მწვანე აქტივიზმი ადამიანური გარემოსთვის

გარემოსდაცვითი თემატიკა ქართულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით რომ არ სარგებლობს, ეს ბიოლის ფონდში თემაზე, “მწვანე აქტივიზმი ადამიანური გარემოსთვის”, გამართულმა დისკუსიამაც დაადასტურა. მიუხედავად პრობლემის სიმწვავისა, დარბაზში, სადაც დიღმის ტყე-პარკის და, ზოგადად, სარეკრეაციო ზონების პრობლემებსა და ყაზბეგის რაიონში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიზანშეწონილობაზე, ასევე იმაზეც, თუ რისი გაკეთება შეუძლია საზოგადოებას და როგორი შეიძლება იყოს მისი როლი ამ პრობლემების დასაძლევად, მსჯელობდნენ, დისკუსიას 16 ადამიანი ესწრებოდა. 

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: შოთა ბუჩუკური - “სტეფანწმინდა”, თანათავმჯდომარე, ანა გაბრიაძე -  “უსაფრთხო სივრცე”,  თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე - “მწვანე ალტერნატივა”, თავმჯდომარე, ნინო შარაშიძე - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე. პროფესიონალმა გარემოსდამცველებმა და მოქალაქეებმა, “მწვანე აქტივისტებმა”, რომლებიც პროფესიით არ არიან გარემოსდამცველები, მაგრამ გული შესტკივათ მასზე, ამ თემებით დაინტერესებულ ადამიანებს პრობლემების საკუთარი ხედვა წარმოუდგინეს. 

შოთა ბუჩუკური დარბაზს ყაზბეგის რაიონში მშენებარე ჰესებზე: “დარიალჰესსა” და “ლარსიჰესსზე” ესაუბრა. მის მოსაზრებებს უფრო თვალსაჩინოს ხდიდა ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ყაზბეგის რაიონში მშენებლობების მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული და ჰიდროელექტროსადგურების აშენების მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებასაც ნათლად გამოხატავს. 

ანა გაბრიაძემ, რომელიც დიღმის ტყე-პარკში მიმდინარე პროცესებს 90-იანი წლებიდან აკვირდება, დიღმის ტყე-პარკზე ისაუბრა, როგორც მაგალითზე იმისა, თუ რა ემართება მუნიციპალურ მიწებს თბილისში. რა გზა გაიარა დიღმის ტყე-პარკმა 2006 წლამდე, ვიდრე მის ტერიტორიას საკრებულო „სპეციალური გამწვანების ზონის“  სტატუსს მიანიჭებდა და საზღვრებს დაუდგენდა, ვინ და როგორ შეისყიდა ნაკვეთები ამ ტერიტორიაზე, რა დარჩა ტყე-პარკიდან, რომლის ტერიტორიაც წლების წინ 200 ჰექტარს ითვლიდა - ამ საკითხებზე ისაუბრა მომხსენებელმა. 

რას ნიშნავს „მწვანე აქტივიზმი“, არის თუ არა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყაზბეგში მშენებარე ჰესები, რა გავლენას მოახდენს ჰესები გარემოზე - დარიალის ხეობაზე, თერგზე, რატომ გადაწყდა რომ ჰესები დერივაციული ტიპის ყოფილიყო, ის, რომ ჰესები მცირეა, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მას ნაკლები ზიანის მოტანა შეუძლია გარემოსთვის, რატომ იჩენს საზოგადოება გულგრილობას გარემოსდაცვით პრობლემებთან დაკავშირებით, არის თუ არა ინფორმირებული ადგილობრივი მოსახლეობა განსახორციელებელი პროექტების შესახებ, რატომ იწვევს გარემოსდაცვითი არასამთავრობოები ენერგეტიკის მინისტრის გაღიზიანებას, როგორია გარემოს დაცვის სამინისტროს პოზიცია მშენებარე ჰესებთან დაკავშირებით და რა რეჟიმში უწევს მას გარემოს დაცვა, - ამ თემებზე საუბრობდნენ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო შარაძიძე და არასამთავრობო ორგანიზაციის, „მწვანე ალტერნატივა“, თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე.