ამ დღეებში თბილისში ქორწილი გაიმართა, რომელმაც მთავრობისა და მედიის ძალისხმევის შედეგად, სიმბოლური დატვირთვა შეიძინა. აფხაზი პატარძალი და ქართველი სიძე - ამ შთამბეჭდავი მისტერიის ავტორების აზრით, ეს წყვილი ზედმიწევნით განასახიერებდა ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პათოსსა და აზრს. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება შეექმნებათ მათ, ვინც ამ ქორწილის შესახებ სიუჟეტს „რუსთავი 2“-ზე უყურა.
ბედნიერ წყვილს უკვე გამოუყვეს ბინა თბილისში და საეთერო სივრცე - მედიაში.
სტილისტურად და შინაარსობრივად საბჭოურ სტილში აგებული სიუჟეტი საქართველოს პრობლემების ადმინისტრაციულ-ტელევიზიური გზით გადაწყვეტის ძალიან გულუბრყვილო ხედვაა. როგორც ჩანს, ამ ხედვას თბილისში ბევრი მიმდევარი ჰყავს, თუმცა - ყოველგვარი რეალური საფუძვლის გარეშე.
ძალიან საეჭვოა, რომ ქორწილის ასეთ დონეზე რეკლამირებამ რაიმე დადებითი იმპულსი შესძინოს საქართველოსა და აფხაზეთის შერიგების პერსპექტივას. მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არაა.
ამ უცნაურ ისტორიაში ბევრი სხვა დეტალიც მოიკოჭლებს. ბინა, რომელიც ხელისუფლების “საჩვენებელ მოწყალებად” იქცა, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გადაწყვეტის წარმატებულ მაგალითად ვერ გამოდგება. მეტიც, ბევრი მათგანი, ვფიქრობ, შეურაცხყოფილიც დარჩებოდა იმით, თუ რა ადვილად გაიღო ხელისუფლებამ ძვირფასი კვადრატული მეტრები პრიმიტიული პროპაგანდისთვის. ადრე, ერთმა ქართველმა დევნილმა ბინის მისაღებად პროტესტის ნიშნად პირიც კი ამოიკერა, თუმცა ბინა მაინც ვერ მიიღო. როგორც ჩანს, აგრესიულ აგიტაცია-პროპაგანდას წარმატებული სურათის დახატვა ურჩევნია. საქართველოს რეალური მიღწევების (რომელთა არსებობას ვერ უარყოფ) აბსოლუტიზება ხდება, წარუმატებლობები კი საგულდაგულოდაა მიჩქმალული. ასე, მაგალითად, ქართული პოლიციის იდეალურად აწყობილი აპარატი არა მარტო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური მუშაობის, არამედ ზეწოლის იდეალურ საშუალებაც გახდა: დემონსტრაციების დარბევითა და ბიზნესზე ზეწოლით დაწყებული, “გონივრულად საეჭვო” მოქალაქეების სატელეფონო საუბრების მოსმენებით დამთავრებული.
მედიისა და ადმინისტრაციული რესურსების ამ გზით გამოყენება უნიკალური ქართული მოვლენა სულაც არ არის. აფხაზეთშიც იგივე ხდება, ოღონდ სპეციფიკა ცოტა განსხვავებულია.
რესპუბლიკის ახალ სიმბოლოდ „როსნეფტის“ ბენზინგასამართი სადგურები იქცა, როგორც უფროსი ძმის ხელშეწყობით ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების დამამტკიცებელი საბუთი. მართლაც, ზედაპირზე სწორედ ეს იკითხება, თუმცა უფრო ღრმა ჩანაფიქრი სხვა არის: რუსეთის ნავთობკომპანიის აბრების გამოფენით, რესპუბლიკის ლიდერები, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავით კმაყოფილებას გამოხატავენ. ისინი ხომ კრიმინალური გზებით რესურსების გადანაწილების ელიტარული რუსული კლუბის წევრები გახდნენ.
ხოლო აფხაზეთის რეალური სიმბოლოები, რომლებსაც დღეს მედია და ადმინისტრაციული რესურსი საგულდაგულოდ ჩქმალავს, სულ სხვაა. მაგალითად, დღევანდელი აფხაზეთის ჭეშმარიტ სიმბოლოდ შეიძლება, ჩაითვალოს ქონების ჩამორთმევის ფაქტები; პრიმიტიული კორუფცია, რომელსაც მისი ღიაობისა და გულუბრყვილობის გამო, სჯობს, თაღლითობა დავარქვათ; უუნარო სასამართლო სისტემა; ძლიერ მეზობელთან დადებული კოლონიალისტური შეთანხმებები.
თუმცა აფხაზური აგიტაცია-პროპაგანდა ქართულისგან იმით განსხვავდება, რომ იგი აგრესიული არ არის. იგი იშვიათად ასხამს ხოტბას აფხაზური სამოთხის მიღწევებს და უფრო ცხოვრების ბნელი მხარის მიჩქმალვაზეა ორიენტირებული.
სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.