ადამიანის უფლებების პრიორიტეტი: სახალხო დამცველის როლი და მისია - საზოგადოებრივი მოლოდინები და შესაძლებლობები ცვლილებისათვის

გელა ნიკოლაიშვილი, ლია მუხაშავრია, გოგი გვახარია, თამარ გურჩიანი

თამარ გურჩიანმა თავისი გამოსვლა ბიოლის ფონდში ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან ამოღებული ციტატით დაიწყო, რითიც თავიდანვე გააკეთა აქცენტი ადამიანის სიცოცხლეზე, თანასწორობასა და თავისუფლებაზე და მის სწრაფვაზე ბედნიერებისკენ, როგორც სახელმწიფო საზრისზე, მე კი ჩემს სტატიას თამარ გურჩიანის სიტყვებით დავიწყებ იმის შესახებ, რომ “ის პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, და მათ შორის დისკუსიები სახალხო დამცველის კანდიდატებს შორის, ადასტურებს იმას, რომ პირველად ვდგავართ ისტორიული გამოწვევის წინაშე, ავირჩევთ თუ არა რეალურად პოლიტიკურად ნეიტრალურ სახალხო დამცველს, რომელიც არ იქნება არცერთი პოლიტიკური გუნდის ნაწილი და რომლის ერთადერთი ფუქციაც იქნება ის, რასაც ითვალისწინებს კონსტიტუცია და კანონი და მისი დაცვა.” 

თემამ “ადამიანის უფლებების პრიორიტეტი: სახალხო დამცველის როლი და მისია - საზოგადოებრივი მოლოდინები და შესაძლებლობები ცვლილებისათვის”, წინა წლებში სახალხო დამცველის საქმიანობის თემაზე გამართული სხვა დისკუსიებისგან განსხვავებით ქვეყანაში არჩევნების შემდეგ მომხდარი მთელი რიგი ცვლილებების ფონზე საზოგადოებაში განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია. ამითაც აიხსნება ბიოლის ფონდში სტუმრების სიმრავლე.  თამარ გურჩიანის, ლია მუხაშავრიას და გელა ნიკოლაიშვილის გარდა საზოგადოება კიდევ ერთ მომხსენებელს ელოდა, მაგრამ დიმიტრი ლორთქიფანიძე არ გამოცხადდა და მისთვის დასასმელი შეკითხვებიც დაუსმელი და შესაბამისად უპასუხო დარჩა. 

ვის დაასახელებს ახალი ხელისუფლება სახალხო დამცველად, ეს საკითხი დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და დისკუსიის მომხსენებლებსაც საკუთარი მოსაზრებები აქვთ ამის მიზეზების შესახებ. “საზოგადოება დღეს ყველაზე მეტად ამ სფეროში აქტიურობს და ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ ყოველი ჩვენგანი ვეძებთ ჩვენს დამცველს ამ საზოგადოებაში, პირველ რიგში ხელისუფლებისგან”, აღნიშნა მოდერატორმა გოგი გვახარიამ დისკუსიის დაწყებისას. ვინ და როგორი უნდა იყოს სახალხო დამცველი, როგორ უნდა წარიმართოს მისი საქმიანობა, რა პრიორიტეტებით უნდა იხელმძღვანელოს მან - ამ თემებზე და იმაზეც, რას გააკეთებდნენ სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, მომხსენებლებმა ვრცლად ისაუბრეს. თითოეულ მათგანს თავისი ხედვა აქვს. 

პრობლემები ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, პოზიცია სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით, მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესების სავარაუდო სქემები, უსახლკაროების თემის წინ წამოწევა, “საზოგადოებრივი დამცველი” თუ “სახალხო დამცველი”, სახალხო დამცველის ინსტიტუტის ბიუჯეტი, მასმედიით გავრცელებული სიძულვილის ენა და კანონმდებლობა, გამოცდილება ფსიქიურად დაავადებული ადამიანების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რელიგიური უფლებები და დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, პატიმართა გათავისუფლება, შრომის უსაფრთხოების უფლება, ხანდაზმულთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, კვლევები სახალხო დამცველის აპარატში - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლებზეც შეკითხვები დაისვა და სახალხო დამცველობის კანდიდატებმა კომენტარი გააკეთეს. 

