“ვარდების რევოლუციის” მემკვიდრეობა: რეტროსპექტიული ანალიზი და ხედვა მომავალი განვითარებისთვის

ძირითადი მომხსენებლები დავით ზურაბიშვილი, გიორგი მელაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, მანანა ნაჭყებია და მოდერატორი გოგი გვახარია

“ვარდების რევოლუციის” 9 წლისთავზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა დისკუსია “ვარდების რევოლუციას” მიუძღვნა. “ვარდების რევოლუციის” მემკვიდრეობა: რეტროსპექტიული ანალიზი და ხედვა მომავალი განვითარებისთვის” - მომხსენებლებს ამ თემაზე უნდა ესაუბრათ. დისკუსიის ნახევრად ცარიელ დარბაზში გამართვამ და დასმული კითხვების სიმწირემაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ დღეს ქართული საზოგადოება აღარ არის დაინტერესებული “ვარდების რევოლუციის” თემით. “როგორც ჩანს, ნიშანდობლივია, რომ ქართული საზოგადოება არ არის დაინტერესებული “ვარდების რევოლუციის” თემით. ეს ცალკე საკითხია და თუ დრო დაგვრჩება, შეიძლება ამაზეც ვიმსჯელოთ” - აღნიშნა დისკუსიის დასაწყისში გოგი გვახარიამ. თუმცა ამ თემაზე სასაუბროდ დრო აღარ აღმოჩნდა და მოწვეულმა სტუმრებმაც აქცენტები სხვა მიმართულებით გააკეთეს.

მომხსენებელთაგან ყველა, “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლის, მანანა ნაჭყებიას გარდა თავის დროზე რევოლუციის აქტიური მონაწილე იყო. როგორ აფასებენ დღეს ეს ადამიანები “ვარდების რევოლუციას”, რამ გამოიწვია რევოლუცია, როგორი იყო ხელისუფლება მანამდე და როგორი ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში 2003 წლის მოვლენების შემდეგ, რა არის იმის მიზეზი, რომ ადამიანები, რომლებიც რევოლუციის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ, რაღაც ხნის შემდეგ გაემიჯნენ მის მონაპოვარს და დღეს კრიტიკულად არიან განწყობილები ყველაფერ იმის მიმართ, რაც “ვარდების რევოლუციას” და “ნაციონალურ მოძრაობას” უკავშირდება.

მანანა ნაჭყებიამ 2003 წელს მიმდინარე მოვლენების მიმართ “ახალი მემარჯვენეების” დამოკიდებულებაზე ისაუბრა. “ჩვენი პოზიცია ასეთი იყო - დავყაბულებულიყავით მოცემულობას, მომხდარიყო პარლამენტის ლეგიტიმაცია, გაგვეგრძელებინა ბრძოლა ლეგიტიმურ ჩარჩოებში და არ ამოვვარდნილიყავით კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. იმიტომ რომ თავიდანვე ნათლად ჩანდა, რომ თუ ამ სიტუაციაში პოლიტიკურ ბრძოლას და დავიწყებდით და არჩევნების შედეგების აუღიარებლობაზე წავიდოდით, აუცილებლად გამოჩნდებოდა რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელში ჩაიგდებდა სადავეებს და ყველაფერი განმეორდებოდა, უბრალოდ, “მოქალაქეთა კავშირის” ნაცვლად სხვა ძალა მოვიდოდა და ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა გაგრძელდებოდა”, განაცხადა მანანა ნაჭყებიამ. და დასძინა, რომ რეალურად ასეც მოხდა და მათ მიიღეს ის, რასაც ყველაზე მეტად უფრთხოდნენ - ერთპარტიული მმართველობა. მანანა ნაჭყებიამ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე და იმ საფრთხეებზეც ისაუბრა, რასაც მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე ხედავს.

