დევნილთა საცხოვრებელი პირობები და წყალტუბოს სამომავლო პერსპექტივები

Image removed.

ახალი დასახლება თერნალში. © ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი

მედეა იმერლიშვილი

სანატორიუმებში: "ცისკარი", "შახტიორი" და "ივერია", მცხოვრები დევნილი ოჯახები ახალ წელს თერნალის დასახლების ახალაშენებულ კორპუსებში, სუფთა და ნათელ ბინებში შეხვდებიან. იქ ჯერ არც გაზია შეყვანილი და წყალიც შეფერხებით მიეწოდებათ, მაგრამ ეს ადამიანები მაინც კმაყოფილები ჩანან. ხალხი გამოცოცხლებულია, აივნებზეა გამოფენილი. ქალები ფანჯრებს წმენდენ, კაცები კორპუსების მიმდებარე ტერიტორიას აწესრიგებენ. ადრე უფრო ხშირად ლაპარაკობდნენ სარდაფებში დაგროვილ წყალზე და მშენებლობის ხარისხსაც ეჭვის თვალით უყურებდნენ, დღეს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დროებით მაინც სურთ დაივიწყონ ყველა პრობლემა და სანატორიუმების გაუსაძლისი პირობების შემდეგ ცხოვრება თავიდან დაიწყონ. დანარჩენ სანატორიუმებში მცხოვრებთა მომავალი კვლავ გაურკვეველია.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით წყალტუბოში მცხოვრები დევნილებისთვის პირველი დისკუსია 2010 წლის 7 მაისს  გაიმართა. მაშინ ახალ კორპუსებზე, როგორც სამომავლო  და ზოგად პერსპექტივაზე საუბრობდნენ. დევნილები გულისტკივილს გამოთქვამდნენ, რომ არავინ ინტერესდებოდა, სურდათ თუ არა გადასვლა ახალ კორპუსებში, რომლებიც, როგორც თავად ამბობდნენ, დაჭაობებულ ადგილას შენდებოდა. არც ბინების პროექტს იცნობდნენ და რაც მთავარია, უცნობი იყო, რა პრინციპით გადაანაწილებდნენ ამ ახალ კორპუსებში. ბევრი საქართველოს სხვა რეგიონებში გადასვლასაც აპროტესტებდა. თუმცა ისეთებიც იყვნენ, რომლებიც ფოთში გადასვლის სურვილს ჯერ კიდევ მაშინ გამოთქვამდნენ და ამ ახალ პერსპექტივას იმედის თვალით შეჰყურებდნენ.

2010 წელს მცირე შუალედებით, 26 ივლისს და 22 ოქტომბერს, წყალტუბოში კიდევ ორი დისკუსია ჩატარდა. საკითხები, რომლებიც ამ დისკუსიებზე წამოიჭრა, კვლავ მიმდინარე მშენებლობებს, განსახლების საკითხებს და სანატორიუმებში არსებულ მძიმე მდგომარეობას ეხებოდა. თუმცა ახლა უკვე მეტი იყო დაინტერესება მშენებლობის ხარისხით და შესაბამისად, მონიტორინგის საკითხებით. მაშინ საუბარი იყო იმაზე, რომ პრიორიტეტი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ სანატორიუმებში მცხოვრებ დევნილებს მიენიჭებოდათ.

2010 წლის 22 ოქტომბერს დისკუსიის თემა განათლების სისტემის რეფორმები და გამოწვევები და დევნილი საზოგადოებისათვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა იყო, თუმცა ყოფითი პრობლემები და განსახლებასთან დაკავშირებული შეკითხვები ამ დისკუსიასაც უწყვეტ ფონად გასდევდა.

2011 წლის 9 მაისს წყალტუბოში მცხოვრები დევნილებისთვის კიდევ ერთი დისკუსია გაიმართა. ამჯერად მათ სანატორიუმ "შახტიორში" შევხვდით. მაშინ პირველად გაისმა ინფორმაცია, რომ "შახტიორით" უკვე ინტერესდებოდნენ ინვესტორები და იქ მცხოვრები დევნილები შესაძლოა პირველები ყოფილიყვნენ ჩართულები განსახლების პროცესში.

