აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო 2012 წლის ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსს მომზადებული შეხვდა. ყველა სტუმარი გულღიად მიიღეს. „ბაქო ძალზე გახსნილი და ლიბერალური იყო“, ამგვარად აღწერს ქალაქში არსებულ განწყობას Stern.de-ს ჟურნალისტი იენს მაიერი. „გაიხსნა გეი-კლუბი. ჩემთვის ერთი შემთხვევაც კი არ არის ცნობილი, როდესაც ვინმეს პრობლემები შეექმნა ან საფრთხე დაემუქრა“. ორი ჰომოსექსუალი აქტივისტიც კი - ელჰამ ბაგიროვი და კამრან რზაევი იხსენებენ შესანიშნავ დროს. ჰომოსექსუალთა შეხვედრების ადგილას - „კლუბ 17“-ში ყოველ საღამოს ევროვიზიის ოფიციალურ კლუბზე უფრო მეტი ადამიანი იკრიბებოდა. აქტივისტების თქმით, სამი-ოთხი დღის შემდეგ სტუმრები ფოტო და ვიდეოგადაღებასაც კი თანხმდებოდნენ.
ბაგიროვი და რზაევი ადასტურებდნენ, რომ აზერბაიჯანი არ არის ჰომოსექსუალების მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყანა. პირიქით. „მე 36 წლის ვარ, არსად არ ვმალავ ჩემი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ, თუმცა დღემდე არავინ დამსხმია თავს“, აცხადებს ბაგიროვი. იგი აღნიშნავს, რომ ჰომოსექსუალებს ბაქოს ცენტრში უპრობლემოდ შეუძლიათ ფეხით სიარული - აზერბაიჯანის ორიენტალისტური კულტურა მათ ამის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, მათი სამშობლო, მართალია მუსულმანური ქვეყანაა, თუმცა ძალიან ძალზე ზომიერია. „ნუთუ ასეთი შეიძლება იყოს ისლამური ქვეყანა?“ კითხულობს რზაევი, რომლის მზერაც ქალაქის ცენტრალური მოედნის შადრევნისკენაა მიმართული, და ამატებს, რომ სტამბულში ბევრად უფრო მეტი ჩადრიანი ქალია.
ერთი შეხედვით ლიბერალური ისლამური ქვეყანა
მართლაც: ვინც დაინახავს, თუ როგორ სეირნობენ ახალგაზრდა მამაკაცები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ან კასპიის ზღვის სანაპიროზე, შეიძლება იფიქროს, რომ ლიბერალურ ისლამურ სახელმწიფოში იმყოფება. ახალგაზრდა მამაკაცები, როგორც წესი, მოდურად არიან ჩაცმულები, ჯინსებით და მაისურებით, კარგი ვარცხნილობებით, ხშირად ხელკავით, ერთმანეთს მკლავზე ან მხარზე ეხებიან. მხოლოდ მცირერიცხოვანი ქალები ატარებენ ჩადრებს, ხშირად ჭრელი ფერებით - ვარდისფერ და იასამნისფერს, ისე, რომ ჩადრი უფრო მოდური აქსესუარის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე თავსმოხვეული სამოსის.
თუმცა ამ ყოველივეს უკან სხვა რეალობა იმალება. დავიწყოთ იმით, რომ „კლუბი 17“ ევროვიზიის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ დაიხურა. stern.de-ს სტატიას ბაქოში მცხოვრები ჰომოსექსუალებიც ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ ცოტა ხნით ადრე, ივნისის მეორე შაბათ-კვირას, კლუბში პოლიცია შეიჭრა. მიზეზები უცნობია. ჟურნალისტი იენს მაიერი ასკვნის: „ჰომოსექსუალიზმი დღემდე რჩება მხოლოდდამხოლოდ იატაკქვეშა მოვლენად. ერთადერთი რესურსი, რომელსაც ცენზურა აქამდე არ შეხებია, ინტერნეტია“. (იხ. სტატია "Hölle und Himmel für Schwule") თუმცა აქტივისტი ბაგიროვი აცხადებს, რომ კლუბი ზაფხულისთვის დამახასიათებელი უძრაობის გამო დაიხურა. მისი თქმით, ბარი მალევე განაახლებს მუშაობას, გარდა ამისა, ქალაქში კიდევ ერთი ანალოგიური მამაკაცთა კლუბი გაიხსნა. დღემდე მუშაობს ბარი ქალაქის ცენტრში, რომელიც ლესბოსელ ქალთა შეხვედრების ადგილს წარმოადგენს. თუმცა ბარის კარზე განთავსებული აბრა ბარის დასახელებით, ჩამოხსნილია.
