თავისუფლება და შიში

ფოტო-გამოფენა "აღიარება იწყება შენით".  კავკასიაში სოციალური ფოტოგრაფიის ფონდი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში 16 მაისს გამართული საჯარო დისკუსია ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელიც 17 მაისს აღინიშნება.

საქართველო ტრადიციების ქვეყანაა. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ყველაფრის შეთავსება? როგორია თქვენი საოცნებო ქვეყანა? რას აკეთებთ სიძულვილის ენასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად? ღირებულებათა სისტემა, რომელსაც ამკვიდრებთ, არის თუ არა იდეოლოგიური დივერსია საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ერის ღირებულებების წინააღმდეგ? როგორ უნდა ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება? რამდენად არის პოტენციალი საქართველოში ლგბტ მოძრაობის ჩამოსაყალიბებლად და რამდენად ხედავთ ლგბტ მოძრაობას ამ პრობლემების გადაჭრის მთავარ აქტორად? საქართველოში ჰომოფობია ცალკე დაყენებული პრობლემაა თუ ქსენოფობიური განწყობების ნაწილია? ვინ თესავს შიშს და რატომ არ არის სახელმწიფო იმის გარანტი, რომ შექმნას უსაფრთხო გარემო ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანისთვის? - ეს ის შეკითხვებია, რომლებიც დისკუსიის მსვლელობისას დაისვა. 

დისკუსიაზე განხილულ საკითხთა უმეტესობას, ისევე როგორც დასმულ შეკითხვებსაც, ძალიან მალე, მეორე დღესვე გაეცა პასუხი, რუსთაველის პროსპექტზე ლგბტ თემის მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორგანიზებული მსვლელობის დარბევით. მმკ-ს წევრები წინა წლებისაგან განსხვავებით ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიას არ დასწრებიან. ამჯერად მათ იმ სივრცეში არჩიეს  მოქმედება, სადაც ზურგს უმცირესობის წინააღმდეგ უმრავლესობა გაუმაგრებდათ. დისკუსიაზეც აღინიშნა, რომ კვლევები ადასტურებს, რომ ჩვენს საზოგადოებაში ლგბტ თემისადმი ტოლერანტული მოსახლეობის მხოლოდ ათი პროცენტი თუა.

ჰაინროჰ ბიოლის ფონდში დისკუსიის პარალელურად საქართველოსა და კავკასიაში სოციალური ფოტოგრაფიის ფონდთან თანამშრომლობით ასევე მოეწყო ფოტო-გამოფენა სახელით "აღიარება იწყება შენით". ეს სიტყვები უშუალოდ უკავშირდება დისკუსიის თემას "თავისუფლება და შიში".

როგორ უნდა გადაილახოს შიში, ან როგორ უნდა დაიძლიოს სოციალური წნეხი, რომელიც არსებობს საზოგადოების მხრიდან? "ლგბტ-საქართველოს" თავმჯდომარის, გიორგი თაბაგარის თქმით, მწირია რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც დათანხმდნენ მონაწილეობა მიეღოთ ფოტოსესიაში "აღიარება იწყება შენით", რაც სწორედ ამ შიშს უკავშირდება. "ძალიან რთულია გაუმკლავდე იმ სტიგმას, რომელიც გარანტირებული გაქვს "ქამინგ აუთის" შემთხვევაში... საზოგადოების ეს ნაწილი ცალსახად არის მოწყვლადი და ის პრობლემები, რომლებსაც ეს ადამიანები განიცდიან, დროულ მიხედვას საჭიროებს", ამბობს იგი.

გიორგი თაბაგარმა საკანონმდებლო გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, წინ ვუსწრებთ კიდეც თავად ამ თემში არსებულ გარემოს, "საკანონმდებლო კუთხით ქვეყანა ბევრად უფრო წინ არის წასული, ვიდრე მოსახლეობის და ლგბტ თემის ცნობიერებაა ამ საკითხთან დაკავშირებით". მან ასევე მიანიშნა იმაზე, რომ ჰომოსექსუალური აქტის დეკრიმინალიზაცია ათეულობით წელია მოხდა საქართველოში, რამდენიმე თვის წინ კი მიღებულ იქნა კანონი, რომელიც ჰომოფობიით მოტივირებულ დანაშაულს დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ქართულმა საზოგადოებამ, პირველ რიგში კი თავად ლგბტ თემმა. უპირველეს ყოვლისა კი, მნიშვნელოვანია, ლგბტ ორგანიზაციები და მედია, რომლის როლიც ძალიან მნიშვნელოვანია და საკანონმდებლო ორგანოც, მივიდეს კონსესუსამდე სიძულვილის ენასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას.