შედგა თუ არა საქართველოს ევროპული არჩევანი?

Კითხვის დრო: 2 წუთი
ელენე ხოშტარია
Teaser Image Caption
ელენე ხოშტარია

როცა ვკითხულობთ, შედგა თუ არა საქართველოს ევროპული არჩევანი, ან თუნდაც, შედგება თუ არა მომავალში საქართველოს ევროპული არჩევანი, პირველ რიგში ალბათ ის მოლოდინი უნდა განისაზღვროს, რასაც საქართველოს მოსახლეობა ევროპასთან ინტეგრაციით წარმოიდგენს. რას ელის საზოგადოება ევროკავშირისგან, ასოცირების ხელშეკრულებისგან  ან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისგან, სავიზო რეჟიმის გამარტივებისგან და ბოლოს, ევროკავშირის წევრობისგან? თუ გავითვალისწინებთ წინა წლებში ამ თემებზე ჩატარებული გამოკითხვების შედეგებს, რომელთა მიხედვით საქართველოს მოსახლეობის თითქმის 80% ცალსახად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ არჩევანს, ევროინტეგრაციას, ბოლო პერიოდში გახშირებული კითხვები “ევრაზიული კავშირის” გარშემო ცოტა უცნაურადაც გამოიყურება. რას ელის საქართველო ევროკავშირისგან, რას ელის ევროკავშირი საქართველოსგან, რომლის პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც ევროპული არჩევანის ერთგულია.  რა როლს თამაშობს რუსეთი და რა საფრთხეები მოჩანს მისგან მომდევნო წლის განმავლობაში - 4 დეკემბერს ბიოლის ფონდში გამართული დისკუსია ამ თემებს ეხებოდა.

მომხსენებლებს, პარლამენტარ თინა ხიდაშელს, და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს - ელენე ხოშტარიას და ივანე ჩხიკვაძეს, საკუთარი ხედვა აქვთ იმასთან დაკავშირებით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან იმისათვის, რომ წლების წინ დაწყებული სვლა ევროპისკენ - ასახული რეფორმებში, შეთანხმებებში, რეგულაციებში, არ შეჩერდეს და განვითარების ახალ ფაზაში გადაიზარდოს თან ისე, რომ ამ გზაზე ქვეყანამ რაც შეიკლება ნაკლები დანაკარგი ნახოს და ფართო საზოგადოებამაც გააცნობიეროს რა ცვლილებებს უნდა ელოდეს ევროკავშირში გაწევრიანებისგან, რას ნიშნავს, და რატომ არის მნიშვნელოვანი ევროპული არჩევანი.