ბათუმი, 22 თებერვალი, 2013
ძირითადი მომხსენებლები:
- გენო გელაძე, დემოკრატიის ინსტიტუტის თავმჯდომარე
- ალექსანდრე ჩიტიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
- დავით ლოსაბერიძე, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის ექსპერტთა ჯგუფის წევრი
- ნინა ხატისკაცი, საარჩევნო საკითხების სპეციალისტი
„აჭარის ავტონომიას დღევანდელი კონსტიტუციით არავითარი უფლება არა აქვს, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმას ვახერხებთ, რომ ვაკონტროლებთ ბიუჯეტს“ - ასე დაიწყო თავისი მოხსენება აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტიშვილმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე: „ცენტრიდან თუ ცენტრისკენ: რეგიონალიზმი და თვითმმართველობა“. უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თქმით, აქამდე, ინიციატივები, რომელიც ავტონომიის თუ თვითმმართველობის უფლებების გაზრდის სურვილს შეეხებოდა, სეპარატიზმად იყო მიჩნეული, მაგრამ მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანო დღეს მზადაა მსგავსი ინიციატივებისათვის. ამასთან, როგორც დისკუსიაზე მოწვეულმა ექსპერტებმაც დაადასტურეს, არა მხოლოდ უწყებები, არამედ საზოგადოებაც მზადაა იმისათვის, რომ მართონ რეგიონები.
მოწვეული ექსპერტები თუ დისკუსიის მონაწილეები ცალსახად აღნიშნავდნენ, რომ რეგიონი თავად უნდა წყვეტდეს საკუთარ პრობლემას და აწესებდეს პრიორიტეტებს. ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა აღნიშნა, რომ ისეთი უსუსური ავტონომიის არსებობას რაც აჭარის ავტონომიაა, საერთოდ უსტატუსობა აჯობებს: „ამდენად, მე მზად ვარ ხელი მოვაწერო პეტიციას, რომელიც ავტონომიის გაუქმებას შეუწყობს ხელს“. მსგავსი შეფასება და სურვილი დისკუსიაზე ბევრმა გამოთქვა.
დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს ისიც, რომ თვითმმართველობას ძალიან დიდი ძალა აქვს. დემოკრატის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გენო გელაძემ განავრცო ეს მოსაზრება და აღნიშნა, რომ „თვითმმართველობების დღევანდელი მოწყობა ძალიან დაშორდა ხალხს და ზუსტად ის პროცესები, რაც ამ ბოლო დროს განვითარდა (თვითმმართველობების მესვეურთა შეცვლისთვის საზოგადოებრივი ზეწოლა), ზუსტად ამის გამოძახილია. მოსახლეობა არ იყო ადრე არჩევანის პროცესში ჩართული, თვითმმართველობა ყოველთვის მოიაზრებოდა როგორც ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელება, რაც ასე არ უნდა იყოს”.
ექსპერტმა დავით ლოსაბერიძემ დისკუსიაზე აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფებთან ერთად ადგილობრივი სტუქტურების უფლებამოსილების თუ დაფინანსების საკითხი შეთანხმებული იქნება საზოგადოებასთან: „თვითმმართველობის მთავარი არსი ხომ ისაა, რომ მოსახლეობა იყოს ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და თავად მათ მიერ დასახული პრიორიტეტების მიხედვით განხორციელდეს ყველა საქმიანობა - მათ აირჩიონ, მათ გადაწყვიტონ, ცხადია, იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც კანონით ექნება თვითმმართველობას მინიჭებული“. ექსპერტი მიესალმება იმ ფაქტს, რომ რეფორმაზე პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის, რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უკვე თანამშრომლობს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც წლებია თვითმმართველობის რეფორმის კონცეფციაზე მუშაობენ.
დისკუსიის ერთერთი მომხსენებლის ნინა ხატისკაცის თქმით, „მანამ, სანამ ჩვენს ქვეყანაში არ იარსებებს ძლიერი თვითმმართველობა, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ვართ დემოკრატიული და ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული სახელმწიფო, ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა არ არსებობს ძლიერი თვითმმართველობის გარეშე“.
დისკუსიას არსამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებონენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აჭარის მთავრობის წევრებიც.