კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ: თანასწორობა, კანონმდებლობა, რეალობა

კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ: თანასწორობა, კანონმდებლობა, რეალობა

კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ: თანასწორობა, კანონმდებლობა, რეალობა

გენდერული პოლიტიკა, ფემინისტური ანალიზი და დისკურსი ყოველთვის წარმოადგენდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას როგორც გერმანიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ფონდის თითოეული საერთაშორისო ბიუროს მიზანი დღემდე პატრიარქალური სტრუქტურების,  ძალაუფლებისა და დომინირების გენდერული თვალსაზრისით კრიტიკის ხელშეწყობა და მისი ზეწოლის წინააღმდეგ ბრძოლაა. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მუშაობა ვრცელდება ყველა დონეზე: სოციალური ურთიერთობები, პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, საჯარო სფერო.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროც ფოკუსს აკეთებს გენდერულ პრობლემატიკაზე. თანასწორობის კულტურის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული ფონდის სხვადასხვა პროექტები და აქტივობები.

საქართველოში, საზოგადოებრივი ცნობიერების გაუმჯობესების თვალსაზრისით, პროგრესი შეინიშნება, მაგრამ გენდერული სტერეოტიპები მაინც ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას. არც თუ იშვიათად, საჯარო სფეროში ჩანან სოციალური ჯგუფები, რომლებიც ძველ გენდერულ როლებსა და პრივილეგიებს იცავენ და აძლიერებენ იმ არგუმენტით, რომ ეს ყველაფერი ქართული ტრადიციული და რელიგიური იდენტობის საფუძველია. ძალიან სუსტი და არაპოპულარულია გენდერული დისკრიმინაციის, ქალთა მიმართ ძალადობისა და შრომით უფლებებთან დაკავშირებული დისკუსიები.

„ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენცია“ ქალის უფლებების შესახებ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო იურიდიული დოკუმენტია, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა.  კონვენცია ეხება ქალების გაძლიერებას, თანასწორუფლებიანობას და აყალიბებს ნორმატივებს ამის მისაღწევად,  ავალდებულებს სახელმწიფოს მისცეს ქალს თანასწორობის უფლების რეალურად გამოყენების საშუალება. კონვენცია შეიცავს 16 არსებით მუხლს და ფოკუსირდება სამ მნიშვნელოვან მიმართულებაზე - ქალის სამოქალაქო უფლებები და ლეგალური სტატუსი, რეპროდუქციული უფლებები და კულტურული ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ გენდერულ ურთიერთობებზე. სპეციფიკური მუხლები ეხება ქალების თანაბარ უფლებებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, განვითარების, ეკონომიკური ცხოვრების, დასაქმების, საოჯახო და ქორწინებით ურთიერთობები და სხვა სფეროებში.  გაერთიანებული ერების შეფასების თანახმად, კონვენცია ადამიანის უფლებების დაცვის ერთადერთი ხელშეკრულებაა, რომელიც იცავს ქალთა რეპროდუქციულ უფლებებს და სწორედ კულტურასა და ტრადიციას  განიხილავს გენდერული როლებისა და საოჯახო ტრადიციების მაფორმირებელ ძალებად.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები კონვენციას დღემდე წარმატებულად იყენებენ, de-facto თანასწორობის მისაღწევად მომავალშიც დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო.  კონვენციის ძირითადი მოთხოვნების და მათ შესრულებაზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გაცნობიერების  თვალსაზრისითაც სამოქალაქო საზოგადოებას ახალი სტრატეგიების შემუშავება დასჭირდება.

სწორედ ამ პრობლემატიკის  გათვალისწინებით, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ განახორციელა პროექტი „CEDAW - თანასწორობა, კანონმდებლობა, რეალობა“, რომლის ფარგლებშიც არაერთი ტრენინგი და შეხვედრა ჩატარდა აქტიური, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ახალგაზრდების მონაწილეობით. მათ შეისწავლეს კონვენციის კონკრეტული მუხლების დარღვევის ფაქტები და აღწერეს თავიანთ ნაშრომებში. წარმოდგენილ ბროშურაში სწორედ ეს ისტორიებია თავმოყრილი იმის ნათელსაყოფად, თუ რამდენად შეესაბამება ქართული სინამდვილე კონვენციის მოთხოვნებს და რამდენად ვახერხებთ გენდერული დისკრიმინაციის თანასწორობის კულტურით შეცვლას.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება