პოლიტიკა და კულტურა სახელმწიფოს და საზოგადოების ურთიერთობის ჭრილში

Კითხვის დრო: 3 წუთი

რამდენად  განსაზღვრავს სახელმწიფო და პოლიტიკა კულტურის ერთი და ოფიციალურად დაშვებული „იდეოლოგიზირებული“ მიმართულებით ფორმირებას, და როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პოლიტიკა იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს ღია, თავისუფალი და ინკლუზიური გარემოს შესახებ საუბარი? არის თუ არა „რადიკალური“ ცვლილება ქართულ კულტურაში და რამდენად მნიშვნელოვანია არსებული კულტურული მეხსიერების შენარჩუნება საზოგადოებრივი განვითარებისთვის? ამ საკითხებზე ისაუბრეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაზე 21 სექტემბერს, ბათუმში. პრესკაფის სადისკუსიო კლუბის კარი ამჯერად ღია იყო დამსწრეთათვის, რომლებსაც სურდათ მოესმინათ მსჯელობა თემაზე: „პოლიტიკა და კულტურა სახელმწიფოს და საზოგადოების ურთიერთობის ჭრილში“. დისკუსიის მთავარი მომხსნებლები იყვნენ ფილოსოფოსი გიორგი მასალკინი, კინომცოდნე გიორგი გვახარია, „ტფილისის ჰამქარის“ კულტურის მენეჯერი მაგდა ცოცხალაშვილი და ლალი პერტენავა - ღია საზოგადოების ფონდების ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის კოორდინატორი.

საჯარო დისკუსიაზე ითქა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქართულ კულტურაში მოხდა რადიკალური ცვლილებები, ეს ცვლილება განსაკუთრებით იგრძნობოდა არქიტექტურაში. ჩვენი ქალაქი იძლევა კარგ მაგალითს თუ როგორ ვლინდება ლიდერის გემოვნება ამა თუ იმ დარგის წინა პლანზე წამოწევისას. მომხსენებელმა გიორგი მასალკინმა გაიხსენა ასლან აბაშიძის მმართველობის წლები, როცა მან პრიორიტეტულად გამოაცხადა ხელოვნების ორი დარგი: ბალეტი და ოპერა. სწორედ ამ დროს დაიწვა ბათუმის ცირკი, საზაფხულო თეატრი, ფუნქციონირება შეწყვიტა დრამატულმა თეატრმა და კინოთეატრმა. განვითარდა კლასიკურ კანონებში მოქცეული ორი დარგი, სადაც არ მოელი რაიმე სპონტანურობას, გაუთვალისწინებელ განვითარებას, რაც ძალიან განსხვავდება ცირკისგან, კინოთეატრისგან თუ თეატრისგან. თვალშისაცემი გახდა კიჩი და არა კლასიკა. თუმცა, მომხსენებლის მოსაზრებით, რეჟიმთან ერთად პრიორიტეტებს ქმნის საზოგადოებაც. მეორე მომხსენებლის, მაგდა ცოცხალაშვილის თქმით, ბოლო 8-9 წლის განმავლობაში საქართველომ დაკარგა ბევრი ისეთი ისტორიული უბანი და ძეგლი, რომლის ფასი განუზომელია არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობისათვის. ცხადია, საზოგადოების გულგრილობა და ხელისუფლების დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. ლალი პერტენავას თქმით, მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივობა. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად, არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების მიზნით ქვეყნის მთავრობის მიერ ქმედითი ნაბიჯების აუცილებლობისა, ჩვენს ქვეყანაში კულტურულ მემკვიდრეობას დაცვა უპირობოდ სჭირდება.

მოხდა თუ არა თანხვედრა პოლიტიკურ და კულტურულ ელიტებს შორის? კინომცოდნე გიორგი გვახარიას მოსაზრებით, საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ გადაწყვიტა, რომ ჩვენი კულტურა იყო „ოპერეტა კულტურა, ანუ ვითომ ოპერა. ოპერა გამჭვირვალე სახლია, მაგრამ გამჭირვალეობა არ არის, ვითომ მღერის, მაგრამ არ მღერის. შესაბამისად, ბუნებრივია, ოპერეტის ვარსკვლავი იყოს ქართული კულტურის სახე... მთელი თავისი უმანკოებით და თავისი ვოკალური შესაძლებლობით“. და ბოლოს, გიორგი გვახარიას აზრით, რა შეცდომა დაუშვეს ამ ადამიანებმა? “ამ ქედმაღალ ადამიანებს ჩაეშალათ ამბავი სწორედ რეალითი შოუთი, სწორედ რეალითი შოუმ ითამაშა იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ, რომლებმაც მოიგონეს ეს კულტურა“.