გარდა ამისა, ქუჩაში მოსიარულე მამაკაცთა შორის ფიზიკური სიახლოვეც არ უნდა გავუიგივოთ ჰომოსექსუალთა მიმართ ტოლერანტობას. ეს ყოველივე წარმოადგენს ახლო, ხშირად ძალზე ხანგრძლივი მეგობრობის ნიშანს, რომელიც მეზობლებს, ნათესავებს შორის ან სკოლაში იწყება და ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. სწორედ ამგვარი მეგობრობის და ოჯახური კავშირების გარშემო ყალიბდება აზერბაიჯანის საზოგადოება, მისი ყველაზე დაბალი ფენებიდან დაწყებული და პოლიტიკის თუ ეკონომიკის უმაღლესი ეშელონებით დამთავრებული. პიროვნული ლოიალურობა და არაფორმალური კავშირები კარიერული წინსვლისთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს, იგივე ეხება ყოველდღიურ ყოფასაც, მაგალითად, როდესაც ადამიანს რომელიმე უწყებიდან ცნობის ან ლიცენზიის მიღება სურს. ანუ მაშინაც კი, თუ ჰომოსექსუალები ქუჩაში ხელჩაკიდებულები დადიან, ისინი ამას წარმოაჩენენ როგორც მეგობრულ ჟესტს. ორივე აქტივისტი, ბაგიროვიც და რზაევიც აღიარებს, რომ აშკარად თვალშისაცემ ქმედებებს არავინ მოითმენდა: საჯაროდ ერთმანეთის კოცნა ტაბუდადებულია.
ცალკეულ პროფესიულ ჯგუფებში არსებობს ტოლერანტობის გარკვეული ხარისხი ქალური გარეგნობის მქონე მამაკაცების მიმართ. ჰომოსექსუალებს და სხვა სექსუალურ უმცირესობებს, რომლებიც საჯაროდ აღიარებენ საკუთარ ორიენტაციას, მოთმინებით ეკიდებიან სილამაზის სალონებსა და შოუბიზნესის სფეროში. თუმცა ტრადიციულად მამაკაცურ პროფესიებში ისინი ძალზე დაჩაგრული და გარიყული არიან, ამბობენ აქტივისტები.
ოჯახური ძალადობა
სინამდვილეში აზერბაიჯანის საზოგადოება უაღრესად კონსერვატიულია. ამას ემატება დამკვირვებლების დასკვნებიც, რომელთა მიხედვითაც გასული წლების განმავლობაში რეგიონში შეიმჩნეოდა აქტიური შემობრუნება ტრადიციული სტრუქტურების და ღირებულებებისკენ. ასე, მაგალითად, ბევრი ოჯახისთვის სამარცხვინო იქნებოდა, თუკი მათი ვაჟიშვილი ან ქალიშვილი საჯაროდ განაცხადებდა მისი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ და უარს იტყოდა ტრადიციული ოჯახის შექმნაზე. ჰომოსექსუალებს უნდა ესმოდეთ, რომ ძალადობრივ ქმედებებს მათ წინააღმდეგ ადგილი ექნება საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდანაც - იქნებიან ეს მამები, თუ ძმები. ამას ემატება ცემა და იძულებითი ქორწინებები.
