ქუთაისი, 11 ოქტომბერი, 2013
ქუთაისში გამართული დისკუსია ორი ძირითადი მიმართულებით, საქართველოში გიგანტური ჰესების მშენებლობებსა და ქალაქების გამწვანება-რეკრეაციულ განვითარებაზე მოქალაქეთა გავლენის შესაძლებლობებზე მსჯელობას მოიცავდა.
პირველი მომხენებელი დავით ჭიპაშვილი იყო, ასოციაცია „მწვანე ალტარნატივას“ წარმომადგენელი, რომელმაც ხუდონ ჰესის მშენებლობის ეკოლოგიურ და პოლიტიკურ ასპექტზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა რომ ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხუდონ ჰესის გარეშე საქართველო კვლავ სიბნელის დროში დაბრუნდება. არის დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფასდება პროექტის მიზანშეწონილობა როგორც ინვესტორის, ასევე ქვეყნისთვის მის სარგებლიანობათან დაკავშირებით. დავით ჭიპაშვილის თქმით - „საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომ შეწყდებოდა ხუდონის მშენებლობა, თუმცა დღეს სამინისტრო და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ჰესი აშენდეს“. მისი თქმით, ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ამ შემთხვევაში ინვესტორისგან შემოსული თანხებია და არა იმ სოფლების ბედი, რომლებიც ჰესის აშენების შემთხვევაში შესაძლოა განადგურდეს. „პრაქტიკული სარგებლიანობა ამ შემთხვევაში ნაკლებია ვიდრე საბიუჯეტო შემოსავალი“ -აღნიშნა დავით ჭიპაშვილმა. იგივე პათოსით გააგრძელა მოხსენება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ენერგეტიკოსმა ომარ ზივზივაძემ, რომელმაც საქართველოში მომუშავე და ასაშენებელი დიდი ჰესების სიმძლავრეები, ეკონომიკური მოგება, ელექტროენერგიის გამომუშავება, ადამიანთა დასაქმება, საბიუჯეტო მოგება და სხვა მონაცემები მსოფლიოში არსებული დიდი ჰესების სიმძლავრეებს შეადარა. „ჰიდროელექტრო სადგურები, რომელიც საქართველოში შენდება და დიდ ჰესებად არიან მიჩნეული, სინამდვილეში გაცილებით მეტი რესურსების ხარჯზე, შედარებით დაბალ ენერგიას გამოიმუშავებენ“ - აღნიშნა ომარ ზივზივაძემ. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ხუდონჰესის მშენებლობას აქვს დადებითი მომენტი მდინარე ენგურის წყლის ორჯერადი გამოყენების ხარჯზე, რადგან ამ შემთხვევაში სხვა ბუნებრივი წიაღისეული (ნახშირი, ნაცარი, ხე-ტყე) არ იკარგება და ჰიდროენერგიის გამომუშავება წყლის ენერგიაზეა დამოკიდებული.
განსხვავებულ საკითხზე გააკეთა მოხსენება ნატა ფერაძემ, რომელიც პარტიზანული მებაღეობის სამოქალაქო ჯგუფს წარმოადგენს. მან დებატებზე დამსწრეებს გააცნო ის აქტივობები, რასაც თბილისში ნატა და მისი მეგობრები აკეთებენ გამწვანებისა და ახალი ნარგავების გაშენების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ დიდია ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობა, „პარტიზანული მებაღეობის“ წევრები თბილისის უბნებში რგავენ ხეებს და მათი შენარჩუნებისთვის სხვადასხვა აქციებს, პროტესტს და ქმედებებს მიმართავენ. ნატა ფერაძემ მაგალითად კუს ტბის ტერიტორია მოიყვანა, სდაც თბილისის თვითმმართველობისა და ინვესტორის „ძალისხმევით“ მნიშვნელოვანი ნარგავების დიდი ნაწილი განადგურდა და პარტიზანული მებაღეობის ქსელმა, რომელიც ფეისბუქით შეიქმნა, ხელახლა დარგო და შემდგომ პატრონაჟი გაუწია ისეთი ჯიშის ნერგებს, რომელთა არსებობა აუცილებელია ეკოლოგიური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ნატა ფერაძემ წარმოადგინა ”პარტიზანული მებაღეობის“ მიერ ჩატარებული სამუშაოების ამსახველი ფოტომასალა და მოუწოდა ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოებას, ჩაერთონ პარტიზანული მებაღეობის ქსელში და იზრუნონ ქალაქის გამწვანებაზე.
ქალაქის მწვანე საფარი, შექმნილი პრობლემები და რეკრეაცია იყო მწვანეთა მოძრაობის წევრისა და ორგანიზაცია „სამნის“ ხელმძღვანელის თემურ კეპულაძის მოხსენების თემა. მან წარმოადგინა მოძრაობა „დავასუფთავოთ საქართველოს“ მიერ ჩატარებული აქციის შედეგები. ასევე ისაუბრა იმ მტკივნეულ საკითხზე, რომელიც ქალაქის არასწორი ურბანული დაგაგმარების შედეგად მოჭრილ ხეებს, გაჩეხილ პარკებს და მიტოვებულ სკვერებს შეეხება. ვინ არის ვალდებული იზრუნოს ქალაქის მწვანე საფარზე, რატომ ჭრიან ხეებს, რატომ არ არის საზოგადოება და სახელმწიფო დაინტერესებული ქალაქების მწვანე ფილტვების მოსავლელად, რა სარგებელი და ზიანი მოაქვს დიდი ჰესების მშენებლობას საქართველოსთვის? ეს იყო მთავარი შეკითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა სცადეს მომხსენებლებმა ქუთაისში, 11 ოქტომბერს გამართულ დებატებზე.