დაპირისპირების ზღვარზე

ჟამბულატ თედეევი
გასულ კვირას სამხრეთ ოსეთი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოჩნდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სხვადასხვა მონაცემებით, ათასიდან ორი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. ისინი პრეზიდენტობის კანდიდატის - თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ჯამბულატ თედეევის მომხრეები იყვნენ. თედეევი დღეს კოკოითის მთავარი მტერია და ოპოზიციის მხრიდან პრეზიდენტობის ნომერ პირველი კანდიდატი.

ცხინვალში ამ რაოდენობის ხალხი არ შეკრებილა 2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ, როცა რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ჯამბულატ თედეევის მხარდამჭერები თავიდანვე ელოდნენ, რომ ცესკო თედეევს რეგისტრაციის დროს პრობლემებს შეუქმნიდა. რამდენიმე თვეა, რაც სამხრეთ ოსეთში მოქმედებს კანონი, რომელიც, როგორც ცხინვალელები ამბობენ, სპეციალურად თედეევის წინააღმდეგ შემოიღეს - სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი შეიძლება გახდეს ადამიანი, რომელმაც ბოლო ათი წელი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იცხოვრა. თავად ბატონი თედეევი კი ბოლო ათი წელია რუსეთში ცხოვრობს. თუმცა, ცესკოს წინაშე თავს იმით იმართლებდა, რომ “ცხინვალში ვცხოვრობდი, რუსეთში მივლინებაში დავდიოდიო”.

ცხადია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თედეევს რეგისტრაციაზე უარი უთხრა. მისი მხარდამჭერებს შორის ბევრი კუნთმაგარი ბიჭიც იყო, რომლებიც ცესკოს შენობის დაკავებას შეეცადნენ. ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც სპეცრაზმმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.

საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთში 13 ნოემბერს გაიმართება. რესპუბლიკა კი ძალიან ახლოსაა სამოქალაქო დაპირისპირებასთან.

ცხინვალში კარგად იციან, რომ როცა საქმე კოკოითებისა და თედეევების კონფლიქტს ეხება, ყველაფერი მოსალოდნელია.

2001 წელს, როდესაც ედუარდ ჯაბეის ძე კოკოითი პირველად იყრიდა კენჭს სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მისი ყველაზე ერთგული მეგობრები და მხარდამჭერები სწორედ ძმები ჯამბულატ და იბრაგიმ თედეევები იყვნენ.

კოკოითის გაპრეზიდენტების შემდეგ ყოფილმა მეგობრებმა გავლენის სფეროები ვერ გაიყვეს და მოსისხლე მტრებად იქცნენ. კოკოითმა ძმები ცხინვალიდან გააძევა და მათ სამშობლოში დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა. იბრაგიმ თედეევი კოკოითის ოპოზიციის მთავარ დამფინანსებლად იქცა 2006 წლის აგვისტომდე, ვიდრე იგი ვლადიკავკაზში, ძალიან უცნაურ ვითარებაში არ მოკლეს.

“ჯამბულატმა ძმის საფლავთან დაიფიცა, რომ კოკოითს სამაგიეროს გადაუხდიდა.  ჯამბულატი თავისი სიტყვას შეასრულებს,” - ამბობს თედეევის თანაპარტიელი.

დღეს თედეევის სახლთან ცხინვალში მისი მხარდამჭერი მოსახლეობა მორიგეობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაპატიმრება არ ასცდება.

რაც შეეხება კოკოითს, სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი თავის მეორე და უკანასკნელ საპრეზიდენტო ვადას ასრულებს. კონსტიტუციის თანახმად, მას მესამედ კენჭისყრის უფლება არ აქვს. კოკოითმა თავიდან ამ კანონის შესაცვლელად ნიადაგი მოსინჯა, თუმცა მოსკოვიდან მკაფიო ნიშანი მიიღო, რომ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პოსტზე მესამედ კოკოითის ნახვა კრემლში აღარ სურთ.

ამის შემდეგ კოკოითი ხელისუფლებაში დარჩენის სხვა გზებს ეძებს. რუსული ვარიანტი სამხრეთ ოსეთში არ იმუშავებდა. საქმე ისაა, რომ 2008 წლიდან, მას შემდეგ რაც რესპუბლიკას რუსული ფინანსური დახმარება მიეწოდება, სამხრეთ ოსეთის მთავრობის მეთაურს, როგორც ამ ფინანსური ნაკადის მთავარ მაკონტროლებელს, კრემლი თავად ნიშნავს. ამ თანამდებობაზე კოკოითის დანიშვნა არც კრემლის სურვილი იქნებოდა და არც თავად კოკოითის.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეობას - პარლამენტს სამხრეთ ოსეთში თითქმის არავითარი უფლებები არ აქვს. მიუხედავად ამისა, მიმდინარეობს საუბრები, რომ კოკოითი დასჯერდება ამ სიმბოლურ პოსტს, რათა ხელისუფლებაში დარჩეს.

მისი რეალური ძალა კი მმართველი პარტიის თავმჯდომარეობაშია. მმართველ პარტია დღეს ყველაზე დიდი საპარლამენტო ფრაქციითაა წარმოდგენილი, ჰყავს გავლენიანი წევრები ყველა სამთავრობო სტრუქტურაში, მათ შორის ძალოვან სამინისტროებში. სწორედ ამ პარტიას აქვს ძალა, 13 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატი გაიყვანოს.

ფორმალურად, კოკოითის მემკვიდრე საგანგებო საქმეთა მინისტრი ანატოლი ბიბილოვია, თუმცა საქმეს მნიშვნელოვნად ართულებს ის, რომ ბიბილოვი მოსახლეობაში ავტორიტეტით არ სარგებლობს. საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით განხეთქილებაა მებრძოლებსა და ჩინოვნიკებს შორის, რაც ქვეყანაში დაძაბულობას ქმნის.

არ არის გარკვეული ასევე ვინ არის კრემლის ფავორიტი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პოსტზე. როგორც ჩანს, მოსკოვი ჯერ შორიდან უყურებს ამ აურზაურს. აფხაზეთშიც ასე იყო - კრემლმა ანქვაბს მხოლოდ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე დაუჭირა მხარი, როცა მიხვდა, რომ მას მოგების ყველაზე რეალური შანსი ჰქონდა. არადა, კრემლს სამხრეთ ოსეთში ბევრად უფრო თამამად შეუძლია მოქმედება. აფხაზეთისგან განსხვავებით, რუსეთის მხარდაჭერა აქ ცუდ ტონად არ აღიქმება.

თუ დანაწევრებული ოპოზიცია არჩევნებზეც ასევე დანაწევრებული წავა, ეს კიდევ უფრო გაზრდის პროსახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვების შანსს.

თუმცა, ნამდვილადვერვიტყვით, რომ 13 ნოემბერს არჩევნებში გამარჯვებულ პრეზიდენტს დალხენილი ცხოვრება ექნება. ედუარდ კოკოითი წამდაუწუმ იმეორებს, რომ არსად წასვლას არ აპირებს. აშკარაა, უკვე ფიქრობს, როგორ დააჯდეს კისერზე ახალ პრეზიდენტს. ამას დაუმატეთ კრემლის გავლენებიც... აშკარაა, რომ სამხრეთ ოსეთის მომავალ პრეზიდენტს ლავირების კარგი უნარი და რკინის ნერვები უნდა ჰქონდეს.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.