პატრიოტული საზოგადოება

თემურ ცხოვრებოვი

უკვე თითქმის თვეა, სამხრეთ ოსეთში ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება ცოტა ხნის წინ ჰოლანდიაში გამართული ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმი და მასზე მიღებული მიმართვა ჟენევის დისკუსიების მონაწილეებისადმი. 2008 წლის ომის შემდეგ ჟენევის დისკუსიები მოლაპარაკებათა  ერთადერთ სივრცეს წარმოადგენს, სადაც ერთმანეთს ხვდებიან საქართველოს, სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებისა და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მიმართვაში ლაპარაკია იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში მცხოვრებთა ჰუმანიტარული პრობლემები არ უნდა იყოს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი და პრიორიტეტული თანმიმდევრობით უნდა გადაწყდეს: პირველ რიგში - რეგიონში თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა.

თავისთავად არც თავად სამოქალაქო ფორუმი და არც იქ თქმული სიახლეს არ წარმოადგენს. ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმი ჯერ კიდევ 2007 წელს გაჩნდა, ხოლო ჟენევისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები, უკვე დიდი ხანია, ყბად აღებული აქვთ იქაურ მოლაპარაკებათა მონაწილეებს: მასზე ლაპარაკობენ ქართველიც და ოსი პოლიტიკოსებიც - ზოგი ღიად, ზოგიც კულუარებში, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, წერენ ჟურნალისტები.

სიახლე მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ ასეთი რეკომენდაციები პირველად გაისმოდა ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან. და ამან ქარიშხალი გამოიწვია.

პოსტკონფლიქტური დარეგულირების დარგში სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის, ბორის ჩოჩიევის წამოწყებით, ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს ამ “მოღალატეობრივი განცხადების” მხილება და თავად ქართველებთან შეხვედრის ფაქტის გამო აღშფოთება.

კულმინაციად იქცა პარლამენტის დეპუტატების მიერ 24 ივლისს ფორუმის ერთ-ერთი მონაწილის, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტის, ჟურნალისტისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ტიმურ ცხოვრებოვის ცემა.

მომხდარმა სკანდალმა ცხადყო არამარტო ხელისუფლებისა და მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულება ქართულ-ოსური ურთიერთობების შესახებ საჯარო მსჯელობისადმი, არამედ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტთა რადიკალური განწყობაც - მათი, ვინც თითქოს მეტ-ნაკლებად ტოლერანტული უნდა იყოს.

ოცწლიანი კონფლიქტის მანძილზე ადამიანები მიეჩვივნენ ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის პირობებში ცხოვრებას: ყველა სიტყვის აწონ-დაწონასა და ყველა საქციელზე დაფიქრებას - მტერმა შეიძლება ნებისმიერი სისუსტით ისარგებლოს. მაგრამ ახლა, 2008 წლის ომის შემდეგ ადგილობრივი მაცხოვრებლები იმაზე თანხმდებიან, რომ რეგიონში რუსული ჯარის შემოსვლით თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

თუმცა, “მტრის ხატის” ექსპლუატირებას ხელისუფლება მაინც განაგრძობს.

რაც იმაზე მეტყველებს, რომ სამხრეთოსეთი ჯერ არ არის მზად მშვიდობიანი ცხოვრება დაიწყოს. ფორუმის განცხადებაზე ხელისუფლების ასეთი მწვავე რეაქცია მის სისუსტეზე მიუთითებს. “მტრის ხატი” საზოგადოების მართვის მოხერხებული ხერხია, რომლის ხელიდან გაშვება კოკოითის არ სურს. ნებისმიერი განსხვავებული აზრი აქ მოღალატეობად აღიქმება. 

განუვითარებელი ინფრასტრუქტურის მქონე, პატარა რესპუბლიკაში თითქმის ყველა პრობლემა ასე თუ ისე კონფლიქტს უკავშირდება, ამიტომ საზოგადოებრივი აქტივისტები თვითცენზურით არიან დაკავებულები: ისინი მზად არიან, შეზღუდონ თავიანთი სიტყვები და მოქმედებები. ახლა ზოგიერთი აქტივისტი ამბობს, რომ პრინციპში ეთანხმება იმას, რაც ქართულ-ოსური ფორუმის განცხადებაშია ნათქვამი, თუმცა ამის ხმამაღლა თქმის “დრო ახლა არ არის”. ისევე, როგორც ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია მზადაა, თითოეული უცხოური კონტაქტი, პროექტი და მოგზაურობა აუცილებლად ხელისუფლებას შეუთანხმოს.

არცთუ დიდ ტრადიციულ საზოგადოებაში, სადაც თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს, საზოგადო მოღვაწეები პრობლემების გადასაჭრელად ძირითადად პირად ურთიერთობებს ეყრდნობიან, და არა - სამართლებრივ მექანიზმებს. რესპუბლიკაში დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების არარსებობა ადამიანთა უფლებების დაცვის საშუალებას არც საზოგადოებრივ სივრცეში იძლევა.

სამხრეთ ოსეთში ოფიციალურად დარეგისტრირებულია ასამდე საზოგადოებრივი ორგანიზაცია, თუმცა აქტიურად ათზე მეტი არ მუშაობს. ნაწილობრივ ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ საერთო ტენდენციას ასახავს: დასავლეთის მხრიდან აქტიურმა საგრანტო მხარდაჭერამ 1990-იან წლებში მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოშვა - უმუშევრობის პირობებში ბევრისთვის ეს დასაქმების ერთგვარ ფორმას წარმოადგენდა. უმეტესწილად ეს იყო “ფართო პროფილის” მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც სამშვიდობო სფეროში იღვწოდნენ.

ახლაც თითქმის შეუძლებელია ბევრი არასამთავრობო  ორგანიზაციის საქმიანობის ზუსტად განსაზღვრა - ისინი სულ სხვადასხვა პრობლემებით არიან დაკავებულები; ისევე როგორც ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება ერთდროულად იყოს საზოგადოებრივი აქტივისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი ან სახელმწიფო მოხელე. ბუნებრივია ასეთი გადაკვეთები ხშირად ინტერესთა კონფლიქტამდეც მიდის, რისი მაგალითიც იყო ტიმურ ცხოვრებოვთან დაკავშირებული სიტუაცია - ის, როგორც პოლიტიკოსი, საკუთარ სამართლებრივ აქტიურობაზე აღმოჩნდა დამოკიდებული. მსგავსი სიტუაცია სრულიად დამახასიათებელია მცირე საზოგადოებებისთვის და 30-ათასიანი მოსახლეობის მქონე რესპუბლიკისთვის თავისი ახსნაც აქვს - აქტიური ადამიანი ძალიან ცოტაა და ისინი ერთდროულად რამდენიმე ნიშას იკავებენ.

მწვავედ დგას არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხიც - ადრე გრანტების უმრავლესობა საქართველოს გავლით შემოდიოდა. ახლა კი დასავლური ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსებასაც კი სიფრთხილით ეკიდებიან: დასავლეთი ჩვენი მტერია.

რისკზე წამსვლელები კი ბევრ პრობლემას აწყდებიან: არამხოლოდ პოლიტიკურს - დონორთა მხოლოდ მცირე ნაწილია მზად, დახმარება იმ პირობის გარეშე გამოყოს, რომ სამხრეთი ოსეთი საქართველოს ნაწილად მოიაზრებოდეს. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან სუსტია საიმისოდ, რომ დამოუკიდებელად დიდ საერთაშორისო ორგანიზაციებში ხარისხიანი განაცხადების შეტანა შეძლონ.

თანაც, ძირითადად იმ პროექტებს უჭერენ მხარს, რომლებიც კონფლიქტთანაა დაკავშირებული. შიდა პრობლემების გადასაწყვეტად მიმართული პროექტებისთვის სახსრების მოპოვება საკმაოდ რთულია.

ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფინანსური მხარდაჭერა შეუძლიათ მიიღონ მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა არასამთავრობოებმა.

როგორც წესი, ასეთი ორგანიზაციები წარმოადგენენ სამხრეთ ოსეთს მრავალ საერთაშორისო შეხვედრაზე, და ხელისუფლებისთვის მისაღებ პოზიციას გამოხატავენ; მათი წევრები კი ზოგჯერ სახელმწიფო მოხელეები ან სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან. რუსეთიდან დაფინანსება სამოქალაქო სექტორისთვის ან საერთოდ არ არის, ან ამ დახმარების იმედი ისევ მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებულ არასამთავრობოებს უნდა ჰქონდეთ.

სამხრეთი ოსეთის სამოქალაქო საზოგადოება ძალიან სუსტადაა დაკავშირებული რუსეთის მესამე სექტორთან: აქ სულ რამდენიმე რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის 2008 წლის ომიც კი სრულ მოულოდნელობას წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთი ოსეთის სამოქალაქო საზოგადოება ახლა ჩამოყალიბების ყველაზე ადრეულ ეტაპზე იმყოფება. ის, თუ როგორ მოიქცევიან საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ტიმურ ცხოვრებოვთან დაკავშირებულ კონფლიქტში - პრინციპული საკითხია. და მართალია, საზოგადოებაში ბევრისთვის მიუღებელია მომხდარი ძალადობა, უმრავლესობისთვის ჯერ კიდევ სათუოა, მზად არიან თუ არა, საჯაროდ ამხილონ თავად ტიმურის ცემის ფაქტი.

სტატიაში გამოყენებული ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და არა “ლიბერალს”.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.