29 მაისს დისკუსია ხალხით სავსე დარბაზში ჩატარდა. სეკულარიზმის თემამ და 17 მაისის მოვლენებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში ბევრი ადამიანი შეკრიბა.
ვისთვის იყო მოულოდნელი 17 მაისის მოვლენები, როგორ პასუხობს სეკულარიზმის იდეას ქვეყნის კანონმდებლობა და ემუქრება თუ არა საფრთხე სეკულარიზმს საქართველოში, რატომ და როგორ იჭრება არასამოქალაქო სივრცე სამოქალაქო სივრცეში, ვისთვის არის მართლმადიდებლობა ქართული იდენტობის განმსაზღვრელი, როგორ უნდა იქცეოდეს მედია და როგორია სამოქალაქო სექტორის როლი, რას ქადაგებს ეკლესია და როგორია სახელმწიფოს სტრატეგიული კურსი, საპატრიაქოს დაფინანსება და ეკლესიის პოლიტიკური მიზნები, სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები, სამოქალაქო სექტორის როლი, მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტები - ის მთავარი თემებია, რაზეც მომხსენებლებმა და დარბაზში შეკრებილმა ადამიანებმა ისაუბრეს.
მომხსენებლები - დავით ზურაბიშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - “არ ვფიქრობ, რომ თეოკრატიის საფრთხე გვემუქრება, მაგრამ იმაში, რომ ამ ყველაფერს შეუძლია ძალიან სერიოზულად დაამუხრუჭოს საქართველოს ჩამოყალიბება დემოკრატიულ, სეკულარულ და ნორმალურ სახელმწიფოდ, ეჭვი არ მეპარება. რელიგიური ნაციონალიზმი ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ამ ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის და იმედი მაქვს, რომ გადავჭრით ამ პრობლემას”.
გაგა ნიჟარაძე - თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი - “ის, რაც 17 მაისს მოხდა, მოსალოდნელი იყო. თავმომწონეობად არ ჩამომართვათ, მაგრამ სამი წლით ადრე გამოვაქვეყნე სტატია, რომელსაც ერქვა “ლებტოპი და ჯვარი”, როგორც სიმბოლო იმ ორი ტენდენციისა, რომელიც საქართველოში არსებობს. ერთი პროდასავლური და მეორე, დავარქვათ - ტრადიციული. რომელთა შორის ღირებულებები იმდენად შეუთავსებელია, რომ კონფლიქტი სრულიად გარდაუვალი იყო”.
ლინა ღვინიანიძე - ადამიანის უფლებების განათლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), პროგრამის დირექტორი - “17 მაისს არ ყოფილა ძალადობა მხოლოდ ერთ-ერთი სექსუალური ორიენტაციის მქონე განსხვავებული ჯგუფის მიმართ. ჩემი აზრით ეს იყო ეკლესიის რეპრეზენტირება საჯარო სივრცეში, როგორც ძალიან ძლიერი პოლიტიკური აქტორისა, აქტორისა, რომელიც საკუთარ თავს აღიქვამს ძალად, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს ჩვენი დღის წესრიგი და დაამყაროს უფრო მეტი წესრიგი”.
ნესტან ცეცხლაძე - ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთი”, რედაქტორი - “ერთადერთი გამოსავალი არის პროფესიული სტანდარტები და თვითრეგულაცია. ამიტომაც მგონია, რომ ამ მექანიზმების კარგად ამუშავებაა ერთადერთი სწორი გზა და იმის გარანტიც, რომ მედიამ სიძულვილი არ გაავრცელოს” - სხვადასხვა ჭრილში დანახული პრობლემების და მათი გადაჭრის გზები. მოდერირებას დისკუსიას იურისტი თამარ გურჩიანი უწევდა.
- ვის ეშინია სეკულარული დემოკრატიის? (pdf, 300 კბ, 28 გვ.)