ჟენევის პროცესი და კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია: ახალი პოლიტიკური რეალობა

Კითხვის დრო: 2 წუთი
Teaser Image Caption
Ketevan Tsikhelashvili, Gogi Gvakharia, Guenther Baechler, Sergi Kapanadze

2013 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა დისკუსიების ციკლი თემით „ჟენევის პროცესი და კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია: ახალი პოლიტიკური რეალობა“ განაახლა. როგორია ახალი პოლიტიკური რეალობა და რას გულისხმობს კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია?რა არის ის უმთავრესი პრობლემები, რომელიც ახლავს ჟენევის პროცესს? რატომ არის ჟენევის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ქართული მხარისთვის და სხვა მონაწილეებისათვის? გრძელვადიანი პერსპექტივები, ახალი მიდგომები, წინა და დღევანდელი ხელისუფლების ხედვა და ნაბიჯები კონფლიქტების მოგვარების გზაზე, „ცივი ომის“ პარალელები, ჩიხური მდგომარეობა და გამოსავლის ძიება არსებული მოცემულობიდან - ამ თემებზე საუბრობდნენ დისკუსიის მონაწილეები.

გიუნტერ ბეჰლერს, მის აღმატებულება შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს საქართველოში, მიაჩნია, რომ 1 ოქტომბერს არჩეული ხელისუფლება ახალი შესაძლებლობაა საქართველოსათვის, რათა შეიქმნას ხელსაყრელი დრო ჟენევის მოლაპარაკებების კარგი მიმართულებით წარმართვისთვის. მასვე იმედი აქვს, რომ უფრო პრაგმატული მიდგომები გამოიძებნება. გიუნტერ ბეჰლერს მოლაპარაკებების პროცესში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად მხარეებს შორის ნდობის არარსებობა მიმაჩნია. ის პარალელური არხების, როგორც დამატებითი საშუალებების მოძიებაზეც საუბრობს და შექმნილ რეალობას „ცივი ომის“ პერიოდსაც ადარებს.

როგორ ჩაიარა ჟენევის მოლაპარაკებების 22-ე რაუნდმა, რაში გამოიხატება ახალი ხელისუფლების რაციონალური, კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომები, რა მნიშვნელოვანი გზავნილის გაკეთება მოახერხეს ქართული მხარის დელეგაციის წევრებმა, რას გულისხმობს პატარა ნაბიჯების პოლიტიკა, რა გამოწვევები დახვდათ ქართულ მხარეს, სად გადის ხაზი, რომელსაც მისდევს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და როგორი უნდა იყოს ტაქტიკური სვლები, რომ არ დაზარალდეს მთავარი ინტერესი და საფრთხე არ შეექმნას ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორ წარმოუდგენიათ პროცესის იმგვარად შეცვლა, რომ ის შედეგზე ორიენტირებული გახდეს, რას მოიტანს მოდიფიცირება და რა შეთავაზებები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს აფხაზებისა და ოსებისთვის - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი თავის გამოსვლაში ამ თემებს შეეხო.

როგორ შეთანხმდნენ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატზე მხარეები 2008 წლის ოქტომბერში და რატომ არის დაუშვებელი მისი შეცვლა, რატომ ხმოვანდება ბოლო ორი რაუნდის განმავლობაში მისი შეცვლის იდეა და რატომ დაიწყო ამაზე საუბარი, რას აძლევს ჟენევის მოლაპარაკებები საქართველოს, რუსეთს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ რუსეთი არ არის წარმოდგენილი როგორც მედიატორი და მეორე მხრივ, არიან საერთაშორისო მედიატორები, პირველ რიგში კი ევროკავშირი, ხომ არ იქმნება საფრთხე, რომ რუსეთმაც, ცხინვალმაც და სოხუმმაც ჟენევის მოლაპარაკებები ნელ-ნელა ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანონ და იქნება თუ არა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მზად დიპლომატიური წნეხისთვის რუსეთზე ისე, როგორც ეს ბევრჯერ გაუკეთებია წინა ხელისუფლებას, თუკი ამისი საჭიროება დადგება - საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორმა, სერგი კაპანაძემ, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მონაწილე იყო, აქცენტები ამ საკითხებზე გააკეთა.