ექს-პრეზიდენტი კოკოითი ისევ საქმეშია

ედუარდ კოკოითი

სამხრეთ ოსეთის ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდნენ: პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი გადადგა, მარტში დაინიშნება ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები, თანაც ოპოზიციონერ კანდიდატს ალა ჯიოევას ამ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემენ.

მიუხედავად კრემლის შუამავლობით მიღწეული ამ შეთანხმებისა, სიტუაცია რესპუბლიკაში ძალიან მყიფეა.

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი 10 დეკემბერს გადადგა. როდესაც ამის შესახებ ცხინვალის ცენტრში შეკრებილ მომიტინგეებს შეატყობინეს, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. საერთო-სახალხო ზეიმი მოეწყო. ისინიც კი გამოვიდნენ ქუჩაში, ვინც მომიტინგეთა პათოსს არ იზიარებდა. ერთმანეთს ეხვეოდნენ, კოცნიდნენ. "არ გვჯერა, რომ ეს ჭირი წავიდა", - ისმოდა ხალხში.

ცხინვალის ცენტრში მიტინგები უკვე ორ კვირაზე მეტია გრძელდება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალა ჯიოევამ გაიმარჯვა, თუმცა სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, რასაც ხალხი აპროტესტებს.

ჯიოევამ კრემლის კანდიდატთან, ანატოლი ბიბილოვთან ორთაბრძოლაში მოიგო, თუმცა ახლა ამ გამარჯვების დათმობა უწევს.

გადადგომის შესახებ განცხადება კოკოითმა 10 დეკემბერს მთავრობის სახლის ქორეოგრაფიულ დარბაზში გააკეთა. დარბაზი სავსე იყო. ხალხს უნდოდა საკუთარი თვალით ენახა, როგორ მიდის კოკოითი. მას სახეზე საზეიმო გამომეტყველება ჰქონდა და იღიმოდა, თითქოს ხაზს უსვამდა ამ მომენტის ისტორიულ მნიშვნელობას.

რესპუბლიკის ჰიმნი ჩართეს. ვიდრე სცენაზე სამხრეთ ოსეთის მეორე პრეზიდენტი ედუარდ ჯებეის ძე კოკოითი გამოვიდოდა, დარბაზში მსხდომი საზოგადოება 2001 წლის დეკემბერს იხსენებდა. სწორედ ამ წელს 18 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოვიდა კოკოითი ხელისუფლებაში. მაშინ მეორე ტურში მან ხმების 53 პროცენტით სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარე სტანისლავ კოჩიევი დაამარცხა და პრეზიდენტის თანამდებობაზე ლუდვიგ ჩიბიროვი შეცვალა. "მაშინაც თოვლი იყო მუხლებამდე, გახსოვს?" - იხსენებდნენ დარბაზში მსხდომნი.

კოკოითი სცენაზე გამოჩნდა.

მან მადლობა გადაუხადა დამსწრეებს და "მთელ ოს ხალხს" მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. რამდენიმე ჩინოვნიკი და სამართალდამცავი მეგობრობისა და სიმამაცისთვის ორდენებით დააჯილდოვა და რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელა.

მან თქვა, რომ რესპუბლიკაში ამჟამად რთული პოლიტიკური კრიზისია და რომ მან, ედუარდ კოკოითმა, ყველაფერი გააკეთა ამ კრიზისის თავიდან ასაცილებლად და ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად. მართალია, დარბაზში მისი მხარდამჭერები იყვ- ნენ, მაგრამ ამ სიტყვების ალბათ არავის სჯეროდა.

კოკოითი, რომელიც სამხრეთ ოსეთის სათავეში 10 წელი იყო, დან- გრეულ, რესპუბლიკას ტოვებს. 2008 წლის ომიდან სამი წლის შემდეგ, მიუხედავად სოლიდური რუსული დახმარებისა, რესპუბლიკაში თითქმის არაფერია აღდგენილი. ცხინვალი ნაცრისფერი, ტალახსა და დანგრეულ გზებში ჩაფლული ქალაქია, რომლის განვითარების პერსპექტივები ბუნდოვანია.

კოკოითის გადადგომა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კრემლის მიერ ინიცირებული მოლაპარაკებების შედეგია. "გუშინ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ე.წ. ოპოზიციასთან, სადაც მხარეებმა საკუთარ თავზე გარკვეული ვალდებულებები აიღეს," - განაცხადა პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში კოკოითმა რამდენჯერმე უწოდა ოპოზიციას "ეგრეთ წოდებული". მან თქვა, რომ ოპოზიცია ფინანსდება უცხო ქვეყნიდან. მართალია, ამ შეხვედრაზე მას საქართველო არ უხსენებია, მაგრამ მანამდე არაერთხელ უთქვამს, რომ ჯიოევას თბილისთან აქვს კავშირი.

