აპრილში ოფიციალური სოხუმი ძალიან აქტიური იყო. პრეზიდენტი ბაღაფში თურქეთში ჩავიდა, სოხუმს ისრაელის მთავრობასთან დაახლოებული ისრაელელი ბიზნესმენები სტუმრობდნენ, მანამდე კი აფხაზეთში წარმომადგებლობითი გერმანული დელეგაცია ჩამოვიდა, რომლის შემადგენლობაში გერმანიის ზოგიერთი მიწის მინისტრებიც კი იყვნენ. ამ ვიზიტების შემდეგ ზოგიერთმა ექსპერტმა თქვა, რომ სოხუმმა სხვა, არარუსულ სამყაროში ფანჯრის გაჭრა დაიწყო.
საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზია და იმისთვის, რომ იგი გამართლდეს, რამდენიმე ფაქტორის თანხვედრაა აუცილებელი.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამ “დანარჩენი” მსოფლიოს პოზიცია. დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ აფხაზეთის მიუღებლობასთან დაკავშირებით მისი მკაცრი პოზიცია, რომელიც არა იმდენად საქართველოს მიმართ სიმპათიით, რამდენადაც კრემლის მიმართ მტრული დამოკიდებულებით უფროა ნაკარნახევი, სრული უგუნურებაა და გაუმართლებელია თუნდაც უკიდურესად რუსოფობული გადმოსახედიდანაც.
ათიოდე წლის წინ რუსეთი ისევე შორს იყო აფხაზეთისგან, როგორც აშშ და ევროპა. შესაძლოა, ვინმეს დაავიწყდა, რომ მოსკოვი მაშინ აფხაზეთს ახრჩობდა, როგორც მოსისხლე მტერს.
ბლოკადა, რომელსაც კრემლი სოხუმს უწყობდა, ისრაელის მიერ პალესტინისთვის მოწყობილ ბლოკადას ჰგავდა. 16-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის გზა მდინარე ფსოუს რუსული ნაპირისკენ ჩაკეტილი იყო. იმ პროდუქტების სია, რომელთა შემოტანა ან გატანა შეიძლებოდა რესპუბლიკიდან, ქაღალდის პატარა ნაგლეჯზე ეტეოდა.
თუმცა, ელცინის შემდეგ პუტინი მოვიდა და პერმანენტული მათრახის პოლიტიკა, თაფლაკვერის პოლიტიკამ შეცვალა. შედეგად, აფხაზეთი პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად, კულტურულად და ასე შემდეგ, თანდათანობით რუსულ სივრცეში ინტეგრირდა.
და რას აკეთებდა ამ დროს დასავლეთი? იგი, რუსეთის ჯიბრით, არც კი იმჩნევდა აფხაზეთს. როგორც ჩანს, ამ ბოლო დროს დასავლეთმა გააცნობიერა, რომ კონდუქტორზე გაბრაზების გამო ფეხით სიარული სისულელეა. თუმცა, ერთი საქმეა ამის გააზრება, ხოლო მეორე – კონკრეტული ქმედებები. თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობაა, ხოლო ამერიკული ელიტა ზედმეტად ჯიუტია, უმოქმედობას დასავლეთის მხრიდან კიდევ დიდხანს უნდა შევეგუოთ.
მეორე ფაქტორი, რომელიც აუცილებელია “დანარჩენ” სამყაროში ფანჯრის გასაჭრელად, არის რუსეთი. მოსკოვი აუცილებლად იეჭვიანებს აფხაზეთისა და დასავლეთის ნებისმიერი კონტაქტის შემთხვევაში. თუმცა იმის თქმა, რომ მოსკოვს საერთოდ არ უნდა ეს კონტაქტი, არ შეიძლება. ეს რომ ასე იყოს, ვერანაირი ისრაელელები და გერმანელები აფხაზეთში ფეხს ვერ შემოადგამდნენ.
თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ უცხოელი სტუმრები სოხუმში სწორედ მოსკოვიდან ჩამოვიდნენ. თუმცა, ცხადია, ამ პროცესის თვითდინებაზე მიშვება კრემლს არაფერში სჭირდება. მის მიერ მოვლილ-მოხნულ ბოსტანში უცხო პირთა შეშვება და მით უმეტეს, მათთვის რაიმე ზედმეტი ფუნქციების მინიჭება აუტკივარი თავის ატკივებაა. თანაც, მაშინ, როცა ამ “ბოსტანში” ყველაფერი გადასარევად მიდის – მაგალითად, სულ ახლახან პრეზიდენტმა ბაღაფშმა რუსულ გაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ აფხაზეთის დედაქალაქი მოსკოვია. ასეთი სამოთხის დაკარგვას კრემლი არ დაუშვებს.
და მესამე ფაქტორი, რომელიც აფხაზეთის დასავლეთთან კავშირისთვის არის აუცილებელი, თავად აფხაზეთია. შორეულ პერსპექტივაში, სწორედ აფხაზი ხალხის ნება და გონიერება გახდება დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობის წარმმართველი. ერთი საქმეა რიტორიკა – ლამაზი სიტყვები მრავალვექტორიან საგარეო პოლიტიკაზე, დასავლური ინვესტიციების აუცილებლობაზე, დემოკრატიაზე და მეორეა – კონკრეტული საქმეები.
რეალურად, ძნელია აფხაზეთში ბიზნესის კეთება. წარმოვიდგინოთ სიტუაცია: მაგალითად, გერმანულ კომპანიას აფხაზეთში საინვესტიციო პროექტის რეალიზება სურს. წარმოვიდგინოთ, რომ ამაზე კრემლის მდუმარე თანხმობაც არსებობს.
და, აი, ჩამოდიან გერმანელები სოხუმში. ხვდებიან პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პალამენტის სპიკერს... მოკლედ, ყველა საჭირო ჩინოვნიკს. მეგობრულ ატმოსფეროში გამართული ამ შეხვედრების შემდეგ, ისინი მიიღებენ ზეპირ გარანტიებს, ხელი მოეწერება ყველა საჭირო დოკუმენტს. ისინი ბრუნდებიან გერმანიაში და ჩამოაქვთ ფული. და უკვე ამის შემდეგ იწყება რეალობა – “ნამიოკები”, რომლებიც ხავერდოვნად გადაიზრდება წილების, “ოტკატების”, ქრთამების მოთხოვნებსა და მუქარებში. თუ გერმანელები ამას კაბინეტში ვერ გაიგებენ, მათ უკვე ქუჩაში აუხსნიან. აქ პრეზიდენტიც ვერაფერს გახდება, რადგან კერძო ინტერესი აფხაზეთში თითქმის კონსტიტუციურ ნორმად იქცა. სისტემაა ასე მოწყობილი. ამ სისტემის მოშლა არავის უნდა. იმის გამო კი არა, რომ სრულიად უსინდისოები არიან, უბრალოდ, არ იციან სხვანაირად როგორ უნდა იყოს.
ოთხი წლის წინ ბიჭვინთაში ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობდა, რამდენიმე ათეული რუსი ბიზნესმენის მონაწილეობით. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი ბაღაფში და აფხაზეთის მთავრობის წევრები. ისინი ჰყვებოდნენ შეღავათიან პირობებზე უცხოური ინვესტორებისთვის, დაბალ გადასახადებზე, იაფ სამუშაო ძალაზე, ძალიან იაფ ელექტროენერგიაზე და სახელმწიფოს სურვილზე, ხელი შეუწყოს ინვესტორებს, რადგან “ქვეყანას ძალიან სჭირდება ინვესტიციები”. შესვენების დროს მაგიდასთან, სადაც მე ნაცნობ რუს ბიზნესმენთან ერთად ვიჯექი, რომელიც მანამდე 2 წელი უშედეგოდ ცდილობდა აფხაზურ ბაზარზე დამკვიდრებას, ფორუმის ერთ-ერთი რუსი დელეგატი დაჯდა. იგი პირველად იყო აფხაზეთში. ბუნებამ და ტკბილსიტყვაობამ თავისიეფექტი მოახდინა. ახალბედა ბიზნესმენი აღფრთოვანებული იყო და მომავლის გეგმებს სახავდა. ეგონა, რომ თავისი ელდორადო იპოვა. “ერთს გეტყვი, კარგად დაიმახსოვრე – არ გეგონოს, რომ აქ გოიმები არიან,” – გააფრთხილა იგი ჩემმა თანმხლებმა ბიზნესმენმა.
შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შევხვდი იმ აღტკინებულ ბიზნესმენს. როგორც ჩანს, ბიჭვინთაში შეხვედრის შემდეგ ვიღაცას აშკარად მიწაზე დაუნარცხებია იგი. არც კი მიკითხავს, როგორ მიდიოდა მისი ბიზნესის საქმე, რადგან ისედაც კარგად ვიცი, როგორ შეიძლება წავიდეს ბიზნესის საქმე აფხაზეთში.
სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.