ფოთი და წყალტუბო: დევნილების ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში

Კითხვის დრო: 2 წუთი

2012 წლის 3 და 4 ივნისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ შეხვედრები გამართა ფოთსა და წყალტუბოში. მრგვალი მაგიდა ორგანიზებული იყო ფონდის მიერ ინიცირებული პროექტის „დევნილების ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში“ ფარგლებში. პროექტის მიზანია დევნილების მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის გაზრდა და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში დევნილებთან დაკავშირებული პრობლემატიკის ასახვა.

შეხვედრების ძირითადი მომხსენებლები მკვლევარი დავით ჯიჯელავა და ფსიქოლოგიის დოქტორი ეკატერინე ფირცხალავა იყვნენ, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას ორი უახლესი კვლევის შედეგებზე ესაუბრნენ. დავით ჯიჯელავამ აუდიტორიას ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) კვლევა „ახალგაზრდების განვითარება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში“ წარუდგინა. ეკატერინე ფირცხალავამ ისაუბრა ევროპის როლზე კონფლიქტის ტრანსფორმაციაში, სადაც ძირითადად საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები განიხილა.  

ფოთში 3 ივნისს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ფოთის ახალ რაიონში ჩასახლებული დევნილები, ფოთში მცხოვრები დევნილები და ადგილობრივი ახალგაზრდები, ასევე მედიის წარმომადგენლები. დისკუსიისას დევნილი ახალგაზრდების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კონფლიქტის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულმა საკითხებმა, თუმცა ეს საკითხი ასევე საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ადგილობრივი ახალგაზრდებისათვისაც.  კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის გზებზე საუბრისას რამდენიმე პრობლემა წამოიჭრა, რაზეც გულისტკივილით ისაუბრეს დევნილებმა: „ტრავმა, რომელიც ჯერ კიდევ მოუშუშებელია“; ორივე მხარეს არსებული სახელისუფლებო პროპაგანდა, რომელიც უფრო აშორებს, ვიდრე აახლოებს აფხაზებსა და ქართველებს; საქართველოდან დანახული დამახინჯებული რიტორიკა აფხაზი მოზარდებისთვის - ქართველი, როგორც აფხაზის მტერი; საქართველო, როგორც უმნიშვნელო მოთამაშე რუსეთისა და ევროპის ფონზე; დევნილებსა და ადგილობრივებს შორის ჯერ კიდევ არსებული ინტეგრაციის პრობლემები. ორსაათიანი დისკუსიის ერთგვარი დასკვნა და დევნილი ახალგაზრდების მოწოდება, საკუთარ თავში გარკვევა და სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკის გატარების აუცილებლობა იყო.

მეორე შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა, რომელსაც არა მარტო ახალ დასახლებაში მცხოვრები დევნილები, არამედ წყალტუბოს ადგილობრივი მოსახლეობა და სანატორიუმებში მცხოვრები დევნილებიც დაესწრნენ. ამჯერადაც ძალიან საინტერესო და ცხელი დისკუსიის საგანი კონფლიქტის ტრანსფორმაციის თემა აღმოჩნდა. დევნილებმა ევროპის როლზე საუბრისას, ნატოსკენ საქართველოს სწრაფვასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე იმსჯელეს; დასვეს შეკითხვები: რამდენად დაცულია საქართველო რუსეთთან ომისგან, თუ ის კვლავ გააგრძელებს ევროპისკენ და ზოგადად, ნატოსკენ სწრაფვას; რამდენად დიდია საქართველოსთვის რუსეთიდან საფრთხეები; რამდენად განსხვავებულია 2008 წლამდე არსებული სიტუაცია და დღევანდელი რეალობა.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ფოთსა და წყალტუბოში დევნილებთან დისკუსიების გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს. პროექტის „დევნილების ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში“  ფარგლებში დევნილებსა და პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის შეხვედრების თემა, სხვა აქტუალურ თემებთან ერთად, კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის გზებზე დისკუსიაც იქნება.