პოლიტიკა და რელიგია: დესეკულარიზაციის ტენდენცია

Კითხვის დრო: 4 წუთი
რატი ამაღლობელი, ნიკოლოზ ლალიაშვილი, გოგი გვახარია, რუსუდან გოცირიძე, გიორგი მაისურაძე

საქართველოში დესეკულარიზაცია არ მიმდინარეობს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის არც ყოფილა სეკულარული სახელმწიფო  -  მთავარი გზავნილი დისკუსიიდან, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში თემაზე “პოლიტიკა და რელიგია: დესეკულარიზაციის ტენდენცია” გაიმართა. დისკუსიის იდეა მას შემდეგ დაიბადა, რაც ქრისტიან-დემოკრატიული პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა. მას შემდეგ კიდევ გაკეთდა ამ თვალსაზრისით საინტერესო განცხადებები, რამაც ბუნებრივად გააჩინა დესეკულარული პროცესების მომძლავრების ეჭვი.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, პარლამენტარი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი ნიკოლოზ ლალიაშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი და ფილოსოფოსი, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი გიორგი მაისურაძე. შესაბამისად, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ამ თემაზე ოთხი განსხვავებული მოსაზრება მოესმინა.

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი ნიკოლოზ ლალიაშვილი ფიქრობს, რომ იმაზე, თუ რამდენად სეკულარულია სახელმწიფო, ყველაზე ნათლად ის ფაქტი მეყველებს, იკლებს თუ არა მასში მორწმუნეთა რაოდენობა და ამბობს, რომ “არ შეიძლება ლაპარაკი იყოს სეკულარიზაციაზე იქ, სადაც არიან მორწმუნე ადამიანები”. შესაბამისად, რადგან სეკულარიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს, მით უფრო წარმოუდგენელია ქვეყანაში დესეკულარიზაციაზე ფიქრი. ნიკოლოზ ლალიაშვილის განმარტებით, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მართლაც გაძლიერდა სეკულარიზაციის პროცესი. ეკლესიამ ცენტრიდან პერიფერიაზე გადაინაცვლა. მას არც პოლიტიკაზე და არც სხვა სფეროებზე აღარ ჰქონდა გავლენა. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. “2007 წლის შემდეგ ეს მიდგომები შეიცვალა და რელიგიამ კვლავ დაიკავა ერთ-ერთი ცენტრალური როლი. აუცილებელი გახდა პატრიარქის ფაქტორი საერო ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის, რადგან მისი ლეგიტიმაცია ამ პერიოდში ძალიან იყო შერყეული. შეიძლება ვთქვათ, რომ მოხდა ეკლესიის “აპდეითი”, მოხდა შეწყობა არსებულ რეალობასთან. ეკლესიამ გაიძლიერა თავისი პოზიციები და მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს.”

ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ არსებული რეალობის გათვალისწინებით გადაწყვიტა, რომ სწორი იქნებოდა, თუ კონსტიტუცია ასახავდა იმ ვითარებას, რაც არის დღეს საქართველოში. “მიზანშეწონილად ჩავთვალეთ კონსტიტუციის პრეამბულაში უფლის სახელის მოხსენიება”, აცხადებს ნიკოლოზ ლალიაშვილი - “გადავწყვიტეთ კიდევ უფრო წარმოგვეჩინა ქრისტიანობის როლი, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მე-9 მუხლში ეს არის ნახსენები. ჩვენი ინიციატივით ეს სიტყვები უნდა ავიდეს პრეამბულაში  და უნდა გაჩნდეს ჩანაწერი: “ქრისტიანულ ტრადიციებზე დაფუძნებული”.

არათუ დესეკულარიზაცია, თავად სეკულარიზაციაც კი ჯერ კიდევ გაუგებარი ცნებაა საქართველოს სინამდვილისთვის, მიაჩნია საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს. როგორც ქალბატონმა რუსუდანმა აღნიშნა, საქმეს ისიც ართულებს, რომ  სეკულარიზაციის უნივერსალური ცნება არ არსებობს. შესაბამისად გაუგებარია, რომელი ფორმის სეკულარიზაციის დესეკულარიზაციაზე უნდა ვისაუბროთ. ისიც ბუნდოვანია, როგორ განისაზღვრება, არის თუ არა სახელმწიფო სეკულარული: სახელმწიფო მოწყობით, კანონმდებლობით თუ ღირებულებებით და ყოველდღიური ცხოვრებით.