იგი არწმუნებდა შეკრებილებს, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 27 ნოემბერს მიიღო, მაგრამ ხელი იმ რთულმა სიტუაციამ შეუშალა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა. "ახლა ვატყობ, რომ საზოგადოება კონსოლიდაციას ცდილობს და მზად ვარ, მშვიდად წავიდე.

"მე მივდივარ," - განაცხადა კოკოითმა საზეიმო ხმით, - "მე მივდივარ, რათა მომავალშიც ვემსახურო სამხრეთ ოსეთს და სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის კავშირის შემდგომ გაღრმავებას. ეს არის ჩემი ცხოვრების მიზანი".

მან წაიკითხა თავისი ბრძანება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და ასევე წაიკითხა მეორე ბრძანება, სადაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად პრემიერი ვადიმ ბროვცევი ინიშნებოდა.

ყველა გადაწყვეტილება, რომელიც კოკოითმა მიიღო, კრემლთან იყო შეთანხმებული.

კოკოითმა ყველას 25 მარტის ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და ბოდიში მოუხადა ყველას, ვისაც ამ წლების მანძილზე სამსახურებრივი საქმიანობის დროს აწყენინა.

ამავე დროს მან თქვა: "ყველას, ვინც გვლანძღავდა, უნდა ვუთხრა - ამ ხელისუფლებამ და პირადად მე - ედუარდ ჯებეევიჩმა ძალიან ბევრი გავაკეთეთ. მე მათ ვპატიობ ამ ლანძღვას. ღმერთმა შეუნდოთ".

დასასრულს მან წამოიძახა "გაუმარჯოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას!"

ოსური ტრადიციის თანახმად, კოკოითს ლუდით სავსე ხის კასრი მიართვეს, რომელიც მან მთლიანად გამოცალა. ისევ დაუკრეს ჰიმნი, უკვე ექს-პრეზიდენტმა ხელები მაღლა ასწია და სწრაფი ნაბიჯით სცენას გაეცალა.

ხალხი მას ტაშს უკრავდა. დარბაზში მხოლოდ მისი მხარდამჭერები იყვნენ.

ამ დროს ტაშს უკრავდნენ ცენტრალურ მოედანზეც, სადაც მომიტინგეებს კოკოითის გადადგომის შესახებ ცნობა მიუტანეს. მოედანზე დიდი კასრები იდგა, სადაც ცეცხლი ენთოთ და ხელებს ითბობდნენ.

შეთანხმების თანახმად, ოპოზიცია კოკოითის გადადგომისთანავე უნდა დაშლილიყო, მაგრამ მოედანზე ამ ამბავს ზეიმობდნენ და აბა, როგორ დაიშლებოდნენ.

თუმცა, როგორც გაირკვა, საზეიმო ბევრი არაფერია. კოკოითი რესპუბლიკიდან წასვლას არ აპირებს. გადადგომამდე მან საკონსტიტუციო სასამარ- თლო აამოქმედა, რომელიც მანამდე სამხრეთ ოსეთში არ ფუნქციონირებდა. სასამართლოს თავმჯდომარედ თავისი ნათესავი - ელდარ კოკოევი დანიშნა. ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება კოკოითის ხელისუფლებაში დარჩენის ნიშნად აღიქვა. მართლაც, კოკოითი დაუღალავად იმეორებს, რომ რესპუბლიკიდან წასვლას არ აპირებს, ეს კი ბევრს აფიქრებინებს, რომ ედუარდ ჯებეევიჩი მომავალშიც შეეცდება გავლენა მოახდინოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ფაქტია, რომ კოკოითი ვერ ხედავს საკუთარ თავს სამხრეთ ოსეთის ფარგლებს მიღმა. და ამ პერსპექტივას ვერ ხედავს მისი უახლოესი გარემოცვაც, რომელიც ყველანაირად შეეცდება კოკოითს ქვეყნიდან წასვლაში ხელი შეუშალოს. კოკოითისთვის ახლა მთავარი ამოცანაა, ნებისმიერი გზებით მყარ პოზიციებზე დარჩეს. რამდენიმე დღის წინ იგი ტელევიზიით გამოვიდა და ხალხს მიმართავდა, როგორც ერის ლიდერი, რომელიც ყოველთვის მის გვერდით იქნება. ამგვარი გამოსვლებით იგი ცდილობს ხალხი დაარწმუნოს, რომ კარგად არის და რომ ისევ ყველაფერს აკონტროლებს.

არადა, ხალხი მისით უკვე დაიღალა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ მაინც შეასრულა დანაპირები. ხალხი ქუჩაში აღარ დგას, მაგრამ სიტუაცია ქვეყანაში კვლავ დაძაბულია. ხალხი მორალურად მზადაა, ისევ დაუპირისპირდეს რეჟიმს.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.