პოლიტიკური მეხსიერების ლაბირინთები: სამართლიანობის აღდგენა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?

Კითხვის დრო: 3 წუთი
Teaser Image Caption
ოთარ კახიძე, გოგი გვახარია, ანა დოლიძე და დავით ბერძენიშვილი

“პოლიტიკური მეხსიერების ლაბირინთები: სამართლიანობის აღდგენა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?" - კითხვას, რომლითაც ორგანიზატორებმა სეზონის ბოლო დისკუსია დაასათაურეს, ცალსახა პასუხი არ გასცემია. ყველა მომხსენებელს საკუთარი აზრი ჰქონდა იმის შესახებ, რას ნიშნავს სამართლიანობის აღდგენა ან პოლიტიკური ანგარიშსწორება, რა ცოდნას გვაწვდის საქართველოს და მსოფლიოს უახლესი ისტორია ამ თემებზე სამსჯელოდ.

 

 დავით ბერძენიშვილი საქართველოში ბოლო ოცი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე შეეცადა ეჩვენებინა, რამდენად შესაძლებელია ამ წლების გამოცდილებისთვის ამ ცნებების - სამართლიანობის აღდგენის ან პოლიტიკური ანგარიშსწორების მისადაგება. მან საუბრის დასაწყისშივე თქვა, რომ ამჯობინებს ტერმინს “სამართლიანობის დამკვიდრება”, იმიტომ რომ აღსადგენი არც არაფერია.

იქნებოდა ეს 1990 წლის 28 მარტის არჩევნების შედეგად მოსული ახალი ხელისუფლება, გამსახურდიას “მრგვალი მაგიდა”, 1991-92 წლების საშობაო გადატრიალების შემდეგ მოსული ხელისუფლება, 1992-95 წლები, 1995 წლიდან 2003 წლამდე დამყარებული მმართველობა თუ “ვარდების რევოლუციის” შემდგომი პერიოდი - “მთელი პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში გამოკვეთილად არც პოლიტიკური ანგარიშსწორება ყოფილა, სამართლიანობის, აღსადგენი არც არაფერი იყო, დამკვიდრების გამოცდილებაც არ გვაქვს” - მიაჩნია დავით ბერძენიშვილს. მისივე თქმით, “შესაძლოა ეს კითხვა მიუწვდომელია პასუხგასაცემად, სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკური და მორალური უფლება მოპოვებული გვაქვს თუ არა”.

მეხსიერება, შურისძიება, სამართლიანობა - ამ სამი ცნების ერთმანეთთან კავშირზე, მათ განმასხვავებელ ნიშნებზე, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში სამართლიანობის აღდგენის თუ პოლიტიკური ანგარიშსწორების მაგალითებზე და სიმართლის კომისიის მიზანშეწონილობაზე ისაუბრა ანა დოლიძემ. ჰანა არენდტი, სიმონ დე ბოვუარი, ერნესტ რენანი, ადოლფ აიხმანი, ბართლომეს ღამე, ნიურნბერგის პროცესი, ვიშის რეჟიმი, რობერ ბრაზილიაკი, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, აპარტეიდის რეჟიმი - მსოფლიო ტკივილების მოზაიკა, მაგალითები, როცა ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, როცა მოითხოვდნენ შურისძიებას ან სამართლიანობის აღდგენას, როცა ენდობოდნენ ან არ ენდობოდნენ სასამართლო პროცესებს, როცა “სამოქალაქო უფლებების მოძრაობის იმედგაცრუებული აქტივისტები ამერიკაში ამბობდნენ - “გვსურდა სამართლიანობა, მაგრამ მივიღეთ მხოლოდ კანონიერება”. “სამართლიანობის აღდგენის მცდელობები საქართველოში არსებობდა. თუმცა, ჩვენი ერი სამართლიანობის აღდგენას ისე ფართომასშტაბურად არასოდეს მიუდგა, როგორც მოხდა ეს სხვა ქვეყნებში” - მიაჩნია ანა დოლიძეს. 

 

და მაინც  “საქართველოში ის საკითხი, თუ რამდენად უნდა მოხდეს სამართლიანობის აღდგენა ისტორიული სიმართლის დადგენის თვალსაზრისით, ცალსახად არ არის გადაწყვეტილი”, ფიქრობს ანა დოლიძე, რადგან არიან ადამიანები, ადამიანის უფლებათა დამცველები, კანონის უზენაესობის მომხრეები, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს პროცესი აუცილებელია, მაგრამ “მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, როგორც ერნესტ რენანი ამბობს, ერის განვითარებისათვის, მისი მომავლისათვის, საზოგადოებრივი სოლიდარობის მიღწევისათვის შეიძლება საჭირო იყოს ძალადობის და დანაშაულების დავიწყება. ეს გადაწყვეტილება საზოგადოების შიგნით არის მისაღები.

ოთარ კახიძე ხელისუფლების აბსოლუტური ღირებულებებით შეფასებისა და განსჯის წინააღმდეგია. 70 წელი ბოროტების იმპერიაში, დანგრეული ეკონომიკა, სამოქალაქო ომი - მემკვირეობად მიღებული გამოცდილება და წინა ხელისუფლების მცდელობები, რამდენადმე მაინც შეეცვალა უსამართლობა - პრობლემები პოლიციაში,  პროკურატურაში, სასამართლოში, უნივერსიტეტებში, სკოლებში, ქუჩაში. ვისი ბრალია ის, რაც ამ მცდელობების მიუხედავად ქვეყანამ მიიღო? “ვისი ბრალია ეს, ვინ უნდა დაისაჯოს, სამართლიანობა როგორ უნდა აღდგეს?” - კითხულობს ოთარ კახიძე. ის არ არის მომხრე, დანაშაულის დავიწყების, მაგრამ მიაჩნია, რომ დანაშაულს კონკრეტული პირები ჩადიან და პასუხიც ამ კონკრეტულ პირებს უნდა მოეთხოვოს - “ძალადობას ჰყავს თავისი ჩამდენი პირები, მათ შორის ამ ძალადობის ორგანიზატორები. შესაბამისმა უწყებამ ყველა ამ პირის შესახებ უნდა გამოიძიოს ინფორმაცია, დადოს მასალა და წარუდგინოს სასამართლოს. ამ მექანიზმს ალტერნატივა არა აქვს. შურისძიების წყურვილი არ უნდა დავუკმაყოფილოთ მოქალაქეებს”.  

დისკუსიის ბოლოს ახალი კითხვებიც გაჩნდა, სიმართლის კომისიასთან დაკავშირებული. რას შეცვლის სიმართლის კომისია ან ვინ უნდა იყვნენ მისი წევრები?