ჰომოსექსუალი ხელოვანი ბაბი ბადალოვი BBC-ს უამბობს თავისი ოჯახის წევრების რეაქციის შესახებ, რომელიც მისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა. ხელოვანი წლების მანძილზე ცდილობდა, ეცხოვრა ტრადიციული ნორმების შესაბამისად. მან ცოლიც კი მოიყვანა. თუმცა იმის გამო, რომ ამგვარი ცხოვრება მისთვის გაუსაძლისი აღმოჩნდა, ბადალოვმა დიდ ბრიტანეთში მოითხოვა თავშესაფარი. თუმცა მისი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, რადგანაც ჰომოსექსუალიზმი აზერბაიჯანში არ არის დასჯადი. დიდ ბრიტანეთში ხელოვანის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ ცნობილი გახდა ბაბილოვის მშობლიურ სოფელშიც, რომელიც ირანის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. მისმა ოჯახმა ეს შეურაცხყოფად აღიქვა. როგორც ბადალოვი BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, მისმა ძმამ დაიფიცა, რომ ჯერ მას მოკლავდა, მერე კი თავს მოიკლავდა. მისმა დამ კი მოუწოდა, რომ დაეტოვებინა აზერბაიჯანი და უკან აღარასოდეს დაბრუნებულიყო. ბადალოვს თავშესაფარი ცოტა ხნის წინ საფრანგეთმა მისცა (http://www.bbc.co.uk/news/world-europe-14913247).
ამგვარი ტრადიციული წარმოდგენების რღვევას ადგილი აქვს მხოლოდ ეტაპობრივად და ისიც, როგორც წესი, მხოლოდ ბაქოს ინტელექტუალთა ვიწრო წრეებში. შვილების მიმართ ტოლერანტულად არიან განწყობილი ასევე ახალგაზრდა მშობლებიც, რომლებიც თვითონაც საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდში იზრდებოდნენ.
პოლიტიკური უფლებების ოფიციალური მხარდაჭერა პრაქტიკულად შეუძლებელია
ჰომოსექსუალური ქმედებები აზერბაიჯანში 2000 წლიდან აღარ განიხილება კრიმინალად და, შესაბამისად, აღარ ისჯება. ამას აღნიშნავენ მთავრობის წევრები, როდესაც საკუთარი ქვეყნის დემოკრატიულობის და დასავლური ორიენტაციის ხაზგასმა სურთ. თუმცა არ არსებობს არანაირი სამართლებრივი დაცვა დისკრიმინაციისგან, რომელიც სექსუალურ ორიენტაციას და სქესობრივ იდენტურობას უკავშირდება. ანალოგიურად არ არსებობს კანონები თანასწორობის შესახებ.
საჯაროდ გამოსვლა უმცირესობების პოლიტიკური უფლებების მხარდასაჭერად - იქნება ეს სექსუალური თუ, მაგალითისთვის, რელიგიური უმცირესობები, პრაქტიკულად გამორიცხულია. ასე, მაგალითად აქტივისტების ბაგიროვის და რზაევის ორგანიზაცია "Gender & Development"-ის ოფიციალურ მიზანს შიდსის პრევენცია და ნარკოტიკებთან ბრძოლა წარმოადგენს. ამით შეიძლება აიხსნას ის, რომ ეს ორგანიზაცია ოფიციალურადაა დარეგისტრირებული და მთავრობისგან ფინანსურ დახმარებასიღებს. სხვა ორგანიზაციები, რომლებიც შეძლებდნენ ლგბტ-უფლებებისთვის ბრძოლას, უბრალოდ არ არსებობს. აქტივისტ რზაევის განცხადებით ადგილი ჰქონდა აზრთა გაზიარებას აზერბაიჯანის ომბუცმენთან / ადამიანის უფლებების კომისართან, ელმირა სულეიმანოვასთან. თუმცა ჰომოსექსუალების მიმართ ტოლერანტობის საკითხს ისინი არ შეხებიან.
მას შემდეგ, რაც პოლიტიკური ოპოზიცია და დამოუკიდებელი და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები გასულ წლებში ძალზე შესუსტდნენ, ავტორიტარული მთავრობის და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ყურადღების ცენტრში სამოქალაქო საზოგადოება მოექცა. არასამთავრობო ორგანიზაციები წნეხის ქვეშ ექცევიან ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი პოლიტიკურად აქტიურდებიან, მაგალითად მონაწილეობას იღებენ საპროტესტო აქციებში ან ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში კრიტიკულ კომენტარებს აქვეყნებენ. ამავე დროს მთავრობა ცდილობს საკუთარი ახალგაზრდული ორგანიზაციებით შეავსოს სამოქალაქოსაზოგადოებრივი სექტორი.
