გამყიდველი ვინაა?

გენპროკურატურის ინფორმაციით, ნევოლინმა აფხაზური პასპორტი უცნობი შუამავლისგან 2007 წელს შეიძინა და ამ საქმეში 300 ათასი რუსული რუბლი გადაიხადა. “შავ ბაზარზე” აფხაზური პასპორტის ასეთი სიძვირე იმითაა გამოწვეული, რომ ამ პასპორტის გარეშე რესპუბლიკაში უძრავ ქონებას ვერ იყიდი. ნევოლინსაც სხვა რა უნდოდა, პასპორტის შეძენიდან რამდენიმე დღეში გუდაუთაში სახლი შეიძინა.

რამდენიმე კვირით ადრე აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა, რომ გამქრალია აფხაზური პასპორტების დიდი პარტია, რაც ინვენტარიზაციამ გამოავლინა.

ერთადერთი გზა, რომლითაც ამ პასპორტების კვალს შეიძლება მიაგნონ, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის გაკონტროლებაა. ისინი ყველა ნოტარიულ კანტორას აკონტროლებენ, სადაც აფხაზეთში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული შეთანხმებები იდება.

აფხაზეთი იმდენად პატარა რესპუბლიკაა, რომ ადრე თუ გვიან ასეთი დოკუმენტების მფლობელები ნელ-ნელა ამოტივტივდებიან. ერთი ასეთი კონსტანტინ ნევოლინია. მის კვალს ზუსტად ნოტარიულ კანტორაში მიაგნეს.

იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა პასპორტების მყიდველები გამოავლინეს, მაგრამ გამყიდველებს ერთხელაც ვერ ჩაავლეს. ცხადია, რადგან ვიღაც უკანონოდ ყიდულობს აფხაზურ პასპორტს, სადღაც მისი გამყიდველიც არსებობს. თუ სამართალდამცავებმა მათ კვალს ვერ მიაგნეს, უკანონო პასპორტებთან ბრძოლა უსასრულოდ გაიწელება.

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ქვეყანამ ბევრი ახალი “თანამოქალაქე” გაიცნო - მათ შორის, ქართველი კანონიერი ქურდებიც, რომლებმაც სხვადასხვა ხერხით აფხაზური პასპორტების შეძენა მოახერხეს.

მიუხედავად ცალკეული შემთხვევების გახშირებისა, ჯერ არ დასახელებულა საპასპორტო სამსახურის არცერთი თანამშრომელი, რომელიც ამ სქემაშია ჩართული და პასპორტებს უკანონოდ გასცემს. “გამოძიება მიმდინარეობს”, - საქმიანად ამბობს პროკურორი, თითქოს საქმე ტრამვაის ბილეთის გადამყიდველს ეხებოდეს და არა სახელმწიფო პასპორტს, რომელსაც ნომერიც აქვს, სერიაც, გაცემის თარიღიც, და ბოლოს და ბოლოს, იმ პირის ხელმოწერა, რომელმაც ეს დოკუმენტი გასცა. ამის გამოსაძიებლად არ არის საჭირო შერლოკ ჰოლმსი იყო.

ცხადია, გამყიდველები იმიტომ ვერ იპოვეს, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს. პრობლემა ის კი არ არის, რომ ვინმეს საპასპორტოს თანამშრომლის ეშინია, უბრალოდ, იციან, თუ ამ თანამშრომელს კედელთან მიაყენებენ, იგი ალაპარაკდება.

ამ საქმესთან დაკავშირებული ადამიანთა წრე აშკარად ძალიან დიდია. ცხადია, პასპორტებით უკანონოდ ვაჭრობის ბიზნესში, სადაც ერთი ეგზემპლარი 300 ათასი რუბლი ღირს, მთავარი მოქმედი პირები საპასპორტოს რიგითი თანამშრომლები არ არიან.

დაუსჯელად პასპორტის უკანონო გაყიდვა ერთხელ ან ორჯერ მოხერხდება, მაგრამ მის დიდ ბიზნესად ქცევას მაღალი მფარველები სჭირდება, თანაც ყველა სტრუქტურაში - მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მზად არიან კი საგამოძიებო ორგანოები ეს კვანძი გახსნან? უფრო “არა”, ვიდრე “კი”. რადგან თუ ამ სქემას ბოლომდე ჩაეძიები, შეიძლება აფხაზეთის მთელი კორუფციული სისტემა ამოქექო, რომლის წყალობითაც დღეს ქვეყანა იმართება.

ეს რევოლუციის ტოლფასია. რევოლუცია კი არ გვჭირდება. როგორც  ჩვენთან “ზემოთ” უყვართ გამეორება - “რეფორმები რეფორმებისთვის ჩვენ არ გვჭირდება”.

მოკლედ, ჯერჯერობითმხოლოდ“ნევოლინებს” ვებრძვით, გამყიდველები ვერვიპოვეთ. აფხაზურიპასპორტი კიაქაურიბიზნესისმნიშვნელოვან წყაროდიქცა.