რუსუდან გოცირიძეს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კულტურა საქართველოში გაცილებით ჩამორჩება არსებულ კანონმდებლობას და იმის ნაცვლად, რომ კანონმდებლობა დაიწიოს საზოგადოების მხრიდან წამოსული მოთხოვნების თუ დაკვეთების შესაბამისად, რეალობა თავად უნდა დაეწიოს კანონს. რაც შეეხება რელიგიის როლს საზოგადოებასა და ქვეყნის ცხოვრებაში, მისი თქმით, “რელიგია არ არის პრივატული სივრცის საქმე. ერთის მხრივ ეს არის პირადი ურთიერთობა ადამიანსა და ღმერთს შორის, მაგრამ მეორე მხრივ რელიგია თავის თავში მოიაზრებს თემის რელიგიურ პრაქტიკას, თემად ყოფნას. და რაკი არსებობს ადამიანთა ერთობა რელიგიის გარშემო, შესაბამისად ისინი რაღაც როლს თამაშობენ საზოგადოებაში”. რელიგიის როლზე და სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზე სხვა მომხსენებლებმაც ისაუბრეს.

“თუ მართლმადიდებლობის განსაკუთრებულ როლზეა საუბარი საქართველოს ისტორიაში, ამავე ლოგიკით შეგვიძლია საუბარი არმაზის რელიგიის განსაკუთრებულ როლზეც , იმიტომ რომ მინიმუმ 6-7 საუკუნე, საქართველოს სახელმწიფოს შექმნას ეს რელიგია დაედო საფუძვლად”,  ფიქრობს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე.  მისივე თქმით, საქმე ეხება არა დესეკულარიზაციას, არამედ რესაკრალიზაციას და კონტრსეკულარიზაციას. რესაკრალიზაციის პროცესი კი საქართველოში 1987 წელს ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვით დაიწყო. ხოლო თუ მაინც ვისაუბრებთ სეკულარიზაციაზე საქართველოში, ეს პროცესიც ყველაზე მეტად ილია ჭავჭავაძეს უკავშირდება, რომელმაც საკრალური წესრიგი, დამყარებული ღვთის მიერ ხელდასმულ მეფის იდეაზე და შესაბამისად ამ წესრიგზე,  ახალი პრინციპით შეცვალა და ნაციის, ერის ცნება შემოიტანა, რაც არის სეკულარული მოვლენა. “ეკლესია საკრალიზაციის რესაკრალიზაციის მეშვეობით იპყრობს იმ სივრცეს, რომელიც მას სეკულარიზაციამ წაართვა”, აცხადებს გიორგი მაისურაძე.

მან საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ინიციატივა აბსურდულად მიაჩნია. მისი აზრით “ეს არის სახელმწიფოებრიობის, სამართლიანობის პრინციპზე თავდასხმა, როდესაც პატრიარქი თავისი ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ ის ბრძანებს. პატრიარქი უდიდესი ავტორიტეტია საქართველოში, მაგრამ მისი კომპეტენცია არ არის გამოსცეს ბრძანება და მას დაემორჩილოს სახელმწიფო ინსტიტუცია. როდესაც სახელმწიფო ინსტიტუცია ემორჩილება არასახელმწიფო ინსტიტუციის წარმომადგენლის, რაოდენ დიდი ავტორიტეტიც არ უნდა იყოს ის, მითითებას, ინგრევა სახელმწიფოს სამართლებრივი საფუძველი”. გიორგი მაისურაძემ კონკორდატზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შექმნა შეცდომა იყო და ვიდრე იგი იარსებებს, ქართული საზოგადოება კიდევ ბევრი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.

დისკუსიის კიდევ ერთმა მომხსენებელმა რატი ამაღლობელმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რა ემართება ქრისტიანობას საქართველოში - “როგორც ქრისტიანი ადამიანი ძალიან ვწუხვარ, რაც ქრისტიანობას ემართება საქართველოში, რა ტრაგიკული მდგომარეობის წინაშეც ვართ. იმიტომ რომ ძირითადი ქრისტიანული არსი დარღვეულია ყოველ ნაბიჯზე... ადამიანები ამ დამახინჯებულ ქრისტიანობასთან ვერ ამყარებენ კავშირს და აქვთ პროტესტი”. ამის მიზეზი მისი აზრით ის არის, რომ დღეს საქართველოში ადამიანები ყველაზე ნაკლებად რასაც კითხულობენ და იცნობენ, სწორედ ქრისტიანული ლიტერატურაა. მისივე თქმით,

“ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ეკლესიის წარმომადგენლებმაც უნდა გაიხსენონ, თუ როგორია ქრისტეს ძალაუფლება. ის ჰგავს ჩვილის ძალაუფლებას და არა კოლექტიურ პირჯვრისწერას, არა საკანონმდებლო ცვლილებებს, არა ხოტბის შესხმას და ოდას ქრისტიანობის მიმართ, არამედ მოწიწებას, რომელიც სამწუხაროდ დავკარგეთ”.

დებატების ვრცელი მიმოხილვა (pdf, 24 გვ., 219 კბ)