მთავრობა სტერეოტიპულ წარმოდგენებს ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს
ოპოზიციის და მთავრობის კრიტიკოსთა დისკრედიტაციის მიზნით აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა სიამოვნებით იყენებს, მათ შორის, ქვეყანაში არსებულ იმ სტერეოტიპებს, რომლებიც სექსუალურ უმცირესობებს უკავშირდება. ასე, მაგალითად, მთავრობასთან დაახლოებული ერთ-ერთი ახალგაზრდული ორგანიზაცია ამტკიცებდა, თითქოს ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ალი ქერემილი, ჰომოსექსუალია. თუმცა თვით ქერემილს ამ ფაქტის შესახებ უცხოელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ არცერთ ინტერვიუში არ აღუნიშნავს, მაშინ როდესაც ის დეტალურად საუბრობდა მთავრობის ყველა იმ კამპანიაზე, რომლებიც გასული წლების განმავლობაში მის წინააღმდეგ იყო მიმართული. ცხადია, რომ ამ თემის გაჟღერება პოლიტიკოსისთვის უსიამოვნო იქნებოდა. ამას ემატება ისიც, რომ აზერბაიჯანის ტრადიციული ოპოზიციური პარტიები ისევე, როგორც ახალგაზრდა ოპოზიციონერი აქტივისტები ძირითადად ქვეყანაში ძალთა არათანაბარი გადანაწილების პრობლემის გადაჭრაზე არიან ორიენტირებული. უმცირესობათა უფლებები მათ პოლიტიკურ საქმიანობაშიც არ თამაშობენ პრაქტიკულად არანაირ როლს
კიდევ ერთი მაგალითი უკავშირდება ინციდენტს, რომელიც ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტის“ პრესმდივანს, ნატიკ ადიმოვს და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტ ქან თურალის შეემთხვათ. მათ 2012 წლის დეკემბერში მონაწილეობა მიიღეს კონრად ადენაუერის ფონდის და დოიჩე ველეს ერთობლივ სემინარში, რომელიც გაიმართა აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სასტუმროში. სასტუმროს რამდენიმე ნომერში დაყენებული იყო ფარული კამერები დაღამით მათივე ოთახებში მოხდა ადილოვის და თურალის ჩაწერა.
2011 წელის გაზაფხულზე მთავრობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების დროს ეს ჩანაწერები გამოჩნდა ინტერნეტსა და ლიდერ-ტვ-ის ეთერში. აზერბაიჯანული მედია-რეპორტაჟების თანახმად ეს ტელევიზია პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბიძაშვილს ეკუთვნის. ჩანაწერის გავრცელებას უმალვე მოჰყვა ხსენებული მედიამოთამაშეების რეპუტაციის რღვევა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მათი ნათესავები და ოჯახის წევრები აღმოჩნდნენ. ადილოვმა და თურალიმ მათ პირად ცხოვრებაში ჩარევის გამო სარჩელით სასამართლოს მიმართეს, თუმცა ამაოდ.
ანალოგიურად დაუპირისპირდნენ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტს და ჟურნალისტური გამოძიებების ავტორს სხადია ისმაილოვას, რომელიც, მათ შორის, რადიოარხ „თავისუფალი ევროპას“ თანამშრომელია. მის წინააღმდეგ მიმართული მუქარის შემდეგ საჯაროდ გავრცელდა ჟურნალისტის საძინებელში გაკეთებული ინტიმური ჩანაწერები. ეს საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამგვარი თავდასხმები ქალებზე მანამდე ტაბუდადებული იყო. ზემოხსენებული ორი ჟურნალისტის მსგავსად ისმაილოვას მცდელობაც, ეს შემთხვევა სამართლებრივად გამოძიებულიყო, უშედეგო აღმოჩნდა. ამის მიუხედავად ბინძური კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისმაილოვამ მხარდაჭერა სრულიად მოულოდნელი მხრიდან მიიღო. ისლამისტური ორგანიზაციებმა და სოფელ ნარდარანის ღრმადმორწმუნე შიიტების თემმა სოლიდარობა გამოუცხადეს ჟურნალისტს, რომელიც ურყევი ათეისტია.
