საქართველოს კულტურის პოლიტიკა წარსულსა და მომავალს შორის

დისკუსიის ძირითადი მომხსენებლები ნიკო ნერგაძე, სოფო კილასონია, გურამ ოდიშარია, ნინი სანადირაძე და მოდერატორი გოგი გვახარია

როგორი უნდა იყოს კულტურის პოლიტიკა, რა აქცენტები იკვეთება იმ სივრცეში, რომელსაც კულტურის პოლიტიკის სივრცე შეიძლება დავარქვათ - ამ საკითხებზე იმსჯელეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში კულტურის პოლიტიკის თემაზე გამართული დისკუსიის მომხსენებლებმა, ჟურნალისტებმა სოფო კილასონიამ და ნიკო ნერგაძემ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და ეროვნული მუზეუმის პროექტების მენეჯერმა ნინი სანადირაძემ.

მომხსენებლები ამ თემას სხვადასხვა კუთხიდან მიუდგნენ. სოფო კილასონიამ აქცენტი კულტურის დეპოლიტიზების აუცილებლობაზე, ბიუჯეტის სწორად განკარგვაზე გააკეთა. მისი თქმით, “კულტურის პოლიტიკა კონკრეტულ დროსა და სივრცეში კულტურის სფეროში აუცილებლობებზე რეაგირების სისტემური, თანმიმდევრული სტრატეგიული მუშაობაა”. მან თავისი გამოსვლა მოკლე თეზისებად ჩამოაყალიბა და შეეხო როგორც საკანონმდებლო, ისე სტრატეგიული, თანმიმდევრული საქმიანობის საჭიროებას არსებული პრობლემების გადასაჭრელად. პრობლემათა შორის მან პოლიტიზებასთან ერთად დაასახელა კულტურის ფასადურობა და ზედაპირულობა, რეგიონებში კულტურის პროცესების არარსებობა, არაკონკურენტული გარემო.

სახელმწიფოს და საზოგადოების როლი და ფუნქცია კულტურ პროცესებში. ვინ და როგორ უნდა განავითაროს კულტურა, საიდან უნდა წამოვიდეს ინიციტივა. სახელმწიფოსგან წამოსული ინიციატივა, მისი სწრაფვა დანერგოს გემოვნება და ახალი ფასულობები, ხომ არ არის საზოგადოებისთვის მათი თავსმოხვევა. ალტერნატიული ხელოვნების განვითარება, “მეამბოხე სული” და დაფინანსების საკითხები, საზოგადოების მოლოდინი ხელისუფლებისგან და ნაკლები ინიციატივა თავად საზოგადოების მხრიდან - ნიკო ნერგაძემ ამ თემებზე ისაუბრა და თქვა, რომ  “თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მოხდეს. ვანდოთ თავად საზოგადოებას, გადაწყვიტოს რა უნდა და რა არა. თუმცა ესეც დასაბალანსებელია. მარტო ხალხს რომ მივანდოთ, შეიძლება წინ არ წავიდეს ეს ყველაფერი”.“გპირდებით, რომ მეტი მრგვალი მაგიდა მოეწყობა, მეტი კონფერენცია იქნება. იმისათვის, რომ მუშაობა უფრო გამართული იყოს, შეიქმნება კომისიები. მეტი გამჭვირვალობა მინდა ჩვენს მუშაობას მივანიჭოთ” - განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ. მოგვიანებით დასმულ შეკითხვებზე საქართველოში კულტურის სფეროში სხვადასხვა კუთხით არსებულ პრობლემებზე მან უფრო დაწვრილებით ისაუბრა, თუმცა უმთავრეს თემაზე, რაში მდგომარეობს საქართველოს კულტურის პოლიტიკის კონცეფცია, რა სტრატეგიული მიმართულებით უნდა წარმართოს სამინისტრომ საქმიანობა, მას ცალსახა პასუხი არ გაუცია.

“კულტურა ღირებულებათა სისტემაა და კულტურის პოლიტიკაც სახელმწიფო პოლიტიკასთან პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს. ის დაკავშირებულია საგანმანათლებლო პოლიტიკასთანაც” - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა კიდევ ერთმა მომხსენებელმა, ეროვნული მუზეუმის პროექტების მენეჯერმა ნინი სანადირაძემ. მან თავის გამოსვლაში საკანონმდებლო პრობლემებზე და ქალაქის ურბანულ განვითარებაში საზოგადოების ჩართვის და საჯარო განხილვების არარსებობის პრაქტიკაზე ისაუბრა.

დისკუსიაზე დიდი ინტერესი გამოიწვია ეროვნული კინოცენტრის თემამ, კულტურის და მედიის ურთიერთობის საკითხმა, მინისტრის მიერ დასახელებულ საბჭოებსა თუ კომისიებში საზოგადოების წვდომის და კულტურული მემკვიდრეობის თემამ. შეკითხვები დაისვა ისეთ თემებზეც, როგორიც არის მეცენატეობის შესახებ კანონი, ქართული ენის შეტანა არამატერიალური კულტურის ძეგლთა ნუსხაში, კერძო ინიციატივების როლი, სახელოვნებო განათლების პრობლემები, განათლების საკითხი კულტურის სფეროში, სარემონტო სამუშაოები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, მუსიკალური სასწავლო დაწესებულებების რეაბილიტაცია, კინოთეატრების არარსებობა, კულტურული მემკვიდრეობის დაფინანსების წყაროები, კადრების შერჩევის კრიტერიუმები.