საბჭოთა წარსულის გააზრება

ქვეყნაში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად ერთ-ერთი წინაპირობა მისი ტოტალიტარული წარსულის გააზრებაა. სწორედ ამ მიზნით, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ახალი ინიციატივაა საქართველოს საბჭოთა წარსულის შესწავლა და გააზრება, რომლის ფარგლებშიც ფონდი 2009 წლიდან პარტნიორებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად იკვლევს ქვეყნის ტოტალიტარულ წარსულს და ხელს უწყობს საზოგადოების ჩართულობის გაზრდას ამ რთული საკითხის ირგვლივ დისკუსიაში.

დასახული მიზნის მისაღწევად ბიოლის ფონდმა dvv international-ის კავკასიისა და თურქეთის რეგიონალურ ოფისთან ერთად, აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ და გამოცდილ პარტნიორებთან სამომავლოდ ამ მიმართულებით წამოწყებული პროექტების ფარგლებში სათანამშრომლოდ, 2009 წლის 9-10 ნოემბერს თბილისში ორგანიზება გაუკეთა საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „ტერორის ტოპოგრაფია - საქართველოს საბჭოთა წარსულის ისტორიის გააზრება (სტალინიზმი, ტოტალიტარიზმი, რეპრესიები)“ (იხ. ინგლისური ვერსია).

საერთაშორისო კონფერენციის შედეგად საკითხით დაინტერესებული საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის პირველი პროექტის მიზანი გახდა  სტალინიზმის, ტერორისა და რეპრესიების თემებზე მუშაობის და კვლევის შედეგად შეექმნათ თბილისში განხორციელებული საბჭოთა ტერორისა და რეპრესიების ამსახველი დოკუმენტური და საგანმანათლებლო მარშრუტი. 2010 წლის 29 მარტს ჯგუფი  არასამთვრობო ორგანიზაციად - „საბჭოთა წარსულის კვლევის  ლაბორატორია“ (სოვლაბი) დარეგისტრირდა.

2010 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისა და dvv-international-ის მხარდაჭერით სოვლაბმა თავისი პირველი პროექტი - „წითელი ტერორის ტოპოგრაფია“ განახორციელა. პროექტის ფარგლებში მომზადდა თბილისში არსებული იმ შენობებისა და ადგილების მარშრუტი/რუქა, რომლებიც საბჭოთა წარსულს, ტერორსა და რეპრესიებს უკავშირდება.

2010 წლის 1-2 ივლისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა პარტნიორებთან ერთად (dvv international, სოვლაბი, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საზოგადოება მემორიალი (მოსკოვი, რუსეთი)) ორგანიზება გაუკეთა საერთაშორისო ვორკშოპს იმ ექსპერტებისა და მკვლევარების მონაწილეობით, რომლებსაც თავიანთ ქვეყნებში მსგავს საკითხებზე მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ. ვორკშოპში მონაწილეობა მიიღეს ესტონეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მარტ ლაარმა, ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ლატვიის ოკუპაციის მუზეუმის, ლიტვის გენოციდისა და წინააღმდეგობის კვლევითი ცენტრის, და ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საზოგადოება მემორიალის (რუსეთი) წამომადგენლებმა.  მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭერდნენ  საერთაშორისო კონსორციუმს გორში სტალინის მუზეუმის შესაქმნელად. მაღალი დონის პოლიტიკური მხარდაჭერა შესაძლებელს გახდიდა გორში მუზეუმისა და კვლევითი ცენტრის შექმნას, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა კომუნიზმის დანაშაულობების კვლევასა და შესწავლაზე. ამ ცენტრის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ ამჟამინდელი სტალინის მუზეუმი იქნებოდა.

ვორკშოპის ერთ-ერთი შედეგი ახალი საპროექტო იდეაც გახდა, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და dvv international-თან  პარტნიორობით სოვლაბმა 2010 წელს განახორციელა. პროექტის მიზანი 2011 წლის თემატური კალენდრის შექმნა იყო, რომელიც ძველი თბილისის იმ სახლებს, შენობებსა და ქუჩებს ასახავდა, სადაც საბჭოთა წარსულის ყველაზე რეპრესიულ ეპოქაში  „დიდი ტერორის“ პერიოდში რეპრესიები განხორციელდა.

 საბჭოთა წარსულის გააზრების საპროექტო მიმართულების ფარგლებში 2011 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა თანამშრომლობა დაიწყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), რომელიც საბჭოთა წარსულს საარქივო მასალების, ზეპირი ისტორიებისა და სხვა შესაბამისი მასალების შესწავლით იკვლევს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს დაფინანსებით IDFI-მ განახორციელა პროექტი „საარქივო დოკუმენტების კრებულის გამოქვეყნება“ (საარქივო დოკუმენტები საქართველოში 1956 წლის 5-9 მარტს განვითარებული მოვლენების შესახებ). პროექტის პრეზენტაციას ბიოლის ფონდმა 2011 წლის 25 მარტს უმასპინძლა.

2011 წლიდან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან პროექტის ფარგლებში „სტალინური სიები საქართველოდან“ თანამშრომლობს. პროექტს ასევე აფინანსებს შვეიცარიის საელჩო საქართველოში. პროექტის მიზანი საქართველოში 1937-1938 წლებში განხორციელებული „დიდი ტერორის“ მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციის მოძიება, კვლევა და გაანალიზებაა, რის საფუძველზეც შეიქმნება პუბლიკაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც სტალინის და პოლიტბიუროს წევრების ხელმოწერით სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს. საქართველოდან სტალინური სიებით რეპრესირებულთა რიცხვი 3600 ადამიანს აღწევს. პროექტს ასევე მხარს უჭერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პარტნიორი ორგანიზაცია ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საზოგადოება მემორიალი (მოსკოვი, რუსეთი), რომელმაც მკვლევართა ჯგუფს საქართველოდან სტალინური სიების შესახებ  მნიშვნელოვანი მასალა, ხოლო ბიოლის ფონდს სხვადასხვა პუბლიკაციები გადასცა საჩუქრად. პუბლიკაციები ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

2012 წლის 11 ივნისს გოეთეს ინსტიტუტმა თბილისში გამოფენას - 1937-1938 წლების რეპრესიები: „სტალინური სიები საქართველოდან“ უმასპინძლა, სადაც პროექტის ფარგლებში მოპოვებული და შესწავლილი დოკუმენტები და ვიზუალური მასალა იყო გამოფენილი. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ შვეიცარიის საელჩო საქართველოში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ადმინისტრაცია.