მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში აფხაზეთში გამართულ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვება მმართველმა პარტიამ "ერთიანმა აფხაზეთმა" მოიპოვა, ადგილობრივი ექსპერტები აფხაზური ოპოზიციის გაძლიერებაზე საუბრობენ.
ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც რეგიონული საბჭოებისა და მთავარ ქალაქებში მერის თანამდებობების შემადგენლობას განსაზღვრავს, რეალურად არაფერი შეუცვლია. თითქმის ყველგან თანამდებობებზე ძველი კადრები დარჩა, გარდა გუდაუთისა, სადაც ოპოზიციამ სახელისუფლებო კანდიდატისმოქმედი მერის დამარცხება შეძლო.
აფხაზი მიმომხილველი ახრა სმირი ამბობს, რომ ეს ფაქტი სიმპტომურია ოპოზიციამ სწორედ იმ რაიონში შეძლო საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება და მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების გაღვივება, სადაც რუსეთი უახლოეს ხანებში თავისი ჯარის განლაგებას გეგმავს.
აფხაზურ ოპოზიციას დღეს არც ერთიანი სამოქმედო პროგრამა აქვს და ვერც რესპუბლიკის მომავლის მკაფიო ხედვაზე ჩამოყალიბებულა. თუმცა, ერთ საკითხში ყველა თანხმდება - ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის მიმართ ვნებს აფხაზეთის ნაციონალურ ინტერესებს და ამ არჩევნებში ოპოზიციას სწორედ იმ რაიონში გაუმართლა, სადაც მოსახლეობა ამ პოლიტიკის შედეგს ყველაზე მეტად გრძნობს.
ჯერ კიდევ 2009 წელს, აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმმა და ოპოზიციურმა პარტია "ერა"-მ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც რუსეთისათვის მეტისმეტი ძალაუფლების გადაცემის გამო აფხაზეთის მთავრობა მკაცრად გააკრიტიკეს. ოპოზიცია უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ ხელისუფლებამ რუსეთს აფხაზეთის რკინიგზის, აეროპორტის, საზღვრების მართვის და მთავრობის ბიუჯეტის ორი მესამედის უზრუნველყოფის უფლება მისცა.
მიუხედავად ამ მკაცრი განცხადებისა, აფხაზეთის ოპოზიციის ეს ორი ყველაზე ძლიერი პარტია უარყოფს, რომ ანტირუსულია. "პირველ რიგში, აფხაზეთმა დღესსრული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად სათანადო პირობები უნდა შექმნას. აფხაზეთი უნდა იყოს დამოუკიდებელი რუსეთისგან, დასავლეთისგან და სხვა ნებისმიერისგან," – განაცხადა "ლიბერალთან" საუბარში აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა და "ერთიანი ეროვნული ფორუმის" ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ.
ახრა სმირი ამბობს, რომ ბაღაფშის რუსული პოლიტიკის მიმართ აფხაზეთის მოსახლეობის სულ უფრო მზარდ უკმაყოფილებას დღეს აფხაზური ოპოზიცია მოხერხებულად იყენებს, რეალურად კი, ოპოზიციამაც იცის, რომ დღევანდელი მთავრობის პოლიტიკა თითქმის უალტერნატივოა. "ყველამ იცის, ფული საიდან მოდის. და რაც უფრო მეტი წამოვა, მით უკეთესი. ოპოზიციას შეუძლია, რამდენიც უნდა, იმდენი ილაპარაკოს, მაგრამ მათ კარგად იციან, რომ მხოლოდ იგი-ვე არჩევანი აქვთ," – მიიჩნევს სმირი.
იანვარში ოპოზიციური "სახალხო პარტიის" ლიდერის იაკობ ლაკობას დაკავებაც რუსულ ფულთან დაკავშირებული სკანდალის გამო მოხდა. ლაკობა ცილისწამების ბრალდებით დააკავეს. მან საკუთარი პარტიის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელს სერგეი სტეპაშინს კორუფციასა და აფხაზეთის დახმარებიდან თანხების გაქრობის ფაქტის უგულებელყოფაში დასდო ბრალი.
ლაკობას დაკავებისთანავე აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერებმა მთავრობის მოქმედებები დაგმეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს. ხელისუფლება იძულებული გახდა ოპოზიციონერი გაეთავისუფლებინა.
აფხაზი ჟურნალისტების თქმით, ლაკობას შემთხვევა სუსტი აფხაზური ოპოზიცისთვის დიდი გამარჯვება იყო.
ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ ოპოზიციისა და საზოგადოების ერთიანი წნეხის გამო ხელისუფლება იძულებული გახდა საკუთარი პოზიცია შეეცვალა.
აფხაზური ოპოზიცია, რომელსაც შორსმიმავალი პოლიტიკური გეგმები აქვს, სავარაუდოდ, მომავალშიც შეეცდება ბაღაფშის რუსული პოლიტიკის კრიტიკით ხალხის გულების მონადირებას. შესაძლოა, მომავალ პოლიტიკურ ბრძოლებში ეს ოპოზიციის გამაერთიანებელ ფაქტორად იქცეს.
სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.