დავით ზურაბიშვილმა იმ რეალობაზე ისაუბრა, რაც წინ უძღოდა “ვარდების რევოლუციას”, კლანური მმართველობა, აჭარაში ასლან აბაშიძის რეჟიმი, კორუმპირებული სისტემა, კრიმინალური კლანების ძალაუფლება - ასეთი იყო რეალობა, რომელიც იყო ქვეყანაში. დავით ზურაბიშვილის თქმით, ამ რეალობაში 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები, ითვლებოდა, რომ გარდამტეხი უნდა ყოფილიყო. დემოკრატიის მთავარ რესურსად საერთაშორისო საზოგადოების თვალში ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი განიხილებოდნენ.  მან იმ მოლოდინებზეც ისაუბრა, რომელიც იყო როგორც პოლიტიკურ წრეებში, ისე საზოგადოებაში - “მოლოდინი, რომ ეს ძალა იქნებოდა დემოკრატიული, ლიბერალური, ამ ღირებულებების ერთგული და ქვეყანას ევროპისკენ წაიყვანდა, უფრო ახალგაზრდულ ლიბერალურ ნაწილში, არასამთავრობო სექტორში, პოლიტიკური პარტიების ნაწილში იყო. მასობრივად ეს მოლოდინი მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ ყოფილა. უფრო მეტი მოლოდინი იყო, რომ ის წესრიგს დაამყარებდა”.

დავით ზურაბიშვილმა ისაუბრა შედეგებზეც, როგორც დადებითზე, ისე უარყოფითზე, რაც “ვარდების რევოლუციამ” მოიტანა და გამოცდილებაზეც, რომელიც საზოგადოებამ მისგან უნდა გამოიტანოს - “ვარდების რევოლუცია” ალბათ უნდა დარჩეს გაკვეთილად, თუ რა მოსდევს ამას. იმის საჩვენებლად, კარგი განზრახვებით რა ცუდ  შედეგამდე შეიძლება მივიდეთ. ეს გამოცდილება პოზიტიურად უნდა გამოვიყენოთ”.

რას წარმოადგენდა “კმარა”, რა იყო მისი მიზანი და რა მოხდა 2003 წლის შემდეგ საქართველოში, რა წარმატებებს მიაღწია ქვეყანამ, რა ძირეული ცვლილებები განიცადა, როგორ მოხდა, რომ “საქართველო გახდა ქვეყანა, რომლის მიმართაც გაჩნდა ინტერესი”, რა იყო იმის მიზეზი, რომ ლიბერალები კვლავ უმცირესობაში რჩებიან, რა მოხდა საქართველოს ეკონომიკაში, რატომ არის, რომ “გვაქვს მრავალმილიარდიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ ამ ინფრასტრუქტურის პირობებში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონე არ შეცვლილა”, როგორია საზოგადოების დაკვეთა და მოლოდინები ახალი ხელისუფლების მიმართ, რა აძლევს მას იმის თქმის საფუძველს, რომ “უნდა შევემზადოთ ფლუსტრაციისთვის, რომელიც მოხდება საზოგადოებრივ სივრცეში” - ამ თემებზე ისაუბრა გიორგი მელაძემ.

ლაშა ჩხარტიშვილმა თავის მოხსენებაში მთავარი აქცენტები როგორც შევარდნაძის, ისე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებზე გააკეთა. “მიხეილ სააკაშვილმა უღალატა ყველა იმ დაპირებას, რომელიც იყო გადმოცემული განცხადებების დონეზე, დაწყებული “კმარას 10 ნაბიჯიდან”, მიაჩნია მას. მან იმაზეც ისაუბრა, რატომ მონაწილეობდა “ვარდების რევოლუციაში”. ისაუბრა პრობლემებზე, რაც იყო მანამდე და რისი შეცვლის დაპირებითაც მოვიდა ქვეყნის სათავეში “ნაციონალური მოძრაობა”, თუმცა მის საპირისპიროდ კი მოქმედებდა.