2013 წლის 28 მარტისთვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის დისკუსიისთვის შემდეგი თემა შეირჩა: "გენდერული დღის წესრიგი ქალთა და მამაკაცთა თანასწორი მონაწილეობისთვის". დისკუსიაში მონაწილეობდნენ: პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი გუგული მაღრაძე, იურისტი თამარ გურჩიანი, ექსპერტი გენდერის საკითხებში თამარ ბაგრატია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მრჩეველი გენდერის საკითხებში თამარ საბედაშვილი.
თემები და კითხვებიც, რაც დისკუსიის მსვლელობისას დაისვა, შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
რატომ აღიქმება გენდერული თანასწორობა საქართველოში საკითხად, რომელიც მარტო ქალებს ეხება, რას შეცვლის ქალების მოსვლა პოლიტიკაში და რატომ არ მოითხოვს ამას ქართული საზოგადოება, რატომ არის მნიშვნელოვანი ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელ ადგილზე იმყოფება გენდერული თანასწორობის ინდექსის მიხედვით საქართველო 2012 წლის კვლევის მიხედვით, რამდენად რეალურია პროგრესი პარლამენტში ქალთა რაოდენობის თვალსაზრისით, როგორ იყვნენ წარმოდგენილები ქალები 2012 წლის საპარლამენტო არჩვენებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილ პარტიულ სიებში, როგორ წარმოადგინეს საარჩევნო სუბიექტებმა მაჟორიტარი ქალი კანდიდატები. რაზე მუშაობს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, რა არის კვოტირება და რატომ ჰყავს მას მოწინააღმდეგეები, როგორ აპირებს გენდერული თანასწორობის საბჭო პარლამენტში ქალთა რაოდენობის შენარჩუნებას და ადგილობრივი არჩევნების დონეზე კვოტირების გატანას, რამდენად საკმარისია სრულყოფილი სამართლებრივი ჩარჩოს არსებობა ქვეყანაში ქალთა უფლებების დასაცავად, რატომ არის პრობლემები გენდერული თანასწორობის მხრივ ქვეყანაში, სადაც არის გამართული კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ, კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, ქალების თემა - ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან განსახილველი თუ სოციალური დაცვის საკითხი, რატომ არ უნდა ველაპარაკოთ გადაწყვეტილების მიმღებებს მოწიწებით და როგორ უნდა მოვითხოვდეთ ჩვენი უფლებებიდან გამომდინარე, როგორ უნდა დაიძლიოს ქალების წინააღმდეგ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული დისკრიმინაციული პრაქტიკა და ნეგატიური სოციალური სტერეოტიპები, რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს და რატომ არის ძნელი სტერეოტიპებთან ინდივიდუალურად შებრძოლება, რატომ რცხვენია ზოგ ფემინისტურ ორგანიზაციას ფემინისტობის, და ბოლოს, რატომ აღმოჩნდა დისკუსიის დასასრულს დარბაზში მხოლოდ ერთი სტუმარი კაცი და რატომ შერცხვა მას თავისი მარტოობის.
- გენდერული დღის წესრიგი ქალთა და მამაკაცთა თანასწორი მონაწილეობისთვის (pdf, 21 გვ., 273 კბ)