„დიდი იმედების“ გამოწვევები სამოქალაქო აქტივიზმისათვის

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები საეტაპო გახდა საქართველოს შემდგომი პოლიტიკური განვითარებისთვის. რაც არჩევნებმა ცხადჰყო, პირველ ყოვლისა ისაა, რომ საზოგადოება არ არის ინერტული პოლიტიკური პროცესის მიმართ და არის მზაობა ჩართულობისთვის, მეორეც, გამოიკვეთა საკითხები, რომლის ირგვლივაც შესაძლებელი გახდა მისი მობილიზება და რომლის იგნორირებამაც არსებული პოლიტიკური ელიტა პოლიტიკურ ჩიხში მოაქცია, და უფრო მეტიც საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ მოაქცია. აღნიშნული ფაქტორების გავლენით პოლიტიკურ სისტემაში ძალთა ბალანსი შეიცვალა პოლიტიკური სპექტრი რადიკალურად, შეიძლება ითქვას საზოგადოების უმეტესობისთვის მოულოდნელად გადახალისდა. აჭარისუმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძის თქმით, 1 ოქტომბერს  ადამიანებს აუხდათ ოცნება იმ კონტექსტში, რომ არჩევნებით საქართველოს მოქალაქეებმა შეცვალეს  ხელისუფლება. მაგრამ, ბაციკაძე მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას კვლავ ამომრჩეველს აკისრებს. „თქვენ უნდა იყოთ ძალიან ყურადღებით, პატარ-პატარა ბოროტებებიც არ უნდა გვაპატიოთ,“- თქვა დისკუსიაზე დავით ბაციკაძემ.

მოულოდნელობის, ასევე, ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის მომხდარი ცვლილების პოლიტიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით, საზოგადოებაში მოლოდინებისა და განწყობების მთელი წყება შეიქმნა, რომელიც მანამდე არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების განმსაზღვრელი ჩარჩოების ეტაპობრივ მაგრამ ძირეულ ცვლილებას, ან უარყოფას, ანდაც უკიდურეს შემთხვევაში, დანგრევას გულისხმობს. მსგავსი ცვლილებების ყველაზე ქვედა დონის გამოვლინებებად „დამნაშავეთა“ საყოველთაო და საჯარო დასჯის, შეიძლება ითქვას „საზოგადოებრივი შურისგების“ მოთხოვნა იქცა, რაზე რეაქციაც საზოგადოების ნაწილში „რევანშიზმის საფრთხეზე“ დაფუძნებული შიში გახდა. საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსი ნინა ხატისკაციც ამბობს, რომ „მოხდება თუ არა ეს ცვლილებები დიდწილად არის დამოკიდებული რამდენად აქტიური იქნება სამოქალაქო საზოგადოება, დღეს საბედნიეროდ ხელისუფლებას არ აქვს ის ფუფუნება, რომ  იყოს მარტო და მას არ ჰყავდეს პოლიტიკური ცოდნის მატარებელი ოპოზიცია. წარსულისგან მოწყვეტით აგებული ფუტურისტული კონსტრუქტის გამოვლინება ე.წ. „სწრაფი განვითარების“ და „საყოველთაო სამართლიანობის“ უზრუნველმყოფი პოლიტიკური წესრიგის მოლოდინია. ეს უკანასკნელი დამაფიქრებელი სწორედ იმითია, თუ ვის მოიაზრებს ხედვის ამ ჩარჩოს შემოქმედი საზოგადოებრივი მეინსტრიმი „საყოველთაო სამართლიანობის“ სიკეთეების მიმღებებად  ყოფით დისკურსში აშკარავდება, რომ ამ „საყოველთაოობაში“ არ მოიაზრებიან ოქტომბრის არჩევნებამდელი რეჟიმის „მსახურნი“ და უფრო ნაკლებად ის ჯგუფები, რომლებიც ამ მეინსტრიმში ვერ ხვდებიან (რასობრივად განსხვავებული უცხოელები - თურქოფობია და სინოფობია ამ მხრივ განსაკუთრებით თვალშისაცემია, და სხვადასხვა უმცირესობები).

აღნიშნულიდან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, რამდენად თავსებადია „ახალი პოლიტიკური წესრიგის“ სულისკვეთებასთან ზემოთ აღნიშნული მოლოდინები თუ შიშები, და რამდენად მოახერხებს ახალი პოლიტიკური ისთებლიშმენტი ამ განწყობების გადალახვას? ამასთან, მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, როგორ მოახერხებს იგი, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით მიმდინარე საზოგადოებრივი მობილობის სამოქალაქო ჩარჩოებში მოქცევას.