დემოკრატიზაციის კრიზისი და ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში

Კითხვის დრო: 2 წუთი
გიორგი კანაშვილი და ტომ დე ვაალი

რა უშლის ხელს კონფლიქტების დარეგულირებას სამხრეთ კავკასიაში, მით უმეტეს, თუ აქ არ დგას „ეთნიკური შეუთავსებლობის“ ფუნდამენტური პრობლემა, როგორც ამბობს თომას დე ვაალი, კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, თუ კონფლიქტში ჩართულ ხალხს ერთმანეთის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და ეს ცნებაც საფუძველს არის მოკლებული. რა პოლიტიკური კონტექსტები განაპირობებს ამ შემთხვევაში საზოგადოებების დაპირისპირებას და აფერხებს კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა მცდელობას. რამდენად განაპირობებს კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობებს ეროვნული იდეები და რა განსაზღვრავს პოლიტიკურ კულტურას, რომელშიც კომპრომისი ღალატად არის გაგებული. რა კავშირშია ქვეყანაში და მთელ რეგიონში დემოკრატიზაციის პროცესები კონფლიქტების ტრანსფორმაციასთან, მზად არის თუ არა დღევანდელი საზოგადოება ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში მომწიფებული პრობლემების და 1990-იანი წლებიდან ღიად განვითარებული მოვლენების შესაჩერებლად. 

კონფლიქტები საქართველოს ტერიტორიაზე, სომხეთსა და აზერბაიჯანში, პრობლემები ჩრდილოეთ კავკასიაში, გეოპოლიტიკური საკითხები და სტრატეგიული ინტერესები, რუსეთის როლი ამ პროცესებში და კონფლიქტების დარეგულირების შესაძლო გზები, განმასხვავებელი ფაქტორები ამ კონფლიქტებს შორის და სპეციფიური პრობლემები, კონფლიქტების აღქმა და მათი გადაჭრის ხედვა საზოგადოების მხრიდან, დაკვეთა საზოგადოებიდან და პოტენციალი ამ კონფლიქტების დასარეგულირებლად, კავკასიური სახლის იდეა, საზოგადოებრივი განწყობები და განმსაზღვრელი ნარატივები, ჩატარებული კვლევები და დამოკიდებულებები  - ამ თემებზე საუბრობდნენ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში თემაზე: “დემოკრატიზაციის კრიზისი და ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში”, გამართული დისკუსიის მომხსენებლები: მარინა ელბაქიძე, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თანამშრომელი, თომას დე ვაალი, კარნეგის ფონდი საერთაშორისო მშვიდობისთვის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლორენს შითსი, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის პროექტის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში და გიორგი კანაშვილი, კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი.

ინაცვლებს თუ არა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საქართველოში პრიორიტეტების ჩამონათვალში უკანა პლანზე და თუ ეს ასეა, რა არის ამის მიზეზი, რამდენად მნიშვნელოვანია ქართველებისთვის დღეს ეს საკითხი და ხომ არ ვტრიალებთ ჩაკეტილ წრეში, ვის მიერ უნდა იყოს ინიცირებული კონფლიქტის მოგვარების რეალური გზები, რატომ ხდება აფხაზი ხალხის როგორც მხარის იგნორირება ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში, რატომ დაიძაბა სიტუაცია პანკისის ხეობაში და ხომ არ არსებობს კონფლიქტის გადმოსვლის საფრთხე ჩრდილოეთ კავკასიიდან, როგორია ურთიერთმიმართება ერთი მხრივ ადამიანებს შორის ურთიერთობებსა და მეორე მხრივ ამ კონფლიქტების პოლიტიკურ კონტექსტს შორის, რატომ არის კონფლიქტები ყველაზე დიდი შემაფერხებელი რეგიონის განვითარებისთვის და რამდენად გადაუდებელია მათი მოგვარება საზოგადოების სხვადასხვა დონეზე - ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს საკითხები, რომლებმაც დისკუსიაზე დამსწრე საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია.