ქალური ტრადიცია ქართულ ლიტერატურაში: ახალი სახეები და მემკვიდრეობითობა

Კითხვის დრო: 3 წუთი
დავით გაბუნია და გოგი გვახარია
Teaser Image Caption
დავით გაბუნია და გოგი გვახარია

თემაზე “ქალური ტრადიცია ქართულ ლიტერატურაში: ახალი სახეები და მემკვიდრეობითობა” გამართული დისკუსიის ერთ-ერთმა მომხსენებელმა დავით გაბუნიამ თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების გასაანალიზებლად ლიტერატურული კონკურსის “საბას” “სტატისტიკური” მონაცემები მოიშველია. მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში პრემია საუკეთესო პროზაული კრებულისთვის, ისევე როგორც საუკეთესო პოეტური კრებულისთვის, 1 ქალს ერგო, საუკეთესო რომანისთვის ორს, ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის პრემია ასევე ერთ ქალს, ანა კალანდაძეს აქვს მინიჭებული. სამაგიეროდ 9 ქალს აქვს მიღებული  პრემია საუკეთესო დებიუტისთვის და მხოლოდ 3 მამაკაცს. საინტერესოა ჟიურის წევრებზე დაკვირვებაც. აღმოჩნდა, რომ ათი წლის განმავლობაში  ჟიურის 61 წევრიდან 53 მამაკაცი იყო და 8 ქალი.

მაგრამ ეს დისკუსიის მხოლოდ ერთი ხაზია. დათო გაბუნიამ პოზიტიურ  დისკრიმინაციაზე და მის მნიშვნელობაზეც ისაუბრა ისეთი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის, როგორიც საქართველოა. როგორც დათო გაბუნია განმარტავს, “ეს არის ზომა მათთვის, ვისაც სხვადასხვა მიზეზების გამო არა აქვს თანაბარი რეპრეზენტაციის შესაძლებლობა. როდესაც თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა ქალს და მამაკაცს, რაღაც ხნის მერე ასეთი ზომების მიღება საჭირო აღარ არის. და სწორედ ის, რომ ჟიურის წევრებიდან 53 კაცია და 8 ქალი, ამგვარი ზომების აუცილებლობაზე მეტყველებს.

“ლინეარულობა, თანმიმდევრულობა, რაციონალიზმი, სტოიკურობა, ემოციებისაგან დაცლა“ ენის მხრივ - ამ ყველაფრის ანტიპოდია “ქალური ენა”, რომელიც არის არათანმიმდევრული, დატეხილი წინადადებებით, დატეხილი სინტაქსით” ნაწყობი - ამბობს სალომე ცოფურაშვილი. მისივე თქმით, როდესაც გენდერულ თანასწორობაზე იწყება საუბარი, ხშირად იშველიებენ იმას, რომ ქართული ენა გენდერულად დაუნაწევრებელია, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ჩვენს არაცნობიერში, რომელიც ენით გამოიხატება, გენდერული დაყოფა მინიმუმამდეა დაყვანილი. მაგრამ ეს თუ მართლაც ასეა, რატომ უწოდებენ საქართველოში მწერლობაში მოღვაწე ქალს “მწერალ ქალს”, როდესაც მწერალ მამაკაცს უბრალოდ “მწერალს” ვუწოდებთ? ხომ არ არის ეს იმის დადასტურება, რომ “სიტყვა “მწერალს” ჩვენს არაცნობიერში აქვს სქესი და ეს სქესი მამრობითია?”

დისკუსიის კიდევ ერთმა მომხსენებელმა, მწერალმა ნინო ხარატიშვილმა ამ თემის დასავლურ პრობლემატიკაზე ისაუბრა და თქვა, რომ გერმანიაში, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს, ერთი შეხედვით არ არის ასეთი სიტუაცია. “თითქმის ყველას, ვინც წერს, ეძლევა შანსი, რომ რამენაირად თავი წარმოაჩინოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა კარგად წერს... შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება კაც მწერლებზე მეტი პრემია აქვთ აღებული მწერალ ქალებს. ძალიან ბევრი მწერალი ქალის რომანი გამოდის ყოველწლიურად, ითარგმნება და ა.შ. “ ეს თითქოს კარგი უნდა იყოს, რომ არა სხვა პრობლემები. ნინო ხარატიშვილის თქმით, ეს არცერთი კუთხით არ არის თანასწორუფლებიანობა, იქნება ეს ფემინისტური თუ არაფემინისტური, არ არის გამართლებული, მიენიჭოს ადამიანს უპირატესობა, თუ ის, რასაც აკეთებს, იმით არ არის საინტერესო”. “მინდა აღმიქვან როგორც მწერალი და არა როგორც ქალი მწერალი”, ამბობს ნინო ხარატიშვილი.