მომხსენებლები:
- ნინო გაბუნია - არასამთავრობო ორგანიზაციის „პროგრესი” ხელმძღვანელი (ბათუმი);
- ნინო ტავლალაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე (ბათუმი);
- თათა ცოფურაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (თბილისი).
მიუხედავად დეკლარირებული თანასწორობისა, აშკარად შესამჩნევია ქალების არყოფნა ქართულ პოლიტიკაში, სახელისუფლებო მმართველობის ყველა დონეზე. ამ თემაზე 28 მაისს ბათუმში, პრესკაფეში, გაიმართა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებული დისკუსია.
1990–იან წლებამდე სახელისუფლებო მმართველობის სხვადახვა დონეზე ქალების მცირე წარმომადგენლობა ცალკეულ შემთხვევებში თვითშეზღუდვას უკავშირდებოდა, სხვა შემთხვევაში ქართული ადათ–წესებისა და იმ სტერეოტიპების არსებობას, რომელიც დამკვიდრებული იყო ჩვენს საზოგადოებაში. ქალების როლი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე, ძირითადად ვერ სცდებოდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სხვადასხვა თანამდებობებს. არის თუ არა ეს გარემოებები დღესაც ხელისშემშლელი ფაქტორი გენდერული თანასწორობის, ქალთა და მამაკაცთა თანაბარი წარმოჩენის საქმეში.
რა შეიცვალა ქალის დასაქმებისა თუ ქალთა უფლებების მხრივ მე–19 საუკუნიდან დღემდე? რატომ გაურბის ქალი პოლიტიკურ თანამდებობებს, თუკი იგი თავს არ არიდებს სოციალურ პასუხისმგებლობას? ეს საკითხები განიხილეს დისკუისიაზე მომხსენებლებმა და მონაწილეებმა.
2008 წელს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ჩატარებული კვლევებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემდეგი სურათი გამოიკვეთა. მაღალმთიანეთის მუნიციპალიტეტებთან შედარებით ბათუმის მერიაში და საკრებულოში ქალბატონების რიცხვი კიდევ უფრო შემცირდა. უმნიშვნელო რაოდენობით გაუმჯობესდა სიტუაცია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ამავე კვლევის მიხედვით შუახევის საკრებულოს 16 თანამშრომელიდან 5 ქალია, გამგეობის 153 თანამშრომლიდან კი 21. ქედის საკრებულოს 15 დასაქმებული პირიდან 8, ხოლო 150 თანამშრომლიდან 21 ქალია. ხელვაჩაურის გამგეობაში დასაქმებული 180 ადამიანიდან 45-ია ქალი. ზოგადი მაჩვენებლის მიხედვით, აჭარის მაღალმთიანეთში ქალების უმრავლესობა დაუსაქმებელია. ამავე დროს, ფაქტია ისიც, რომ პოლიტიკური პარტიები გამსვლელ სიაში ქალებს არ წერენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალი ხდება პოლიტიკური ფიგურა და აღწევს გადაწყვეტილებების მიმღების პოზიციას, იგი არ იბრძვის ქალთა უფლებების გასაუმჯობესებლად ან კიდევ შრომითი კოდექსის ცვლილებებისთვის, რომლებიც გენდერულ თანასწორობაზე იქნებოდა მიმართული.
დისკუსიაზე აღინიშნა, რომ გენდერული საკითხის მოწესრიგება არ წარმოადგენს რთულ და დაუძლეველ პრობლემას, მთავარია სახელმწიფოს ჰქონდეს სურვილი ამ მიმართულებით გადადგას სტრატეგიული ნებიჯები და ამავე დროს გაითვალისწინოს ევროპის ქვეყნების გამოცდილება, რომლიდ ადაპტირება საქართველოსა და მის ტრადიციებთან სრულიად შესაძლებელია.