავად აუცილებელია. იმისათვის, რომ სხვაგან გადაგიყვანონ, ამაზე თქვენი თანხმობა უნდა არსებობდეს. თითოეულ თქვენგანს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება", ახსენებს ის დევნილებს.  

დისკუსიას წყალტუბოს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. აქ იმყოფება ლალი გრიგოლავა, "წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირიდან". მისგან ვიგებთ, რომ "შახტიორს" სავარაუდოდ უკვე ჰყავს შესაძლო მეპატრონე და სანატორიუმი შესაძლოა, გაყიდვას ექვემდებარებოდეს. ის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც იშველიებს, სადაც განსახლების ობიექტებს შორის პირველად დასახელდა წყალტუბო. აქვე იმყოფება გიორგი ქორიძე, თემის განვითარების ცენტრის, "პროგრესის" წარმომადგენელი. ის იმ კომისიაზე საუბრობს, რომელიც განსახლების პროცესის დაწყებასთან ერთად შეიქმნება და რომელშიც მათი ორგანიზაციის წარმომადგენელიც იქნება, რომელიც დევნილ საზოგადოებას დაუჭერს მხარს და მათ უფლებებს დაიცავს. 

დისკუსიის მსვლელობისას ისიც ითქვა, რომ წყალტუბოში 10 ოთხსართულიანი კორპუსი შენდება, სადაც დაახლოებით 240-მდე ოჯახი უნდა განთავსდეს. იმასაც ყველა ხვდება, რომ ამ კორპუსებში ყველანი ვერ განთავსდებიან. დისკუსიაში "შახტიორში" მცხოვრები დევნილებიც ერთვებიან.  აკაკი მარგიანი: "თქვენ ხომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხართ, ხომ უნდა დაიცვათ ჩვენი უფლებები, ხომ უნდა იდგეთ ჩვენს გვერდით, დაგვიცავით, ხომ ხედავთ, რომ ჩვენი უფლებები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა", ნანა ბოკუჩავა - "ჩვენთან ხშირად მოდიან იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მაგრამ შეხვედრები შეხვედრად რჩება. თქვენ თუ არ გაქვთ სრული ინფორმაცია, ჩვენ საიდან გვექნება. პასუხს ვერავისგან ვიღებთ. ითქვა, რომ არჩევანის გაკეთების უფლება გვაქვს, არც თბილისს ვითხოვ, არც ქუთაისს, ისევ წყალტუბოს ვირჩევ. იმიტომ რომ ცხრამეტი წელი გავატარე წყალტუბოში და ისევ აქ მინდა დავრჩე. ჩვენი ბავშვები აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ. მაგრამ დამტოვებენ აქ? საუბარია იმაზე, რომ ფოთში უნდა გადაგვიყვანონ. გამეცით პასუხი, როგორ მოვახერხო, რომ დავიცვა ჩემი არჩევანი და წყალტუბოში დავრჩე". 

რა ელით ხვალ, წყალტუბოში დატოვებენ თუ სხვაგან გადაიყვანენ, ეს მათი მთავარი კითხვაა. ომანაძე ზაირა გულრიფშიდან არის დევნილი, თვრამეტი წელია, რაც სანატორიუმ "შახტიორში" ცხოვრობს: "აქ რომ ჩამოვედი, 36 წლის ვიყავი. ბოლო ორი წელია, რაც ჩემს სახლ-კარში დაბრუნების იმედი აღარ მაქვს, ადრე რომ მეფიქრა, რომ აფხაზეთში ვეღარ დავბრუნდებოდი, წყალტუბოში ამდენ ხანს ნამდვილად არ გავჩერდებოდი. ორი დაოჯახებული ბიჭი მყავს,  ამავე სანატორიუმში ცხოვრობენ, ერთი ჩვენთან ერთად, მეორე ცალკე, თავის ოჯახთან. გვეუბნებიან, რომ რამდენი ქორწინებაც არის ოჯახში, იმდენი ბინა გვეკუთვნის. შვილიც ჰყავთ, ასე რომ წესით ოროთახიანი ბინა უნდა შეხვდეთ. ფოთში უნდათ გადასვლა, მაგრამ იქაურობა ჯერ არ გვინახავს და არ ვიცით, როგორი პირობებია. წყალტუბო მკვდარი ქალაქია. აქ სამსახური ძნელი საშოვნელია. ფიქრობენ, რომ ფოთში შეიძლება უფრო იყოს სამუშაო ადგილი.  ჩემი შვილების გარდა აქ 24 ოჯახს უნდა ფოთში გადასვლა. მაგრამ მე ძალიან ვარ აქაურობას მიჩვეული". 