დისკუსიებს სხვადასხვა დროს ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვ. სვანეთის სამმართველოს უფროსი დავით აფციაური, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარა-გურიის რეგიონებში ზაზა ჩაჩავა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

23 დეკემბერს კიდევ ერთხელ ჩავდივართ წყალტუბოში. საინტერესოა, რა სურათი დაგვხვდება, რა შეიცვალა აქ მცხოვრები დევნილების ცხოვრებაში, რა შეკითხვები ან საფიქრალი აქვთ ჩვენი ამ ერთწლიანი შეხვედრების თავზე. დისკუსიის მოდერატორი ეკა ფირხალავა საზოგადოებას შეკრების მიზანს უხსნის და ამბობს, რომ დისკუსიის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდოს დევნილებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. დისკუსიის მომხსენებლები არიან: აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარა-გურიის რეგიონებში ზაზა ჩაჩავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნონა ქურდოვანიძე და სახალხო დამცველის იმერეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი თამთა ჩეჩელაშვილი. დისკუსიაზე დასწრებას შეგვპირდა ბატონი დავით აფციაური და სწორედ მისმა მოუსვლელობამ აუდიტორიის უკმაყოფილება გამოიწვია.  გამომსვლელებმა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, ამ დოკუმენტებით გათვალისწინებულ კონკრეტულ ღონისძიებებზე, მათ შორის განსახლების პროცესზე ისაუბრეს.

ზაზა ჩაავამ კიდევ ერთხელ აუხსნა შეკრებილ დევნილებს, რომ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია სამ ეტაპად ხორციელდება და პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ემსახურება. შეკითხვაზე, როდის შეასახლებენ სხვა სანატარიუმებში მცხოვრებ დევნილებს ახალ ბინებში, მის მიერ გაცემულ პასუხს, რომ ეს ჯერ ყველასთვის უცნობია, ასევე მოჰყვა უკმაყოფილება და კომენტარები დარბაზიდან, რომ თუ ამას ვერ შეიტყობდნენ, მაშინ მათ დასწრებას დისკუსიაზე აზრი არც ჰქონდა. გამოითქვა ვარაუდიც, რომ განსახლების პროცესი ჩიხშია შესული, რადგან დევნილთა უმეტესობის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

მომდევნო მომხსენებელმა, თამთა ჩეჩელაშვილმა განმარტა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები აკვირდებიან, თუ როგორ მიმდინარეობს დევნილთა განსახლების პროცესი წყალტუბოში და დევნილთა უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით  სახალხო დამცველის აპარატი  სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართავს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ნონა ქურდოვანიძემ  განსახლების  პროცესთან დაკავშირებულ იურიდიულ პროცედურებზე გაამახვილა ყურადღება. მათ დარბაზიდან დასმულ კონკრეტულ შეკითხვებსაც უპასუხეს.

სანატორიუმ "საქართველოში" გამართულ დისკუსიას სხვადასხვა სანატორიუმებში, "აიაში", "სავანეში", "ინტურისტში" მცხოვრები დევნილები ესწრებიან. "სავანეში" მცხოვრები დევნილებისგან ვისმენთ, რომ სანატორიუმი ავარიულ მდგომარეობაშია, ბოძები მორყეულია, ფილები ცვივა და შენობა ერთმა პატარა ბიძგმაც კი შეიძლება მთლიანად დაანგრიოს. აქ მცხოვრები რამდენიმე ოჯახი ფოთში გადასულა,  დანარჩენი ოცდაათამდე ოჯახი კი ყოველი დღის დადგომას დღემდე შიშით ხვდება. ამგვარი შეშფოთება ისმის სხვა სანატორიუმებში მცხოვრები დევნილების მხრიდანაც. დისკუსია მალე დასრულდა.  შეკრებილი დევნილები უკმაყოფილოები ტოვებდნენ დარბაზს, რადგან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე, კონკრეტულად მათ რა ბედი ელით, პასუხი არ მიუღიათ. როგორც ჩანს, მომხსენებლები ამ კითხვას ვერც გასცემდნენ პასუხს, რადგან ეს საკითხი მათთვისაც უცნობია. დისკუსიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ინფორმაციის ნაკლებობის და სახელისუფლებო სტრუქტურებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის პრობლემები.

წყალტუბოში რეგისტრირებულ დევნილთა 2300 ოჯახიდან 400-მდე ფოთში გადავიდა, ნაწილი ახალ, 352 ბინაზე გათვლილ, 6 ოთხსართულიან და 4 ხუთსართულიან კორპუსებში შეასახლეს. როგორც საუბრიდან ირკვევა, დანარჩენ სანატორიუმებში, ასეთი კი დაახლოებით ოცამდეა, მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ჯერჯერობით კვლავ სამომავლო გეგმის ნაწილად რჩება.

როგორია წყალტუბოს განვითარების პერსპექტივა ან რა ბედი ელით იქ მხოვრებ დევნილებს? ამას მომავალი გვაჩვენებს. 25 დეკემბერს წყალტუბოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეწვია. მან პრომეთეს მღვიმე გახსნა და ახალი სანატორიუმი "წყალტუბო - სპა რეზორტი" დაათვალიერა. პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი წლიდან წყალტუბო საერთაშორისო დონის კურორტი გახდება. "დღეს ჩვენ ვაცხადებთ წყალტუბოს აღორძინების პირველი ეტაპის დასაწყისს, რომლის დასასრული მომავალ წელს დადგება", განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.