ახალგაზრდა ქალი თვალმოუშორებლად შესცქეროდა ტელევიზორს. ტკივილამდე ნაცნობი სურათი მეორდებოდა. ქართული ტანკები. სააკაშვილი. სიტყვები: ინტერვენცია, ოკუპაცია, რუსები, ცხინვალი, თბილისი…
თვალწინ 2008 წლის აგვისტოს კადრები დაუდგა. სარდაფში გატარებული ჯოჯოხეთური დღეები და საათები - აფეთქებების ხმა, ქართული ტანკები ცხინვალში, პატარა შვილი მშიერ-მწყურვალი. მეგობარმა დამირეკა, კიოდა, - "იმედზე" გადართე, ომი იწყებაო! ქართული ცუდად მესმის. ყურებს არ ვუჯერებდი. არ ვიცოდი, რა მექნა. ბავშვს უკვე ეძინა. კანკალმა ამიტანა, მთელი სხეულით ვძაგძაგებდი. ომის შემდეგ ნერვები საერთოდ არ მივარგა. დავიწყე ქმართან და ნათესავებთან რეკვა. არავინ არ მპასუხობდა. გიჟივით დავრბოდი, საბუთები მოვძებნე, ბარგის ჩალაგება დავიწყე.
როგორც იქნა, ჩემი ქმარი დამიკავშირდა, მითხრა, - ყველაფერი კარგადაა, სიწყნარეაო. არ დავუჯერე. უკვე ისტერიკა მქონდა, თავს ვერ ვაკონტროლებდი. ამ დროს მეზობლის ქალი შემოვარდა, "ნუ გეშინია, ეს ყველაფერი დადგმული ყოფილაო", - 25 წლის ცხინვალელ ზარინა ფუხაევას ამის შემდეგ აღარაფერი ახსოვს - გული წაუვიდა. მერე კი ნერვიული შეტევით საავადმყოფოში მოხვდა.
დღეს ცხინვალში უფრო ყურადღებით ადევნებენ თვალს ქართულ ტელეარხებს, ვიდრე ეს ომამდე იყო. ვინც ცოტაოდენი ქართული მაინც იცის, ცდილობს არ ჩამორჩეს ქართულ შიდაპოლიტიკურ სიახლეებს, რათა უწინდელივით მოუმზადებლები არ შეხვდნენ ომს; საკუთარი თავიც გადაირჩინონ, ნათესავებიც და ყველა, ვინც 2008 წლის აგვისტოში ასე დაუცველი იყო. სწორედ ამიტომ "იმედის" სიუჟეტმა წარმოუდგენელი პანიკა გამოიწვია ცხინვალში. ინფორმაცია ელვის სისწრაფით მოედო პატარა ქალაქს.
შეუძლებელია სიტყვებით იმის გადმოცემა, რაც ცხინვალში "იმედის" მოდელირებული სიუჟეტის ეთერში მსვლელობის დროს ხდებოდა.
წყნარი საღამო დაარღვია ცნობამ იმის შესახებ, რომ თავს დაესხნენ პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის, ასევე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც.
სიუჟეტში ამბობდნენ, რომ ტანკები ცხინვალის, თუ გორის მიმართულებით გადაადგილდებიან.
აღელვებული ადამიანები ერთმანეთს ურეკავდნენ, რის გამოც, სატელეფონო კავშირი თითქმის გაწყდა. იმ 30-მა წუთმა, როდესაც სიუჟეტი მიმდინარეობდა, ყველა 2008 წლის აგვისტოში დააბრუნა.
"მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა, - ნეტა ეს რაიმე სწავლება იყოს, ნეტა 2010 წლის 13 მარტი მსოფლიოსთვის 1941 წლის 22 ივნისად არ იქცეს. გონებაში შესაძლო ვარიანტებს განვიხილავდი - თუ აშშ ჩაერევა, ეს გარდაუვალი მესამე მსოფლიო ომია. თითქოს ჩემი შიშების დასტურად, "იმედი" სწორედ ბარაკ ობამას და უცხო ქვეყნების ელჩების კომენტარებს უჩვენებდა", - ჰყვება ლარისა ცხოვრებოვა.
როდესაც გაირკვა, რომ ეს მხოლოდ ინსცენირება იყო, დაისვა კითხვა - "ვის და რაში დასჭირდა ამის გაკეთება?" ეს ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა ცხინვალში, როგორც რიგით მოქალაქეებს შორის, ისე ხელისუფლების დონეზეც.