დისკუსიის მეორე დღე. ქუთაისი, სასტუმრო "ხვამლი". სასტუმროში შესვლამდე უკვე იგრძნობა, რომ დისკუსია მწვავე იქნება. მეორე სართულზე ავდივართ, პატარა ოთახი დევნილებით არის სავსე. უმეტესად ქალები არიან, მამაკაცები მოგვიანებით შემოდიან. წყალტუბოს მსგავსად, არც აქ ჩანან ახალგაზრდები. ყველანი ამაოდ ვუცდით ჯანო ზოსიაშვილს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო დისკუსიაში. მოგვიანებით დისკუსია ხელისუფლების წარმომადგენლების დაუსწრებლად მაინც ტარდება. მას სასტუმრო "ხვამლის" დევნილთა კომიტეტის თავმჯდომარე ლელა აბშილავა ხსნის: "ხვამლს" ჰყავს მესაკუთრე. კარგი იქნებოდა, მოსულიყვნენ და აეხსნათ ჩვენთვის, აპირებენ თუ არა სასტუმროს მიყიდვას ხელისუფლებისთვის და ხელისუფლება დააპირებს თუ არა შემდეგ სასტუმროს ჩვენთვის დატოვებას. არ ვიცით, გაგვასახლებენ თუ აქ დაგვტოვებენ. მაგრამ განსახლებამდეც ბევრი პრობლემა გვაქვს, რამდენი წყალსაქაჩიც არ ვიყიდეთ, ყველა გადაგვეწვა, იმიტომ რომ დენის მოწოდება დიდი პრობლემაა''. პრობლემა სხვაც ბევრია, შემოსასვლელი გზით და ტრანსფორმატორით დაწყებული, ნაგვის ურნებით დამთავრებული. 

დევნილები სასტუმრო "ხვამლში" უკვე 18 წელია ცხოვრობენ. ოფიციალურად 135 ოჯახია დარეგისტრირებული, რეალურად კი 84 ოჯახი ცხოვრობს. "ამ გაუსაძლის პირობებში ჩვენ როგორ გავჩერდით, ის მიკვირს, თორემ ხალხი საშოვარზეა წასული, ზოგი სად და ზოგი სად", ამბობს ლელა აბშილავა. 

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელს, ირინა ობოლაძეს დღეს უკვე "ხვალმში" მცხოვრები დევნილებისთვის უწევს სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე საუბარი. იგი ასევე საუბრობს უფასო იურიდიულ დახმარებაზე, რომელსაც მათი ორგანიზაცია დევნილ მოსახლეობას უწევს. ის დევნილებს დოკუმენტაციის მომზადებაში და განცხადებების დაწერაში დახმარებასაც პირდება. 

ოთახში შეკრებილი ადამიანები უკმაყოფილებას არ მალავენ და ამბობენ, რომ ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს ელოდებონენ, რადგან მათგან კონკრეტული ინფორმაციის მოსმენა სურდათ. "სათქმელი არაფერი აქვთ", ასკვნიან დევნილები, ან "ისეთი პასუხი აქვთ, რაც მათ არ მოეწონებათ". დისკუსია სრულდება. ვემშვიდოებით მასპინძლებს და თბილისისკენ მოვეშურებით.