უმაღლესი სასწავლებლის 51 წლის პედაგოგის, ოპოზიციური გაზეთის "პოზიციის" რედაქტორის სახლში სამხრეთი ოსეთის "კა-გე-ბე"-მ იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების დიდ მარაგს მიაგნო.
ფატიმა მარგიევა დღეს ცხინვალის საპყრობილეში იმყოფება და სასამართლოს განაჩენს ელის. მისი დაპატიმრების ამბავმა ცხინვალის მოსახლეობა შეაშფოთა, მაგრამ ღია პროტესტის გამოხატვას ცოტა ვინმე თუ ბედავს.
მარგიევას სახლში იარაღი მართლაც ინახებოდა. თუმცა, რესპუბლიკაში, რომელმაც წელიწად-ნახევრის წინ ომი გადაიტანა, იარაღს თითქმის ყოველ მეორე სახლში იპოვით.
ეჭვი არავის ეპარება, რომ მარგიევა ედუარდ კოკოითის პირადი პატიმარია და მხოლოდ იმის გამო ისჯება, რომ მწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლებასა და თავად კოკოითის.
მარგიევა კოკოითის მოსკოვური ოპოზიციური ფორუმის ერთ-ერთი წევრია. ცოტა ხნის წინ მან მშობლიურ ქალაქში დაბრუნება გაბედა და გაზეთ "პოზიციის" გამოცემას შეუდგა.
მისი რედაქტორობით ამ გაზეთის ფურცლებზე ღიად ქვეყნდებოდა მასალები პრეზიდენტ კოკოითის თვითნებობის, ცხინვალის რეაბილიტაციისთვის რუსეთიდან გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვისა და მისი რეჟიმის სხვა დანაშაულებების შესახებ. მარგიევა მუდმივად აკეთებდა საჯარო განცხადებებს, სადაც მოუწოდებდა რუს ლიდერებს, ყურადღება მიექციათ რესპუბლიკაში "კოკოითის აღვირახსნილობისთვის".
ეს ძალიან არ მოსწონდა ავადმყოფურად პატივმოყვარე კოკოითის.
მას შეეძლო მარგიევას იგნორირება, რადგან ცხინვალში ჟურნალისტებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს, რეალურად, არავითარი ბერკეტი არ აქვთ და ხალხის აყოლიებაც არ შეუძლიათ. არსებული რეჟიმის ყველას ეშინია. თუმცა, კოკოითი სხვაგვარად მოიქცა - მან ბრძანება გასცა და ფატიმა საპყრობილეში აღმოჩნდა.
მის სახლში ნაპოვნი იარაღი, რომელიც რეალურად მის 32 წლის შვილს ეკუთვნის, ფ. მარგიევას გზიდან მოშორების მიზეზად იქცა.
პირად საუბრებში ცხინვალში ყველა აღიარებს, რომ მარგიევა საკუთარი კრიტიკული გამონათქვამებისთვის იხდის სასჯელს.
ფატიმას კოლეგა ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ მარგიევა მან სხვების გასაჩუმებლადაც გამოიყენა, რათა მომავალში არავინ გაბედოს მისი კრიტიკა.
თუკი ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ კოკოითის წინააღმდეგ მებრძოლი ფატიმა მარგიევა, ოდნავადაც კი პროქართულადაა განწყობილი, ძალიან ცდება. სამხრეთ ოსეთში ასეთები თითქმის არ არიან. მარგიევა სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის უფრო მიზანმიმართული მომხრე გახლავთ, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტი.
კრემლმა კოკოითს მოქმედების სრული თავისუფლება მისცა, მაგრამ აშკარაა, რომ უკვე ნანობს ამას და არ იცის, რა მოუხერხოს. კოკოითის განუკითხაობა კი სერიოზულ ჩრდილს აყენებს რესპუბლიკაში რუსეთის რეპუტაციასაც.
კოკოითის ბრძანებით, მარგიევას სასამართლო პროცესზე რუსი ადვოკატები არ დაიშვებიან, ადგილობრივები კი, რეპრესიების შიშით, უარს ამბობენ მის დაცვაზე. სასამართლო უკვე ორჯერ გადაიდო.
სამხრეთი ოსეთის სასამართლო სისტემა ისეა აწყობილი, რომ მთლიანად კოკოითის მიერ კონტროლდება. რუსეთს ეს ამბავი სრულიად გამორჩა მხედველობიდან.
ამ ფონზე, თავად ფატიმა მარგიევა სანიმუშო სიმამაცეს ამჟღავნებს - შიმშილობა გამოაცხადა და გადაწყვეტილი აქვს, ბოლომდე იბრძოლოს.
მარგიევას მხარდასაჭერად ცხინვალში მცირე პიკეტი მოეწყო, რომლის ორგანიზატორები გაზეთ "21-ე საუკუნის" რედაქტორი ტიმურ ცხურბათი და ცხინვალელი გრიგორი ძასოხოვი იყვნენ. მათ გარდა, პიკეტში კიდევ სამი ადამიანი მონაწილეობდა. მოპიკეტეებს ორი პლაკატი ეკავათ. ერთი - "თავისუფლება ფატიმა მარგიევას"; და მეორე - "სააკაშვილი ზრუნავს საქართველოს შეიარაღებაზე და ვინ ზრუნავს ოსეთის განიარაღებაზე?"
აქ არ იყვნენ არც იმ უნივერსიტეტის თანამშრომლები, სადაც მარგიევამ მრავალი წელი იმუშავა. როცა მათ გაიგეს, რომ ფატიმას მხარდასაჭერად პიკეტი ეწყობოდა, თქვეს, - "ჩვენ ვერ მოვალთ, არ გვცალია, ლექციები გვაქვს".
ხელისუფლება მთელი ძალით იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და მის მიერვე კონტროლირებადი ტელევიზიით ცდილობს, ფატიმა მარგიევა საშიშ ტერორისტად გამოიყვანოს.
ამ ყველაფრის უკან კი ჯანსაღი პროცესი მოჩანს - სამხრეთ ოსეთში გამოჩნდა ხუთი კაცი, რომლებმაც ერთი საათი წვიმასა და ქარში გაატარეს კოკოითის რეჟიმის გასაპროტესტებლად. ეს უკვე დიდი მიღწევაა. გაიზრდება თუ არა საპროტესტო ტალღა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, პირველ რიგში - რუსეთის პოზიციაზე.
სტატიაში გამოყენებული ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და არა "ლიბერალს" და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდს.
გედევან პრონევი - ცხინვალში მოღვაწე თავისუფალი ჟურნალისტის ფსევდონიმი.