სხვადასხვა დონის ანალიტიკოსები, უკვე ერთი კვირაა, ბჭობენ, რომ მეტ-ნაკლებად მართალ პასუხს მიაგნონ. სამხრეთი ოსეთის საზოგადოების აზრი ცალსახაა - თუკი საქართველოში ომზე ლაპარაკობენ, ეს ნებისმიერ შემთხვევაში სამხრეთ ოსეთსაც ეხება. ოსები, მხოლოდ წელიწად-ნახევარია, შედარებით მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრობენ. ეს ძალიან მცირე დროა შიშის გადასალახად - მათ ათჯერ უფრო მეტ ხანს იცხოვრეს საომარ მდგომარეობაში.
სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებელი ექსპერტი გენადი კოკოევი მიიჩნევს, რომ, აშკარა პროპაგანდისტული მიზნის გარდა, ამ სიუჟეტის დანიშნულება ისიც იყო, რომ საქართველოს მიერ ოსეთთან და აფხაზეთთან კონფედერაციის შექმნის იდეა შეემოწმებინათ."საქმე ისაა, რომ ტელეკომპანიის ვირტუალურ სცენარს ქვეტექსტად ახლდა იდეა, რომ სამხრეთი ოსეთისა და საქართველოს ხალხებს შორის არსებულ პრობლემას მხოლოდ ორივე ქვეყნის მოქმედი ლიდერების ჩამოშორება თუ მოაგვარებს. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ არაადეკვატური პრეზიდენტის - სააკაშვილის ოპოზიცია - ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი - ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, არათუ ამ ხალხების შერიგებას შეძლებენ, არამედ სამხრეთი ოსეთისთვის კონფედერაციული ურთიერთობების შეთავაზებით - "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც", - ამბობს კოკოევი.
"უფრო დიდი ალბათობა არსებობს, ვივარაუდოთ, რომ ამ აქციის დამკვეთთა მიზანი იყო, პირველ რიგში, მოვლენათა ასეთი განვითარების სცენარის "გათამაშება", და, შესაძლოა, გაფრთხილებაც; მეორე - ოპოზიციონერების პოზიციის შერყევა, მათთვის "პრორუსული განწყობის" დაბრალებით; და მესამე - საქართველოში ძლიერი ანტირუსული მუხტის შენარჩუნება. რამდენად ეფექტურად განხორციელდა პირველი ორი მიზანი, ამას მომავალი გვიჩვენებს. ხოლო რაც შეეხება რუსოფობიას, მისი მორიგი ამოფრქვევა ქართულ საზოგადოებაში ალბათ უკვე აპოგეას მიაღწევს. ამ ფონზე ზემოთ ხსენებული ოპოზიციონერების რეიტინგის დაცემა პრაქტიკულად გარდაუვალია", - მიაჩნია მას.
ოფიციალურმა ცხინვალმა მაშინვე განაცხადა, რომ "იმედის" მიერ გადაცემული მასალა პროვოკაციაა რუსეთის წინააღმდეგ:
"სააკაშვილი პანიკაშია. მას ისღა დარჩა, რომ ქართველი და რუსი ხალხი ერთმანეთს გადაჰკიდოს", - განაცხადა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საქმეში ოსეთის პრეზიდენტის პოლიტიკურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა.
თავის მხრივ, სამხრეთი ოსეთის მეთაური ედუარდ კოკოითი ამბობს, რომ ეს პოლიტიკური პროვოკაციაა, რადგან ამ ინფორმაციას სამხრეთი ოსეთის საზღვრებთან დამატებითი ქართული ძალების მობილიზება მოჰყვა.
"შესაძლოა, ეს საქართველოს მხრიდან უბრალოდ გარკვეული ქმედებების დამუშავება იყო სამხრეთი ოსეთის მიმართ", - აღნიშნა კოკოითიმ.
მხოლოდ ვარაუდი შეიძლება არსებობდეს იმაზე, თუ რა მიზანი ჰქონდათ მოდელირებული საინფორმაციო გამოშვების ავტორებს. თუმცა, უკვე ცხადია ის, რომ ამ სიუჟეტმა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის არსებული განხეთქილება კიდევ მეტად გააღრმავა.
საქართველომ კიდევ ერთხელ - თუნდაც ვირტუალურად, შეძლო ოსი ხალხის დაშინება. აგვისტოს ომის დროინდელი ჭრილობები "იმედის" სიუჟეტის შემდეგ თავიდან გაიხსნა. სამხრეთი ოსეთის დაზაფრული მოსახლეობისთვის კი ტელეარხის მიერ მოხდილი ბოდიშები ვერაფერი ნუგეშია. თუმცა, ალბათ ამ ბოდიშის ადრესატები ჩვენ არც ვართ.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და გამოყენებული ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს, და არა "ლიბერალს" და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდს