ომით გაყოფილი საზოგადოებები 20 წლის შემდეგ: სამშვიდობო პოლიტიკა და შერიგების რესურსები

Teaser Image Caption
გიორგი კანაშვილი, გოგი გვახარია და პაატა ზაქარეიშვილი

სოხუმის დაცემიდან 20 წლის თავზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა საზოგადოებას კონფლიქტების თემაზე კიდევ ერთი დისკუსია შესთავაზა. როგორია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივები 20 წლის გადასახედიდან, სად უნდა ვეძებოთ შერიგების რესურსები, რა იცის კონფლიქტების შესახებ და როგორ აფასებს მომხდარს ახალგაზრდა თაობა, რა მიზნები ამოძრავებს ქართულ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს, რისი გაკეთება შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას, რატომ არის მნიშვნელოვანი ევროპული ინტეგრაცია და როგორ ვპასუხობთ რუსეთიდან გამოწვევებს  - დისკუსიის მონაწილეები  და დარბაზში შეკრებილი საზოგადოება ერთად ცდილობდნენ პასუხის მოძებნას ამ კითხვებისთვის.

დისკუსიის ორგანიზატორებისთვის წინა საღამოს გახდა ცნობილი, რომ ერთ-ერთი მონაწილე დისკუსიას ვეღარ დაესწრებოდა. ამან, როგორც მოდერატორმა, გოგი გვახარიამაც აღნიშნა, ალბათ მართლაც შეცვალა შეხვედრის “მიზანსცენა”. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო კავკასიური სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კანაშვილმა, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოებაში არსებულ ხედვებზე და იმ განწყობებსა და მოლოდინებზე ისაუბრა, რაც არის დღეს ქართულ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში. 

სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტები რამდენიმე მიმართულებით გააკეთა - სიტუაციის აღწერა, შერიგების პერსპექტივები, რისკები და საფრთხეები. რა მიიღო კონფლიქტში ჩართულმა თითოეულმა მხარემ, იქნება ეს ქართული და აფხაზური ან ოსური საზოგადოებები, თუ რუსეთის სახელმწიფო, რამდენად შეესაბამება მიღებული შედეგები დასახულ მიზანს თითოეული ამ მხარისთვის? “ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია იმ მიზანს, რისთვისაც უშვებდა საომარი მოქმედებების რეალობას. ამიტომ არ მიმაჩნია, რომ ქართულ მხარეს უნდა გვქონდეს განწყობა, რომ ყველამ მოიგო და ჩვენ წავაგეთ. ვფიქრობ, რომ ყველამ წააგო და გარკვეულწილად თანაბარ პირობებში ვიმყოფებით” - მიაჩნია პაატა ზაქარეიშვილს. მისი აზრით შერიგების რესურსები ქართულ საზოგადოებას გააჩნია და ამისთვის მოთმინებით უნდა ვეძებოთ გამოსავლები.