რელიგიური დაჯგუფებები სტერეოტიპების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს
მეორე მხრივ არსებობენ ისლამისტური დაჯგუფებები, რომლებიც საზოგადოებას ჰომოსექსუალების წინააღმდეგ განაწყობენ. ისინი, როგორც წესი, ირანიდან იმართებიან, სადაც ჰომოსექსუალიზმი სიკვდილით ისჯება. მრავალი მუსულმანი ღვთისმსახური განათლებას ირანის წმინდა ადგილებში იღებს. ამას გარდა ერთ-ერთ ირანული სატელევიზიო არხი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად ახდენს პროპაგანდისტული გადაცემების მაუწყებლობას.
ასე, მაგალითად, ევროვიზიის კონკურსის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამართული ოპოზიციის სანქცირებული დემონსტრაციაზე გამოვიდა მუსულმანთა ჯგუფი, რომელიც ხმამაღლა სკანდირებდა ჰომოსექსუალების და ბაქოში გეი-პარადის შესაძლო გამართვის წინააღმდეგ. ამგვარი პარადის იდეა დასავლეთევროპელი ბლოგერების საიტებზე წარმოიშვა. თუმცა აზერბაიჯანში, ამის საპირისპიროდ, ხსენებული თემა სერიოზული განხილვის საგანი არ გამხდარა. ისეთი სიმბოლოები, როგორებიცაა დროშა ცისარტყელას ფერებით, კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებში უცხოა და ამიტომ მის მნიშვნელობას, როგორც წესი, ვერ ხვდებიან, აცხადებს აქტივისტი კამრან რზაევი. იგი აზერბაიჯანულ მედიასთან დაკავშირებულ სირთულეებზეც საუბრობს. რზაევის თქმით, ბევრ ჟურნალისტს საკმარისი ცოდნა არ გააჩნია, ისინი სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებზე საუბრისას, ხშირად მხოლოდ სტერეოტიპებს აღწერით შემოიფარგლებიან. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, უკანასკნელ დროს ინტერესი ამ თემის მიმართ გაიზარდა და ჟურნალისტები სალანძღავი სიტყვების ნაცვლად უფრო ხშირად იყენებენ კორექტულ დეფინიციებს.
ევროვიზიის კონკურს აზერბაიჯანში ჰომოსექსუალების მიმართ ტოლერანტობის თვალსაზრისით რაიმე საგრძნობი შედეგი არ მოჰყოლია. ჟურნალისტი შაჰლა სულთანოვა სარკასტულად აღნიშნავს, რომ შეიცვალა მხოლოდ ერთი რამ: ქალაქის ცენტრში მოკლე შარვლებით უკვე აზერბაიჯანელი მამაკაცებიც დადიან. მრავალმა უცხოელმა სტუმარმა იზრუნა იმაზე, რომ ტანსაცმლის ამ ელემენტს, რომელიც ქვეყანაში ზოგადად გაკიცხვის საგანს წარმოადგენს, ქალაქის ცენტრში მოთმინებით ეკიდებიან. სხვა მხრივ ჟურნალისტი მის სამშობლოში ტოლერანტობის დამკვიდრების თვალსაზრისით პესიმისტურადაა განწყობილი. რადგანაც 30-ს გადაცილებული, დაუოჯახებელი ჰეტეროსექსუალებისთვისაც უაღრესად რთულია საზოგადოებაში სრულფასოვნად ინტეგრირება. მისი თქმით, ვისაც არც შვილები და არც პარტნიორი არ ჰყავს, უნდა შეურიგდეს მეგობრების და კოლეგების ინტიმურ შეკითხვებს.
ეს მდგომარეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს, თუ ტრადიციული სტრუქტურები აღარ ითამაშებენ გადამწყვეტ როლს პროფესიულ წინსვლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ანუ, თუკი პირად კავშირებზე აღარ იქნება დამოკიდებული, მაგალითად, იპოვის ადამიანი სამსახურს თუ არა. მანამდე კი სექსუალური უმცირესობებიც საზოგადოებისთვის ან საერთოდ მიუღებელი იქნებიან, ან მხოლოდ მცირერიცხოვან სოციალურ ნიშებში იქნებიან მიღებული. ამას ემატება ისიც, რომ განათლების დონე წარსულის მსგავსად დღესაც არ არის მაღალი და ნებისმიერი გადახვევა ნორმიდან განიხილება როგორც სოციალური წყობის წინააღმდეგ მიმართული საფრხთე.