გელა ნიკოლაიშვილს მიაჩნია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში  მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, ადამიანი და მისი ღირებულებები, მისი უფლებები მეათე პლანზე გადავიდა და მთავარიც სწორედ ადამიანის, როგორც ღირებულების, ცენტრალურ ადგილზე დაყენება უნდა გახდეს. მისი თქმით, “მდგომარეობის შესაცვლელად რამდენიმე მიმართულებით არის საჭირო მოძრაობა. პირველ რიგში ეს არის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს ადამიანის უფლებებს და განუსაზღვრელ უფლებას ანიჭებს სახელმწიფო მოხელეებს და სტრუქტურებს”. თავის გამოსვლაში მანვე აქცენტი გააკეთა ჟურნალისტების უფლებებზე, სასამართლოს საჯაროობაზე, დევნილთა უფლებებზე. 

ლია მუხაშავრიას თქმით, “სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი არსებობა, განვითარების რაღაც ეტაპი იმით გამოხატა, რომ დაიწყო კამპანია, რომელსაც არავინ ელოდა, რომ სამოქალაქო სექტორი დაასახელებდა სახალხო დამცველის კანდიდატებს და ასეთი ცხოველი ინტერესი გაჩნდებოდა მისი განხილვის პროცესში.” ლია მუხაშავრიამ თავის გამოსვლაში სასჯელაღსრულების სისტემასა და სასამართლოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველად ისეთი პირი უნდა იქნეს არჩეული, რომელსაც არ შეეშინდება ბრალდების წაყენება ქვეყნის პირველი პირისთვისაც კი. მანვე საზოგადოებას მის მიერ ბოლო წლების განმავლობაში ევროპის სასამართლოში გასაჩივრებული ადამიანის უფლებათა დარღვევის გახმაურებული და გაუხმაურებელი საქმეები გაახსენა. მისივე თქმით, “მართალია სახალხო დამცველის შესახებ კანონში პირდაპირ არ წერია “გამოძიების უფლებამოსილება”, ის უფლებამოსილება, რომელსაც კანონი აძლევს სახალხო დამცველს, მას აძლევს შესაძლებლობას, აქტიურად იმოქმედოს, შეისწავლოს, განიხილოს, გააანალიზოს საქმის მასალები, გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი, ასევე მოითხოვოს ახსნა-განმარტება ნებისმიერი პირისაგან”.

“ჩვენს წინაშე ყოველთვის იდგა დილემა, თავისუფლებისა და უსაფრთხოებისა და ის ყოველთვის უსაფრთხოების სასარგებლოდ წყდებოდა”, ამბობს თამარ გურჩიანი. მისი თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი სწორედ იმიტომ შეიქმნა 1995 წელს, ჩვენს უკვე მოქმედ კონსტიტუციაში იმიტომ იქნა ის გათვალისწინებული, რომ ხელისუფლების დანაწილება, გაწონასწორება და კონტროლი ყოფილიყო შესაძლებელი. პატიმართა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, დევნილები, ქალთა და ბავშვთა უფლებები, სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, ადეკვატური საცხოვრებლის უფლება - თამარ გურჩიანმა ამ თემებზეც ისაუბრა, საუბრის დასასრულს კი აღნიშნა, რომ ის ყოველთვის ღია იქნება იმისათვის, რომ ისწავლოს. “ვიცი, ეს ცუდად ჟღერს, მაგრამ ჩვენ ყველა ვსწავლობთ. მზად ვიქნები დავეყრდნო ადამიანებს, რომლებმაც უკეთესად იციან“.